ახალი ამბები

ავტოავარიის შემდეგ, მიხეილ გიორგაძე მართვით სუნთქვაზე, კლინიკაში რჩება

18 ნოემბერი, 2018 • 4235
ავტოავარიის შემდეგ, მიხეილ გიორგაძე მართვით სუნთქვაზე, კლინიკაში რჩება

17 ნოემბერს მომხდარი ავტოავარიის შემდეგ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ისევ ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმის ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე, მრავლობითი მოტეხილობებით,  მართვის სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა კი – სტაბილურად მძიმე.

“ჩატარებული გამოკვლევებით, დიაგნოსტირებულია თავის ტვინის დაჟეჟილობის სურათი, ასევე გულმკერდის დახურული ტრავმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით და ფილტვის ქსოვილის დაჟეჟილობით, ასევე მენჯის ძვლების მოტეხილობით. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამ ეტაპზე, მეტნაკლებად, სტაბილური. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და მიმდინარეობს ინტენსიური თერაპია”, – უთხრა TV პირველს კლინიკის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გაფრინდაშვილმა.

მიხეილ გიორგაძე ავტოავარიაში გუშინ, 17 ნოემბერს, ყვარელში მოჰყვა. ის ავტომობილს თავად მართავდა და მანქანაში მარტო იმყოფებოდა. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, გიორგაძემ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა, შეჯახების შედეგად კი დაზიანებები მიიღო.

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი