ბრიტანულმა სკოლამ ძვირადღირებული ტანსაცმელი აკრძალა უთანასწორობასთან საბრძოლველად

ჩრდილოეთ ინგლისის საჯარო სკოლამ მოსწავლეებს ძვირადღირებული ტანისამოსის ჩაცმა აუკრძალა. ამ ნაბიჯით, CNN-ის ცნობით, სკოლა ცდილობს, ნაკლებად შესამჩნევი და ნაკლებად მტკივნეული გახადოს უთანასწორობა მდიდარ და ღარიბ მოსწავლეებს შორის.

ქალაქ ბირკენჰედის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა ნოემბრის დასაწყისში მშობლებს აცნობა, რომ აღნიშნული აკრძალვა ძალაში შობის შემდეგ შედის. “სკოლა ითვალისწინებს, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა წნეხის ქვეშ აყენებს მშობლებს, რათა ძვირადღირებული ტანსაცმელი უყიდონ”, წერდა დირექტორი, რებეკა ფილიპსი.

საუბარია კანადური ბრენდების, Goose-ის და Moncler-ის ქურთუკებზე, რომლებიც დაახლოებით 1 200 აშშ დოლარი ღირს.

“ეს ქურთუკები დიდ უთანასწორობას იწვევს ჩვენს მოსწავლეებში”, უთხრა მან CNN-ს. “ეს იწვევს იმ მოსწავლეების და მშობლების სტიგმატიზაციას, რომლებს მაინცდამაინც არ ულხინთ”.

როგორც დირექტორი ამბობს, მას ერთ-ერთმა ყოფილმა სტუდენტმა, რომელმაც გადაწყვეტილება შეუქო, მოსწერა: “სკოლა არ უნდა იყოს ადგილი, სადაც სტუდენტთა ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობას … ყურადღება გადააქვს სწავლის პროცესიდან”.

CNN-ის ცნობითვე, ამ სკოლაში ძვირადღირებული ტანისამოსის აკრძალვა არის იმ მზარდი მოძრაობის ნაწილი, რომელიც შედარებით ღარიბ მოსწავლეებს უთანაწორობის გამოვლინებებისგან იცავს.

სხვადასხვა ინიციატივებს შორის გვხვდება კალმების ძვირადღებული შესანახი ყუთების (პენლებს) აკრძალვა; ასევე, რჩევა მასწავლებლებს, ნუ შეეკითხებიან მოსწავლეებს, თუ როგორ გაატარეს დასვენების დღეები, რათა იმ მოსწავლეებმა, რომელთა ოჯახებიც ვერ ახერხებენ მდიდრულ დასვენებას, თავი უხერხულად არ იგრძნონ და ამის გამო არ შერცხვეთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.