ახალი ამბები

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის სარჩელი არჩევნების თარიღზე

18 ნოემბერი, 2018 • 1229
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის სარჩელი არჩევნების თარიღზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. პარტიები ითხოვდნენ, გაბათილებულიყო ცესკოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს, სამუშაო დღეს უნდა ჩატარდეს.

“მოსამართლეს არ ეყო გამბედაობა, რომ საარჩევნო კოდექსის ეს მუხლები განემარტა ისე, რომ უზრუნველეყო თითოეული ამომრჩევლისათვის ნების თავისუფალი გამოვლენა.

სწორედ ამაზე ვდაობდით ჩვენ, რომ ცესკოს გადაწყვეტილება არ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების საყოველთაოდ თავისუფლად გამოვლენის საშუალებას, რადგან უწესებს ისეთ ბარიერებს, რომლებიც მათ, პრაქტიკულად, არ აძლევთ საშუალებას, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

ეს ეხება როგორც შიდა ამომრჩეველს, რომელიც შიდა მიგრაციულ, ლოჯისტიკურ პრობლემებს აწყდება, ასევე ქვეყნის გარეთ მცხოვრები ემიგრანტები და კომისიის წევრები…”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა, გადაწყვეტილების შეფასებისას.

ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილის გამოქვეყნებას დაელოდება, რის შემდეგაც გადაწყვეტს, განაგრძოს თუ არა დავა სააპელაციო სასამართლოში.

გუშინ, 17 ნოემბერს, საქალაქო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით. “საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “ISFED”-ის მიაჩნიათ, რომ საარჩევნო კომისიამ არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს ხელოვნური ბარიერი შეუქმნა და გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი