ახალი ამბები

სააკაშვილი ისევ იმეორებს “ებრაელ აფერისტს”

19 ნოემბერი, 2018 • 4291
სააკაშვილი ისევ იმეორებს “ებრაელ აფერისტს”

“რუსთავი2”-თან ინტერვიუს დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ებრაელ აფერისტად” მოიხსენია პიარის ისრაელელი სპეციალისტი მოშე კლუგჰაფტი, რომლის შესახებაც ამავე ტელეარხმა სიუჟეტი 17 ნოემბერს მოამზადა.

“3 მილიარდი ლარი გააკეთა ბოლო 2 წელიწადში საბანკო მანიპულაციებით [ივანიშვილმა], მევახშეობით და ქართველი ხალხის ძარცვით. შეიძლება 5 კილო კარტოფილივით რაღაცა გადმოუგდოს ქართველ ხალხს, 50 ლარი, 100 ლარი ვიღაცას.

გეუბნება, ახლა ამ 50 ლარს, 100 ლარს შეგიმსუბუქებ და მომეცი კიდევ 6 წელი თქვენი უმოწყალო ძარცვისთვის. ჩვეულებრივი ულტრაკორუმპირებული არსებაა. თვითონ იყო ბანკირი, თვითონ ძარცვავდა ჩვენს ხალხს სულ ცოტა ხნის წინ.

გარდა ამისა, მინდა ვთქვა რომ ხაინდრავას მისცა 3 მილიონი, რომ კამპანიაში ჩაერთოს, აგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს, მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას”, – თქვა მან.

“რუსთავი2”-ის სიუჟეტში კლუგჰაფტი “შავი პიარის და ყალბი ახალი ამბების მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტად” არის დახასიათებული. ტელეკომპანიის ცნობით, სპეციალისტი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ისრაელსა და ავსტრიაში ჩატარებული არჩევნების წინ კონკრეტულ პარტიებთან თანამშრომლობდა.

“რუსთავი2” იუწყება, რომ პიარის სპეციალისტი ამჟამად საქართველოშია და მმართველ პარტიასთან ერთად მუშაობს წინასაარჩევნოდ.

სააკაშვილმა კლუგჰაფტის შესახებ ფეისბუქ პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც სპეციალისტი “ისრაელელ აფერისტად” მოიხსენია და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” მის წინააღმდეგ კამპანიას სწორედ მოშე კლუგჰაფტთან ერთად ახორციელებს.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი ებრაელს და სიტყვა “აფერისტს” ერთ კონტექსტში ახსენებს.

მიმდინარე წლის ივნისში, მიხეილ სააკაშვილმა “აფერისტ რუს ებრაელად” მოიხსენია “ქართული ოცნების წევრი შოთა შალელაშვილიც, რის გამოც მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი ანტისემიტიზმსა და რასიზმში დაადანაშაულა.

მოგვიანებით, აღნიშნულზე განცხადება გაავრცელა სამოქალაქო პლატფორმამ “არა ფობიას!”. პლატფორმაში შემავალმა NGO-ებმა განცხადება ქსენოფობიურად შეაფასეს და განმარტეს,  რომ  “ამა თუ იმ უარყოფითი მახასიათებლების მიწერით მან დამამცირებელ კონტექსტში წარმოაჩინა ებრაელები”.

არასამთავრობოების კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხა სააკაშვილმა. მან განცხადებას სიცრუეზე აგებული უწოდა. “არაფობიას” მას ჩეჩნებზე გაკეთებული განცხადების გამოც აკრიტიკებდა და მესამე პრეზიდენტის სექსისტურ განცხადებაზეც აპელირებდა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის წინააღმდეგ, თუმცა სააკაშვილმა NGO-ებს მხოლოდ ქსენოფობიის საკითხზე უპასუხა, სექსიზმზე – არა.

“აი, ეს არასამთავრობო, არა მხოლოდ რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს “იცავს” ჩემგან, არამედ ამ “დაცვაში” ნათლად გამოსჭვივის ქართველი ერის, როგორც მრავალეთნიკური ერთობის მიმართ, დისკრიმინაციული მიდგომა. მთელი განცხადება აგებულია სიცრუეზე და ყველაფრის უკუღმა წარმოდგენაზე. ტექსტის შემდგენელებისგან შეგნებულადაა ამოღებული კადიროვი და ამით ცდილობენ ჩემს მიერ ნათქვამი აზრის დამახინჯებას… ხაზგასმით ვიმეორებ-კადიროვის ჩეჩნეთი არის ისეთივე საშიში, როგორც პუტინის კაცთმოძულე მმართველობა. ის, რომ რუსეთიდან ჩამოყვანილი აფერისტი შალელაშვილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იჯდეს და ჩვენ ქვეყანას არ უნდა ძარცვავდეს, და,რომ ის თავისი ეთნიკური წარმომავლობის ხაზგასმით, ვერ მოიპოვებს უფლებას, დაკავდეს საეჭვო საქმიანობით, სრულიად ნათელია ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი გააჩნია. განცხადება დაწერილია არაკეთლსინდისიერად და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან”, – აცხადებდა სააკაშვილი.

2017 წელს, როდესაც სააკაშვილი უკრაინაში ოპოზიციური აქტივიზმით იყო დაკავებული, მან კამპანიის პრესმდივანი თანამდებობიდან სწორედ ანტისემიტური პოსტის გამო გაათავისუფლა. სააკაშვილის პრესმდივანმა პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კრიტიკისას ისრაელური გვარით, ვალცმანით მოიხსენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი