ჭარბვალიანობის პრობლემის დაძლევაზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოვაცხადებთ – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

კალაძე კანდიდატის ამ განცხადებას ოპოზიციური პარტიის “შოკს” უკავშირებს, ვაშაძის ბრიფინგს “კლოუნადას” უწოდებს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი აღნიშნული პრობლემის დაძლევის გზაზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

“… “ქართული ოცნება” ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელებაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ჯერ კიდევ, ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო. მინდა, მივმართო “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს: დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს. დაელოდეთ, ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე”, – თქვა მან.

მანამდე, გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას ჭარბვალიანობის პრობლემა შეახსენა და მმართველ გუნდს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა პრობლემის გადასაჭრელად, მათ შორის, შავ სიაში მყოფი ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერა.

“ყოველი მეორე ქართველი არის დაკამალებული ვალებით ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ან იმ სამი ბანკის მიერ, რომლებიც მევახშეებად არიან გადაქცეულნი და მშვენივრად გრძნობენ თავს ივანიშვილის მიერ შექმნილ გასაოცარ დემოკრატიაში.

…ნებისმიერ პირს, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ვალებს, ხელისუფლების მიერ უნდა ჩამოეწეროს ვალდებულებები და ეს ადამიანები მყისიერად უნდა ამოიღონ მოვალეთა შავი სიიდან. ამისთვის, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი ვალები და ბანკებთან ჩაანაცვლოს ეს ადამიანები ბანკებთან ურთიერთობაში.

მივმართავ საქართველოს პარლამენტს: დაუყოვნებლივ მიიღოს კანონი ამ დღემდე ბანკების მიერ დარიცხული სანქცია-საურავების სრული ამნისტიის შესახებ.

და მივმართავ ეროვნულ ბანკს: მოხდეს იპოთეკის პროცენტის ეტაპობრივი განახევრება და ბანკების გადაქცევა მევახშეობიდან ნამდვილ საფინანსო ინსტიტუტებად, რომლებიც ეკონომიკას აძლევენ განვითარების სტიმულს. ეს თუ არ გაკეთდა, მოქალაქეებთან ერთად უკიდურესად დაზარალდება ეკონომიკა”, – განაცხადა მან.


მანამდე, უკვე ორჯერ გადავადდა საბანკო სესხებზე შეზღუდვების ამოქმედება, რასაც ეროვნული ბანკი ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრის გზად განიხილავს.

ეროვნულ ბანკის ინფორმაციით, ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შემზღუდავი რეგულაციების დაწესების ახალი ვადა კომერციული ბანკებისთვის 2019 წლის პირველი იანვარია. რეგულაციების გადავადების მიზეზს ცენტრალური ბანკი მოგვიანებით განმარტავს.

რას ამბობდა მმართველუ გინდი ჭარბვალიანობის პრობლემაზე გასულ პერიოდში?

უცნობია, რას იტყვის მამუკა ბახტაძე ხვალ, 19 ნოემბერს, ჭარბვალიანობის პრობლემაზე, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ის ფინანსთა მინისტრობის დროს საუბრობდა. ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ფულადი სესხის თანმხლებ პრობლემებზე საუბრობდა და გამოსავალს სამართლებრივი პრიორიტეტების გაძლიერებაში ხედავდა.

“ადამიანებს, როდესაც ისინი იღებდნენ სესხს, კონტრაქტში უწერდნენ პროცენტს. თუმცა შემდეგ არსებობდა ისეთი ტიპის ხარჯები, როგორიცაა სხვადასხვა საკომისიოები, ჯარიმები, საურავები, რომელიც ამ პროცენტს აორმაგებდა, ასამმაგებდა და ხშირად აოთხმაგებდა კიდეც.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ჩვენ გადავიდეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის უფრო მეტი  სამართლებრივი პრიორიტეტის მიცემაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელს შეუწყობს ახალი, სამართლიანი წესების დანერგვას. ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს, მაქსიმუმ რა ხარჯი შეიძლება ჰქონდეს პროცენტულ გამოხატულებაში,” – განმარტავდა მამუკა ბახტაძე.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კი ჭარბვალიანობის პრობლემის სიმწვავეში ბანკების როლზე საუბრობდა და “საქართველოს ბანკმა” და “თი ბი სი ბამკმა” “გადაჭამა მთელი ქვეყანა”.

ივანიშვილი “პირველი არხისთვის” მიცეილ ინტერვიუში ასევე ახსენებდა სავალუტო ფონდის კვლევას, რომელიც, მისი თქმით, ყოფილა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა დიმიტრიო ქუმსიშვილმა მას “დაუმალეს”.

“მიუხედავად ჩემი ყოველთვიური შეხსენებისა, რომ ეს ასეა და მიხედვა უნდა, ადგილიდან ვერ დავძარი”, – ამბობდა ის მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან