ახალი ამბებისაზოგადოება

რას ნიშნავს “ოცნების” სტრატეგია მეორე ტურისთვის სალომე ზურაბიშვილის გარეშე

17 ნოემბერი, 2018 • 4531
რას ნიშნავს “ოცნების” სტრატეგია მეორე ტურისთვის სალომე ზურაბიშვილის გარეშე

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სამზადისში თითქმის არ ჩანს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. როგორია და რაზე მიანიშნებს მმართველი პარტიის ახალი სტრატეგია?

ზურაბიშვილი პირველი ტურის შემდეგ, ძირითადად, მხოლოდ ოფიციალურ მიღებებსა და შეხვედრებზე ჩნდება; მას არ ჰქონია შეხვედრები ამომრჩევლებთან, არ გამოჩენილა მხარდამჭერ კონცერტებსა თუ სააგიტაციო შეხვედრებზე და იშვიათად ჩნდება მედიასთანაც.

“ტაიმაუტი ანალიზისთვის”

როგორც “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი გია ვოლსკი გვეუბნება, პირველი ტურის შემდეგ ნამდვილად იყო “გარკვეული ტაიმაუტი”, თუმცა, მისი თქმით, ზურაბიშვილი შეხვედრებს ისევ გამართავს.

ვოლსკის განმარტებით, ეს “ტაიმაუტი” “ანალიზისთვის და სიტუაციის შეფასებისთვის” იყო საჭირო.

“ამ დროის განმავლობაში ჩატარდა შეხვედრები აქტივთან, — იმ ადამიანებთან, ვინც სააგიტაციო საქმიანობას ეწევა, პოზიციები შეჯერდა და შეხვედრებიც გაიმართება მომავალი კვირიდან”, ამბობს იგი.

რაც შეეხება კონცერტებსა და “შეხვედრებს საზოგადოების წარმომადგენლებთან”, — ვოლსკის თქმით, ასეთი ღონისძიებები პოლიტიკური გუნდის გამოჩენას არ ითვალისწინებს. “არ არის შეკვეთილი აქტივობები, ეს არის საზოგადოების მობილიზაციის გამოხატულება”, – დასძენს ის.

“პრინციპული არჩევანი”

მეორე ტურის წინ სხვადასხვა ქალაქში ზურაბიშვილის მხარდამჭერი ბილბორდები გამოჩნდა, ახალი საარჩევნო სლოგანით — “პრინციპული არჩევანი”. ბანერებზე მმართველი პარტიის ლიდერები არიან გამოსახულნი სხვადასხვა მოწოდებით. გია ვოლსკის ვკითხეთ, რა იყო ამის მიზეზი.

როგორც ვოლსკი ამბობს, სალომეს ზურაბიშვილის “მნიშვნელობა ძალიან დიდია”, მაგრამ, ამავე დროს, “საზოგადოება ითხოვს ქალბატონი სალომეს მხარდამჭერი გუნდის პასუხისმგებლობას” სოციალურ, ინფრასტრუქუტულ, უსაფრთხოების და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

ვოლსკის განმარტებით, მმართველი პარტია ამ ფორმით პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს.

პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 37.74% მოაგროვა, ზურაბიშვილმა კი 38.64%, რაც მხოლოდ 0.9%-ით მეტია ვაშაძის მხარდამჭერთა რიცხვზე.

პირველი ტურის შემდეგ, 29 ოქტომბერს, “ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ “ამომრჩევლის მობილიზაციის შესუსტების” მიზეზად “დამოუკიდებელი კანდიდატის” მხარდაჭერა დაასახელა.

ნეტგაზეთმა გია ვოლსკის ჰკითხა, პარტიაში ფიქრობენ თუ არა, რომ მათი რეიტინგი სალომე ზურაბიშვილის რეიტინგზე უფრო მაღალია.

“ეგ პრიმიტიული შეფასება იქნებოდა; საზოგადოებას აქვს სერიოზული და გაცილებით უფრო ფართო სპექტრი მოთხოვნებისა არსებული ხელისუფლების მიმართ, ვიდრე დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ, რომელმაც კონსტიტუციის გარკვეულ ჩარჩოებში უნდა იმოქმედოს”, – გვიპასუხა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა.

რა იკითხება ახალი სტრატეგიის მიღმა?

პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ნოდიას შეფასებით, აშკარაა, “ქართულმა ოცნებამ” აღიარა, რომ სალომე ზურაბიშილი სუსტი კანდიდატია და მისი მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც “ოცნებისთვის” პირველმა ტურმა წარუმატებლად ჩაიარა.

“გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტლება იყო სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობა, მაგრამ მან, როგორც ჩანს, აღიარა, რომ ეს შეცდომა იყო”, – აბობს იგი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნოდიას აზრით, შესაძლოა, “ოცნება” ერთგვარად თავს იმშვიდებს, – ზურაბიშვილის მხარდაჭერა შეცდომა იყო, მაგრამ “ქართული ოცნება” მაინც პოპულარულია და ეს მხოლოდ ზურაბიშვილმა არ ივარგა, როგორც კანდიდატმა.

“შესაბამისად, თუ [“ოცნების” ლიდერები საზოგადოების წინაშე არსებულ] არჩევანს წარმოადგენენ არა როგორც არჩევანს ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის, არამედ როგორც არჩევანს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის, ეს მათთვის მომგებიანი იქნება”, – მიიჩნევს ნოდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი