“არა ნაცებს!; არა ბოროტებას!” – “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბანერები თბილისში

თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბანერები გამოჩნდა. “არა ნაცებს, არა ბოროტებას!” – ვკითხულობთ ბილბორდებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, ნიკა გვარამია და სხვები არიან გამოსახულნი.

“ნეტგაზეთი” ამ დრომდე ცდილობს, გაარკვიოს, ვისი დაკვეთით განთავსდა ბანერები. მათთან კავშირი უკვე გამორიცხეს “პატრიოტთა ალიანსმა” და არჩევნების მეორე ტურის წინ “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ შექმნილმა ჯგუფმა “არა ნაციზმს”, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძეა.

სტატიის განახლება:

თავდაპირველად, სტატიის სათაური იყო შემდეგი: “არა ნაცებს! არა ბოროტებას!” – “პატრიოტთა ალიანსის” შეკვეთილი ბანერები თბილისში.

მანამდე, “ნეტგაზეთმა” შესაბამისი დასტური “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის, გოჩა თევდორაძისგან  მიიღო. კითხვაზე, არის თუ არა ბანერები, წარწერით “არა ნაცებს! არა ბოროტებას!”, “პატრიოტთა ალიანსის” მიერ შეკვეთილი, მან დადებითი პასუხი გაგვცა და აღნიშნა, რომ ბილბორდები თბილისსა და ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას უკავშირდება.

“ეს ეხება ბათუმში, ერას მოედანზე, 23 ნოემბერს და თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 25 ნოემბერს გასამართ აქციას, [სახელწოდებით] “არა ნაცებს”. გარკვეულწილად, ამ აქციებს უკავშირდება ეს, სარეკლამო ბილბორდია”,  – აღნიშნა მან.

თუმცა, მასალის გამოქვეყნებიდან, დაახლოებით, 1 საათის შემდეგ, 15:48-ზე, “ნეტგაზეთს” ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდა პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც განგვიცხადა, რომ ეს კონკრეტული ბანერი “პატრიოტთა ალიანსს” არ შეუკვეთია.

“გოჩა თევდორაძე არ გპასუხობთ იმ ბარენერბზე, რაზეც თქვენ კითხვას სვამთ. ის ჩვენი მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ ბუკლეტებსა და ბანერებზე საუბრობს, რაც სხვა ფორმისაა და სხვა ლოზუნგითაა წარმოდგენილი”, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, თავდაპირველად რატომ დაადასტურა თევდორაძემ პარტიის კავშირი ზემოაღნიშნულ ბანერთან, ირმა ინაშვილმა გვიპასუხა, რომ  “არა ნაცებს!” “პატრიოტთა ალიანსის” დევიზიცაა, თუმცა ამ კონკრეტულ ბილბორდებთან პარტიას კავშირი არ აქვს.

შესაბამისად, “ნეტგაზეთი” ასწორებს მასალას.

ირმა ინაშვილმა მოგვაწოდა პარტიის მიერ შეკვეთილი იმ მასალის დიზაინიც, რომელიც მისი თქმით, იგულისხმა დეპუტატმა გოჩა თევდორაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან