პირველი არხის რედაქტორმა ვაშაძესთან დაკავშირებით ქარტიის ორი პრინციპი დაარღვია – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გიორგი ვაშაძის განცხადება ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპი დაარღვია.

დეკანოიძის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ. სადავო მასალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა სათაურით “გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე – ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს”.

ვაშაძის თქმით, მას არ უთქვამს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მკურნალობაზე თანხა არ უნდა იხარჯებოდეს და არც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები შეუდარებია “შავი ხვრელებისთვის”, რაც პოლიტიკოსის თქმით, გადაცემაში მისი საუბრის მთლიან კონტექსტში კარგად ჩანს.

ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ სათაური მანიპულაციური იყო, ვინაიდან შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს გიორგი ვაშაძე აკრიტიკებს სახელმწიფოს მიერ „მომაკვდავი ადამიანის“ მკურნალობის იდეას. ქარტიის საბჭოს განცხადებით, გადაცემაში გიორგი ვაშაძე ნეგატიურად აფასებდა სახელმწიფოს იმ მიდგომას, რომლის თანახმადაც მნიშვნელოვანი სახსრები არ ხმარდება დაავადების პრევენციას, რათა თავიდან იქნას აცილებული ან/და შემცირებული ფატალური შედეგი.

ქარტიის საბჭოს განცხადებით, გიორგი ვაშაძე საზოგადოებას სთავაზობდა თავის ხედვას, თუ როგორ შეიძლება მძიმე შედეგების შემცირება ხარჯების ეფექტურად გამოყენების გზით. საბჭოს აზრით, იმის გამო, რომ ჟურნალისტი სათაურში კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას იყენებს, ვაშაძის გამონათქვამი იცვლის აზრს და აუდიტორიას განსხვავებულ შთაბეჭდილებას უქმნის.

ამასთან, საბჭომ ხაზი გაუსვა სათაურის მნიშვნელობას და თქვა, რომ “ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური ცალკე ჟურნალისტური პროდუქტად უნდა განიხილებოდეს. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სათაური ზუსტად გადმოსცემს სტატიაში მოყვანილ ფაქტებსა და მოსაზრებებს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ ტექსტის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში”

გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილდა იმის შესახებაც, რომ სტატიის გამოქვეყნების დროს საქართველოში იყო წინასაარჩევნო პერიოდი და გიორგი ვაშაძე არჩევნების პროცესში ჩართული პოლიტიკური ძალის ლიდერი იყო, შესაბამისად, მისი პოზიციების მიმართ არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ყურადღება:

“მის ნებისმიერ მოსაზრებას შესაძლოა გავლენა მოეხდინა ამომრჩევლის არჩევანზე. ამასთან, სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციის გაზიარებისას აბსოლუტურ უმრავლესობაში დარჩა შთაბეჭდილება, რომ აუდიტორიის დიდ ნაწილს მხოლოდ სათაური ჰქონდა წაკითხული და ამ გზით მიღებული ცნობის საფუძველზე აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ განმცხადებელს” – ვკითხულობთ ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ვაშაძე დავობდა მეხუთე პრინციპზეც (შესწორება), ვინაიდან რედაქტორისთვის მიმართვის მიუხედავად, ტექსტი არ გასწორდა. ქარტიის განცხადებით, ეს ფაქტი ირინა დეკანოიძემაც დაადასტურა და თქვა, რომ გიორგი ვაშაძეს შესთავაზა გაეგზავნა საკუთარი პოზიცია, რომელსაც ასევე განათავსებდა ვებგვერდზე.

საბჭომ მიიჩნია, რომ ასეთი შეთავაზება არ შეესაბამება შესწორების სტანდარტს, რომლის თანახმად, პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე. “მედიამ ინფორმაცია უნდა შეასწოროს მაშინვე, როგორც კი ცნობილი გახდება მისთვის ამ შეცდომის შესახებ და საჭირო არ უნდა იყოს სპეციალურად მიმართვა. ამასთან, გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს, თუ რა გასწორდა და არასწორი ინფორმაციის შემცველი ჟურნალისტური პროდუქტი აღარ უნდა იძებნებოდეს”, – აღნიშნავს საბჭო.

გარდა სიზუსტისა და შესწორების პრინციპისა, გიორგი ვაშაძე დავობდა ქარტიის მეშვიდე და მეთერთმეტე პრინციპის დარღვევაზეც, თუმცა საბჭომ ამ ორი პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

არ მითქვამს, რომ მძიმე პაციენტზე თანხა არ უნდა იხარჯებოდეს – ვაშაძე GPB-ს ქარტიაში უჩივის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.