უმუშევრობის დონე III კვარტალში 0.06 პროცენტული პუნქტით გაიზარდა — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი მონაცემების თანახმად, 2018 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.06 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.18 პროცენტი შეადგინა.

I კვარტალში უმუშევრობის დონე 14.02% იყო, II კი — 12.12%.

უმუშევრობის დონე საქართველოში, %. ილუსტრაცია: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2018 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64.3 პროცენტი შეადგინა.

ილუსტრაცია: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის თანახმადვე, წინა კვარტალთან შედარებით, მოსახლეობის აქტიურობის დონე და დასაქმების დონე გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით — 64%-დან 64.3%-მდე.

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 0.9 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

2018 წლის III კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 48.8 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა კვარტალთან შედარებით.

ილუსტრაცია: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო საქალაქო დასახლებებში – 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ილუსტრაცია: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალებში გაიზარდა 0.9 პროცენტული პუნქტით, კაცებში კი შემცირდა 0.7 პროცენტული პუნქტით.

ილუსტრაცია: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აქტიურობის დონე მნიშვნელოვნად მაღალია კაცებში. 2018 წლის III კვარტალში აქტიურობის დონე ქალებში – 56.1 პროცენტს, ხოლო კაცებში  73.9 პროცენტს შეადგენდა. წინა კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში, ისე კაცებში, შესაბამისად, 0.4 და 0.2 პროცენტული პუნქტით.

ილუსტრაცია: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2018 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დასაქმების დონე ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 0.7 პროცენტული პუნქტით.

ილუსტრაცია: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.