ახალი ამბები

ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალები გაუნულდება – ბახტაძე

19 ნოემბერი, 2018 • 4984
ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალები გაუნულდება – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 19 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერენ.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, 700 000  მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში და სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას მოკლებულია. პრემიერის თქმით, მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები როგორც საბანკო, ასევე, არასაბანკო სექტორთან და მათმა უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის სესხების ამომღებმა ბიუროებმა“, გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა.”

“მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის ფონდ “ქართუს”. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებობა. შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს. საუბარია 600 000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციების  თუ სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც, ჯამში, შეადგენს დაახლოებით  მილიარდ-ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე.

“მიმდინარეობს მუშაობა მევალეთა რეესტრის ბაზებზე, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და  31 დეკემბერს დასრულდება.  600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს. ამ 600 ათასი მოქალაქის ვალდებულების განულების შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება”, – განაცხადა პრემიერმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი