ახალი ამბები

კერძო პირების ინიციატივაა, რომელიც “ოცნებასთან” შეთანხმდა – მდინარაძე ენმ-ის საწინააღმდეგო ბანერებზე

19 ნოემბერი, 2018 • 1310
კერძო პირების ინიციატივაა, რომელიც “ოცნებასთან” შეთანხმდა – მდინარაძე ენმ-ის საწინააღმდეგო ბანერებზე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თბილისში დამონტაჟებული ენმ-ის საწინააღმდეგო ბანერები გამოიკრა კერძო პირების ინიციატივით, თუმცა, “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით:

“ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ, მათ ეს გააკეთეს ჩვენზე ადრე. ეს არის პიარის ნაწილი, რომელშიც ისინი ჩაერთნენ. ანტიპიარზეა საუბარი. მე მგონია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ეს არ უნდა გაუკვირდეს იმიტომ, რომ მათი პიარკამპანიის 99% აგებულია ნეგატიურ პიარზე. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ეს არის კერძო პირების ინიციატივა, რომელიც ასევე შეთანხმდა ჩვენთან,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 19 ნოემბერს, განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ინიციატივა იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს წნეხი განიცადეს:

“ეს იყო კონკრეტული ადამიანების ინიციატივა, იმ ადამიანებისა, რომლებმაც განიცადეს წნეხი ნაციონალური მოძრაობიდან. ესენი არიან რეპრესრებული ადამიანები და აქედან გამომდინარე სრულიად გასაგებია, ისინი ინვესტიციას დებენ იმაში, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდეს ნაციონალური მოძრაობა,” – თქვა კობახიძემ.

თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბანერები გუშინ გამოჩნდა. “არა ნაცებს, არა ბოროტებას!” – ვკითხულობთ ბილბორდებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, ნიკა გვარამია და სხვები არიან გამოსახულნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი