ახალი ამბები

ატოცისკენ მანქანების “ანტიოკუპაციურ კოლონას” დავით ქაცარავა ჩაუდგება სათავეში

18 ნოემბერი, 2018 • 3776
ატოცისკენ მანქანების “ანტიოკუპაციურ კოლონას” დავით ქაცარავა ჩაუდგება სათავეში

ანტიოკუპაციურ მოძრაობა “ძალა ერთობაშია” 18 ნოემბერს გეგმავს, 2-3 ასეული მანქანისგან შემდგარი კოლონით მოაწყოს მსვლელობა თბილისიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრისკენ, სოფელ ატოცამდე და გააპროტესტოს მავთულხლართების მონტაჟი, რასაც მოძრაობა მცოცავ ანექსიად აფასებს.

აქცია უკავშირდება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, 1 კილომეტრიან მონაკვეთზე დე-ფაქტო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების დაწყებას და მავთულხლართების მონტაჟს, რაც ოფიციალურმა თბილისმა პროვოკაციად შეაფასა რუსეთის მხრიდან.

“აფხაზეთის ხმის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლაშა ბერულავა, რომელიც მოძრაობის აქტიური წევრია, წერს, რომ მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა “ანტიოკუპაციური ტაქსით” კოლონას სათავეში ჩაუდგება.

დავით ქაცარავა, მოძრაობის ლიდერი, ფეისბუკზე მსვლელობის მონაწილეების შესახებ წერს: “ისინი მოდიან, რომ ღირსეულად დადგნენ და ზურგის შეუქცევლად თვალებში ჩახედონ რუს ოკუპანტებს”.

ბერულავას ცნობით, კოლონა დილის 11 საათზე ჯვრის ასახვევიდან დაიწყებს მოძრაობას ქარელის რაიონის სოფელ ატოცის მიმართულებით.

მისივე ინფორმაციით, მსვლელობის ორგანიზატორები არიან საავტომობილო კლუბები “სუბარუ ჯორჯია”, “იქს 5 ქლაბ ჯორჯია”, “ტოიოტა პრიუს ჰიბრიდ ქლაბი”, “პორშე ქლაბი”, “ფიტ ფედერაციის კლუბი”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტოკლუბი, ქალ მძღოლთა კლუბი საქართველოში და რუსთავის ავტოდრომი.

სოფელ ატოცში 10 ნოემბერს “გირჩმაც” მოაწყო ანტისაოკუპაციო აქცია, რომლის დროსაც დემონსტრანტმა კაცებმა შარვლები ჩაიხადეს და რუსეთს უკანალი მიუშვირეს. იდეის ავტორი გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე იყო.

როგორც ქაცარავა წერს, 18 ნოემბრის მსვლელობას “გირჩთან” არაფერი აქვს საერთო.

მასალების გადაბეჭდვის წესი