ახალი ამბები

სააპელაციომ ფაშისტური ჯგუფის ლიდერის ადვოკატებს ჯარიმები გაუუქმა — GBA

18 ნოემბერი, 2018 • 2291
სააპელაციომ ფაშისტური ჯგუფის ლიდერის ადვოკატებს ჯარიმები გაუუქმა — GBA

“ადვოკატთა ასოციაციის” (GBA) ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს მიღებული განკარგულებები ფაშისტური ჯგუფის ლიდერის ადვოკატების დაჯარიმების შესახებ.

ფაშისტური ჯგუფის, “საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერი, გიორგი ჭელიძე 1 სექტემბერს დააკავეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. მას სასამართლოში 13 ადვოკატი იცავს.

17 ოქტომბერს, წინასასამართლო სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭელიძის სამი ადვოკატი — ელგუჯა ჩხაიძე, გაიოზ ჩარკვიანი და ბესარიონ ბოჭორიშვილი — სასამართლოს უპატივცემულობის მოტივით დააჯარიმა 200-200 და 100 ლარით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ “ადვოკატების ქცევა ემსახურებოდა საკუთარი სამართლებრივი პოზიციის დასაბუთებისა და დაცვის მცდელობას და არ იყო მიმართული სასამართლოს ან/და პროცესის მონაწილის უპატივცემულობისკენ და წესრიგის დარღვევისკენ”.

ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული;

საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა გრძელდება.

იგი ბრალს არ აღიარებს.

ჭელიძეს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი