ახალი ამბები

CIA-ს დასკვნით, ხაშოკჯი საუდის გვირგვინოსანი პრინცის დაკვეთით მოკლეს – მედია

17 ნოემბერი, 2018 • 2205
CIA-ს დასკვნით, ხაშოკჯი საუდის გვირგვინოსანი პრინცის დაკვეთით მოკლეს – მედია

აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ დაასკვნა, რომ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოკჯის მკვლელობა სტამბოლში მდებარე საკონსულოში საუდის არაბეთის გვირგვინოსანმა პრინცმა, ქვეყნის ფაქტობრივმა ლიდერმა, მუჰამად ბინ სალმანმა დაუკვეთა. ამის შესახებ Washington Post  და სხვა ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან.

WP ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ბიურომ გამოძიებისას არაერთი წყარო დაიხმარა. მათ შორის იყო აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩისა და პრინცის ძმის, ხალიდ ბინ სალმანის სატელეფონო ზარი ხაშოკჯისთან: აღნიშნული საუბრისას, მან ჟურნალისტს უთხრა, რომ შეეძლო, სტამბოლში მდებარე საკონსულოში დოკუმენტების მოსაწესრიგებლად მისულიყო და რომ ეს მისთვის უსაფრთხო იქნებოდა.

CIA-ს მედიის მიერ გახმაურებულ დასკვნას უკვე გამოეხმაურა საუდის არაბეთის საელჩო ვაშინგტონში და აღნიშნულს სიცრუე უწოდა. მისი თქმით, პრინცის ძმასა და ხაშოკჯის ტელეფონით არასდროს უსაუბრიათ “რაიმეზე, რაც თურქეთში მის წასვლას უკავშირდებოდა”.

Washington Post ასევე წერს, რომ გამოძიებამ გვირგვინოსანი პრინცის ამჟამინდელი სტატუსითაც იხელმძღვანელა, რომლის პირობებშიც ის, ფაქტობრივად, ქვეყნის ყველა სფეროს მართავს.

“შეთანხმებული პოზიციაა, რომ არ არსებობს, ეს მომხდარიყო მისი[პრინცის] ჩაურევლად”, – უთხრა გამოცემას წყარომ. WP უშუალოდ CIA-სთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა უწყებაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოკჯი, რომელიც ქვეყნის სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი იყო, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა, ბოლოს საუდის არაბეთის სტამბოლში მდებარე საკონსულოში ნახეს, 2 ოქტომბერს. ის საკონსულოში საბუთების მოსაწესრიგებლად იყო მისული, თურქეთის მოქალაქე ჰათიჯე ჯენგიზზე დაქორწინების წინ.

გასული პერიოდის მანძილზე, საუდის არაბეთის მთავრობამ ჟურნალისტის დაღუპვის არაერთი ვერსია გააჟღერა. თავდაპირველად ის უარყოფდა თურქეთის ხელისუფლების განცხადებებს, რომ ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს, თუმცა შემდგომ ეს აღიარა და თქვა, რომ ხაშოკჯი მართლაც საკონსულოში დაიღუპა, “ხელჩართული ჩხუბისას“. ამის გამო საუდის არაბეთის 5 ოფიციალური პირი თანამდებობიდან გათავისუფლდა და ქვეყნის 18 მოქალაქე დააკავეს.

მიმდინარე კვირაში, ვერსია კვლავ შეიცვალა: საუდის პროკურორმა განაცხადა, რომ საკონსულოში მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობდა ჯგუფი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ხაშოკჯის დაბრუნება თურქეთიდან საუდის არაბეთში.

პროკურორის თქმით, აღნიშნული მცდელობისას მათ ხაშოკჯის სხეულში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შეუყვანეს, რამაც ზედოზირება და სიკვდილი გამოიწვია. ამის გამო, მისივე თქმით, ბრალი წარედგინა საუდის 11 მოქალაქეს, მათგან 5 კი სიკვდილით დაისჯება. არ-რიადში აცხადებენ, რომ მოკლულის სხეული საკონსულოდან გაიტანეს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა ბედი ეწია მას და მართალია თუ არა თურქული მხარის ვერსია, რომ ჟურნალისტის გვამი ჯერ დაანაწევრეს, შემდეგ კი მჟავა გადაასხეს.

ამ განცხადებიდან მალევე, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დააწესა საუდის 17 მოქალაქეზე, მათ შორის, ოფიციალურ პირებზე, რომელთაც, სავარაუდოდ, მკვლელობასთან აქვთ კავშირი.

კრიტიკოსთათვის ეს საკმარისი არ არის: WP-ს ცნობით, არაერთი კონგრესმენი ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უფრთხილდება ურთიერთობებს საუდის არაბეთთან – მჭიდრო სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოკავშირესთან ახლო აღმოსავლეთში და საკმარის ზომებს არ იღებს როგორც ხაშოკჯის მკვლელობის საპასუხოდ, ისე იემენის სამოქალაქო ომისას საუდის არაბეთის კოალიციის მასირებული დაბომბვების შესაჩერებლად, რაც დიდ სამოქალაქო მსხვერპლსა და მასობრივ შიმშილს განაპირობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი