ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხური მიგრაცია თუ დეპოპულაცია?

26 მაისი, 2014 • • 2979
სომხური მიგრაცია თუ დეპოპულაცია?

სომხეთიდან მოსახლეობის გადინების კუთხით ისევ მძიმე მდგომარეობაა, ხალხი უწინდებურად ტოვებს ქვეყანას…

 

სამწუხაროდ, ეს ასეა, სიტუაცია არ უმჯობესდება. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე 1 მლნ 500 ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, ეს მთლიანი მოსახლეობის 36%-ია. ამას მოწმობს მოსახლეობის 2001 და 2011 წლების აღწერები. ეს აღწერები აჩვენებს, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე რესპუბლიკის მოსახლეობა 380 ათასით შემცირდა. წლებთან ერთად, ბევრ სხვა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, სომხეთში კი – მცირდება. საშუალოდ წელიწადში შრომისუნარიანი მოსახლეობიდან 35-40 ათასი ადამიანი მიემგზავრება ქვეყნიდან. ამასთან, ეს ხალხი სამუდამოდ საცხოვრებლად მიემგზარება და უკან აღარ ბრუნდება.

აშოტ გაზაზიანი
აშოტ გაზაზიანი

 

 

თქვენი შეფასებით, მიგრაციის ასეთი მასშტაბი იძლევა დეპოპულაციაზე საუბრის საფუძველს…

 

მოსახლეობის რაოდენობა ძირითადად 2 მიზეზის გამო მცირდება: პირველი – ეს არის შობადობის დონის შემცირება და მეორე – მოსახლეობის გადინება. სწორედ ეს არის ის მოვლენა, რასაც სპეციალისტები უწოდებენ დეპოპულაციას. ეს არის მეცნიერული დასკვნა, მეცნიერული განსაზღვრება. მით უმეტეს, “გაეროს მოსახლეობის ფონდი”, რომელიც გაანგარიშებას აკეთებს ყველა ქვეყნისთვის, თუ რა ვითარება ექნებათ 2025-2030 წლებისთვის, მიიჩნევს, რომ იმ დროისთვის სომხეთში, ისე როგორც ზოგ სხვა ქვეყანაში, მოსალოდნელია მოსახლეობის მნიშვნელოვანი შემცირება, დაახლოებით – 2.5 მილიონ ადამიანამდე, და ეს მოსახლეობის გადინების გაუთვალისწინებლად: ეს გაანგარიშება კეთდება მხოლოდ შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე დაყრდნობით. თუკი ამას მიგრაციასაც დავუმატებთ, ვითარება კიდევ უფრო სერიოზული იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს საქმე დეპოპულაციის სრულიად თვალსაჩინო ფენომენთან და მე ამას დღესაც ვამტკიცებ.


მცირდება არა მხოლოდ შობადობა, არამედ იკლებს ქორწინებების რაოდენობა. ბოლო დროს კი ახალ მოვლენასთან გვაქვს საქმე – ეს არის სელექციური აბორტები: როდესაც ოჯახი ხედავს, რომ გოგონა ჩაისახა, გარბიან ექიმთან ორსულობის შესაწყვეტად. ისინი ფიქრობენ, რომ ბიჭი გაიზრდება, წავა და ფულს იშოვის. ესეც მიგრაციული პოლიტიკის შედეგია.


ჩვენთან მოსახლეობის 15%-ს 65 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ და ეს ციფრიც იზრდება. არის პროგნოზი იმის თაობაზე, რომ სომხეთის მოსახლეობის დაბერება გაგრძელდება.

 

რა მიზეზით ტოვებს ხალხი ქვეყანას?

 

მიზეზები უცვლელია. ძირითადად, ეს არის ეკონომიკური ვითარება, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, ცხოვრების დაბალი დონე. ჩვენთან სრულიად ახალი მოვლენა შეინიშნება – როდესაც დასაქმებული ადამიანი ღარიბია. მიგრაციული ნაკადების გადინება სომხეთიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინტენსივობის იყო. იყო აფეთქება 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მთიან ყარაბაღში ომი მიმდინარეობდა, იყო საშინელი ენერგოკრიზისი, – ამ პერიოდში ძალიან ბევრი წავიდა ქვეყნიდან. მაშინ ხალხი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მიდიოდა. შემდეგში, 2000 წლიდან დაიწყო შრომითი მიგრაცია. ცხადია, რომ ამაში ლომის წილი მიუძღვის იმ ფაქტს, რომ აქ ადამიანები სამუშაოს ვერ შოულობენ, ან თუ იშოვიან და მუშაობენ, შრომის ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ ამით ვერ ახერხებენ ოჯახის საჭიროებების უზრუნველყოფას. ოფიციალური მონაცემებით, დღეს სომხეთში უმუშევრობა 12-13 პროცენტს შეადგენს, მაგრამ რეალურად ეს ციფრი 25%-ზე ნაკლები არ არის.

 

ეს გადინების მთავარი მიზეზია, მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიური მიზეზებიც, ასევე – პოლიტიკური. ფსიქოლოგიური მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ხალხი, ჩვენი მონაცემებით, აქ ვერ ხედავს პერსპექტივას: არ ჯერათ, რომ ექნებათ ნორმალური მომავალი როგორც თავად, ისე თავიანთ შვილებს. უპერსპექტივობა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს ხალხზე და ხელს უწყობს მათი სხვა სივრცეში გაღწევის სურვილის სტიმულირებას. სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს ხალხზე, ასევე, აზერბაიჯანთან ომის განახლების შესაძლებლობის ფაქტორიც.

 

მიდიან იმის გამოც, რომ ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონეა, სასამართლო სისტემა ცუდად მუშაობს. ხალხი უკმაყოფილოა იმით, რომ ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, რომ მათ არ შეუძლიათ კანონიერი გზით გადაჭრან ყველაზე ელემენტარული საკითხებიც კი. ისინი მუდმივად ეჯახებიან ბიუროკრატიას, კორუფციას და მექრთამეობას, სატელეფონო ზარების სამართალს, როდესაც გამარჯვებული გამოდის არა ის, ვინც მართალია, არამედ ის, ვისაც “ზევით” ვიღაც მფარველობს.

გევორგ პოღოსიანი
გევორგ პოღოსიანი

 

ევროინტეგრაციაზე უარმა ამაში რაიმე როლი ითამაშა?

 

თავის როლს ესეც შეასრულებს, მაგრამ ჯერ არა, რადგან ჯერ კიდევ მიდის მხოლოდ საუბრები ამ თემაზე, იხილება რაღაც ქაღალდები და რაღაცებს აწერენ ხელს. რეალურად არც ევროკავშირი და არც საბაჟო კავშირი არ არის ჯერ ჩვენს რეგიონში, კერძოდ, სომხეთში ჩართული. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ესეც იმოქმედებს. მიგრაციის ჭრილში ამის გამო ერთდროულად იქნება დადებითი და უარყოფითი მომენტები. დღესდღეობით იგივე რუსეთი ამკაცრებს თავის საემიგრაციო კანონმდებლობას, საემიგრაციო რეჟიმს. შედეგად ჯერ მხოლოდ 45 ათასი სომხეთის მოქალაქე მოხვდა ამ ე.წ. შავ სიაში, ისინი დეპორტირებულნი იქნენ საემიგრაციო რეჟიმის დარღვევისთვის და უახლოესი სამი წლის მანძილზე ვეღარ შევლენ რუსეთში. ამასთანავე, რუსეთმა გაამკაცრა თავის ტერიტორიაზე ყოფნის რეჟიმი – მხოლოდ 90 დღით შეიძლება იქ ყოფნა და დაბრუნება 3 თვის გასვლის შემდეგ. ეს აისახება მიგრაციულ ნაკადებზე. და თუკი ჩვენ საბაჟო კავშირში და ევრაზიულ თანამეგობრობაში შევალთ, რა თქმა უნდა, ეს რეჟიმები სომხეთს აღარ შეეხება.

 

რუსეთმა გაამარტივა რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა რუსულენოვანი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაიბადნენ ყოფილ საბჭოთა კავშირში…

 

ვფიქრობ, ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ ეს გადაწყვეტილება სიტუაციურად იქნა მიღებული, უკრაინის მოვლენების კვალდაკვალ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას მოსკოვს მხედველობაში ჰყავდა, პირველ რიგში, თანამემაულეები უკრაინიდან. მომხდარი მოვლენების გამო მათ იქ გაუჭირდებათ და, ცხადია, დაიწყებენ გადასახლებას, პირველ რიგში – რუსეთში. ამდენად, უპირველესად სწორედ სლავებზეა საუბარი.

 

სად მიდიან ძირითადად სომხები?

 

ჩვენი მოქალაქეების 80% მიემგზავრება დსთ-ში, უპირველეს ყოვლისა კი ეს არის რუსეთი, შემდეგ- უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი. 15% მიდის ევროპაში და დაახლოებით 5% – აშშ-ში. ეს არაოფიციალური მონაცემებია, ჩვენი მრავალწლიანი კვლევებისა და გამოკითხვების შედეგები.

 

როდესაც იცვლება მთავრობა, ხდება სხვა მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური მოვლენები, ეს მიგრაციაზე გავლენას ახდენს?

 

ზუსტად 2 წლის წინ ჩვენ, მეცნიერებმა და მკვლევარებმა მორიგი ხმაური ავტეხეთ მოსახლეობის გადინების გამო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ შეინიშნება ახალი ნაკადები. ხალხი, რომელიც იმედგაცრუებული დარჩა არჩევნების შედეგებით, კარგავს იმედს და მიდის. ისინი პერსპექტივის დაკარგვის გამო მიემგზავრებიან. და მაშინ პირველად, მთავრობის დავალებით, ჩატარდა მასშტაბური კვლევა, რომ საბოლოოდ გარკვეულიყო მიგრაციის რეალური სურათი. კვლევა ჩატარდა, მაგრამ მისი შედეგები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეალური სურათი ძალიან მძიმეა და ხელისუფლებას სურს ამის დამალვა?

 

არ ვიცი. საზოგადოებისგან არაფრის დამალვა არ შეიძლება, მან ხელისუფლებაზე მეტი იცის. მაგრამ ჩვენ, სამეცნიერო საზოგადოებას ეს მონაცემები გვჭირდება. თუნდაც იმისთვის, რომ შევადაროთ ჩვენს სოციოლოგიურ კვლევებს. ოფიციალურად განაცხადეს, რომ კვლევა დასრულებულია, მიმდინარეობს შედეგების დამუშავება, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის გადინების პრობლემა არსებობს, ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, დაინტერესდა ჩაეხედა სიღრმეში, თუ რა ხდება სინამდვილეში. ჩაიხედეს და არ ვიცი, გაოცდნენ თუ არა, თემა დახურულად რჩება. მტკივნეული თემაა. მაგრამ მტკივნეული საკითხებიც უნდა იქნას განხილული, რომ რაღაც ზომები მივიღოთ. რომ არ ყოფილიყო გადინება, ჩვენ ახლა 4-4.5 მილიონი ადამიანი გვეყოლებოდა და არა 3 მილიონამდე.

 

მაგრამ ამ გადინებამ ხომ შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოებასაც შეუქმნას პრობლემა?

 

ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ვწერ, რომ ემიგრაციის მასშტაბი სულ უფრო უქმნის საშიშროებას ეროვნულ უსაფრთხოებას. ქვეყანას თავადვე ჭირდება მუშახელი, ჭირდება ჯარი თავისი საზღვრების დასაცავად. ეს სტრატეგიული საკითხია. დემოგრაფიული სიტუაცია კი უარესდება. ვფიქრობ, პირველი 10 წლის მანძილზე ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ აქცევდა ამას. მთავრობასა და სოციოლოგებს შორის მუდმივი პოლემიკა სულ იმით მთავრდებოდა, რომ მთავრობა უბრალოდ უარყოფდა მიგრაციის ზრდის ფაქტს. საბოლოოდ, როცა მათ აღიარეს ფაქტი, აღმოჩნდა, რომ ქვეყანა უკვე მილიონ ადამიანს ჰქონდა დატოვებული. მაგრამ მაშინ იმდენად რთული სიტუაცია იყო, გადინებული მოსახლეობა წყვეტდა სხვადასხვა სახის საკითხს ქვეყნის შიგნით. თუკი მთავრობა ვერ ახერხებს ადამიანების სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფას, რა თქმა უნდა, მისთვის უფრო ადვილია, როდესაც ისინი ქვეყანას ტოვებენ და უფრო მეტიც დარჩენილ მოსახლეობას ეხმარებიან, რაც უფრო ამსუბუქებს სოციალურ დაძაბულობას.


მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საზღვარგარეთიდან მიგრანტების ფულადი გზავნილების მოცულობა ყოველწლიურად 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს – ეს თანხა სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტს უტოლდება. ასეთი დამატებითი შემოსავლის წყაროზე უარის თქმა ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, უჭირს. იმის მიუხედავად, რომ ეს თანხა მიდის არა ბიუჯეტში, არამედ მომხმარებლების ჯიბეში, ის სოციალურ დაძაბულობას ხსნის საზოგადოებაში, რაც სხვა შემთხვევაში გადაიზრდებოდა ბუნტში, სამოქალაქო არეულობაში, საპროტესტო აქციებში და ა.შ. მით უმეტეს, როცა მთავრობამ იცის, რომ თავად არ შეუძლია სრულფასოვნად უზრუნველყოს ხალხი.

 

მთავრობა, რა თქმა უნდა, შეშფოთებულია, მაგრამ ჯერ რაიმე რეალურ გადაწყვეტილებებს სიტუაციის გამოსასწორებლად მე ვერ ვხედავ. ვფიქრობ, გაჩნდა ამ უბედურების გააზრების მომენტი, მაგრამ მექანიზმები და რეალური მეთოდები მიგრაციის შესაჩერებლად ან თუნდაც წასულების ნაწილის დაბრუნების მცდელობა, არც მანამდე იყო და არც ახლაა.

ფოტო: armenianow.com
ფოტო: armenianow.com

 

და, ალბათ, მთავარი კითხვაა – რა უნდა ვქნათ?

 

პირველი და ყველაზე მთავარი – პოლიტიკურ დონეზე პრობლემის გადაწყვეტას უნდა ვეცადოთ. ქვეყნები, რომლებიც პროდუქციას აწარმოებენ და გააქვთ ექსპორტზე, როგორც წესი, ასევე, ახდენენ სამუშაო ძალის იმპორტსაც. მათთან წარმოება იზრდება. ქვეყნები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ სავაჭრო კაპიტალზე და უფრო მეტად შემოაქვთ, ვიდრე აწარმოებენ და გააქვთ, კარგავენ მუშახელს. სომხეთია ასეთი ქვეყანა. ჩვენ პოლიტიკურ დონეზე აქცენტი გავაკეთეთ სავაჭრო კაპიტალზე. მისთვის სულერთია სად ივაჭრებს, მას ეროვნება არ გააჩნია. და როდესაც შენ საქონელი შემოგაქვს, რომლის წარმოებაც ადგილზე შეგიძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქმნება წარმოება და სამუშაო ადგილები, მაშინ კარგავ მოსახლეობას. ის მიდის. ფილოსოფია უნდა შეიცვალოს. პირველი და ყველაზე მთავარია, რომ ქვეყანა, რომელიც იმპორტირებას ეწევა, გადაიქცეს მწარმოებელ ქვეყნად. უნდა ვახორციელებდით საქონლის ექსპორტს. მაშინ არ იქნება გადინება, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ სამუშაო ძალის ნაკადი აქეთ ჩამოვა. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ძალიან რთულია – მთელი ჩვენი ეკონომიკა მოწყობილია შემოტანა-გაყიდვაზე და არა წარმოება-გატანაზე. 20 წელზე მეტი ჩვენ ასე ვიცხოვრეთ და სიტუაციის 1-2 წელიწადში შეცვლა უბრალოდ არარეალურია.

 

მეორე – დამოკიდებულება მოსახლეობასთან. სახეზეა გაუცხოება, კორუფცია, უნდობლობა ხელისუფლებისადმი, საჯარო მოხელეების გულგრილი დამოკიდებულება ხალხისადმი. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მორალურ-ფსიქოლოგიურ ფაქტორს. თუკი ეს ატმოსფერო შეიცვლება ქვეყანაში, ხალხის 20-25 პროცენტის მიგრაციის შეჩერება შეიძლება. ხელისუფლების მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს, რადგან არა მხოლოდ უმუშევრები მიდიან ქვეყნიდან, არამედ საშუალო შემოსავლების მქონენიც. ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, მათ ყურადღება ჭირდება, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა თავი სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნოს, იმის მიუხედავად, თუ რა მდგომარეობა აქვს საზოგადოებაში ან რამდენი ფული აქვს. მან უნდა იგრძნოს და იცოდეს, რომ კანონი ზუსტად ისევე იცავს, როგორც მილიონერს.

 

ქვეყანაში ატმოსფეროს შეცვლა მთავრობას ძალიან სწრაფად შეუძლია. ამას წლები და ტიტანური შრომა არ ჭირდება, უბრალოდ, ელემენტარული წესრიგის დამყარებაა აუცილებელი. საჭიროა პოლიტიკური ნება და ძლიერი ხელმძღვანელობა. მაშინ სიტუაციის გამოსწორება ნახევარ ან ერთ წელში შეიძლება.

არის ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორი, ჩვენ გვყავს დიასპორა, რომელიც იზიდავს სომხებს. ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი საკუთარი ქვეყნის გარეთ ცხოვრობს – ასეთი ხალხი მსოფლიოში ძალიან ცოტაა. ეს არის დაახლოებით 9 მილიონი სომეხი, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და ავტომატური ფაქტორია მიზიდვისთვის. შენ გყავს ნათესავები აშშ-ში, საფრანგეთში ან რუსეთში, ბუნებრივია, შენთვის წასვლაც ადვილია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუკი იქ არავინ გეყოლებოდა. ეს ობიექტური ფაქტორია და ამას ძნელად თუ მოუხერხებ რამეს.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი