აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერი და 10 აქტივისტი შესაძლოა ორი თვით დააპატიმროს

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია სახალხო ფრონტის ლიდერი ალი ქერიმლი და მასთან ერთად 17 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ათი აქტივისტი მასობრივი აქციების წესების დარღვევაში არიან ბრალდებული. ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება ან ფულადი ჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის შსს ავრცელებს.

პოლიცია აცხადებს, რომ მიტინგი არ იყო სანქცირებული.

ჰასანლი და ქერიმლი იმ დროს დააკავეს, როდესაც აწყობდნენ მსვლელობას ბაქოში მდებარე ეროვნული სასაფლაოსკენ — “წამებულთა ხეივნისკენ”. “წამებულთა ხეივანი” სსრკ-დან აზერბაიჯანის გამოყოფისას და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემი მემორიალია. ოპოზიციის ლიდერებმა პროცესია 17 ნოემბრის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად დაგეგმეს. 1992 წელს შექმნილი დღესასწაული, რომელსაც “ეროვნული აღორძინების დღეს” უწოდებენ, აზერბაიჯანის საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდება.

ალი ქერიმლის 12 წელიწადზე მეტია, რაც ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს. ქერიმლი აზერბაიჯანში ის იშვიათი ოპოზიციური ლიდერია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს აზერბაიჯანის მმართველ რეჟიმს.

ალი ქერიმლისთან ნეტგაზეთის 2017 წლის ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

აზერბაიჯანული ოპოზიციის ლიდერი: საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ სვლა გვიხარია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი