ახალი ამბები

გორში სუპერმარკეტზე გამოსახული სტალინის ბანერი ბავშვთა გასართობმა ცენტრმა ჩაანაცვლა

17 ნოემბერი, 2018 • 4285
გორში სუპერმარკეტზე გამოსახული სტალინის ბანერი ბავშვთა გასართობმა ცენტრმა ჩაანაცვლა

გორის ცენტრში მდებარე სუპერმარკეტის მეორე სართულზე წლების განმავლობაში გამოსახული სტალინის სურათი ჩამოხსნეს. ფართი ბავშვთა გასართობმა ცენტრმა დაიკავა.

შენობის ფასადზე საბჭოთა დიქტატორის გიგანტური სურათი რამდენიმე წლის მანძილზე ეკიდა. თავდაპირველად, ორივე სართული სუპერმარკეტს ეკავა, სადაც სხვა პროდუქციასთან ერთად სტალინის გამოსახულებიან სუვენირებსაც ყიდდნენ. გასულ წელს სუპერმარკეტი დაიხურა, რის შემდეგაც პირველ სართულზე “ნიკორა” გაიხსნა, მეორე კი უფუნქციოდ დარჩა, თუმცა დიქტატორის ფოტო კვლავ რჩებოდა მანამ, სანამ იქ გასართობი ცენტრი არ გაიხსნა.

შენობა ყოფილ მოკრივეს, ამჟამად კი ბიზნესმენსა და ორგანიზაცია “გორელების” წევრს, გიორგი კანდელაკს ეკუთვნის. ის გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ემხრობა. 2015 წელს, როცა ქალაქის საკრებულომ ამ იდეას მხარი არ დაუჭირა, კანდელაკი აცხადებდა, რომ ძეგლი გორში მაინც აღიმართებოდა. აღნიშნული მოთხოვნით ორგანიზაცია “გორელებმა” ხელმოწერებიც შეაგროვეს.

კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკაა, რადგან არსებობს კანონი “თავისუფლების ქარტიის” შესახებ, რომელიც ამ ტიპის საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრას ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს არაერთ ქალაქსა თუ სოფელში დღემდე არსებობს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოს მატარებელი ელემენტები, მათ შორის სტალინის არაერთი ძეგლი და ბიუსტი დგას გორის მუნიციპალიტეტში: სტალინის ძეგლი დღემდეა აღმართული ქალაქის ყველაზე დიდ გასართობ პარკში, ხოლო გორის ცენტრალური გამზირი დღემდე სტალინის სახელობისაა. კანონი კერძო სექტორს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოს მატარებელი ელემენტების გამოყენებას არ უკრძალავს, თუმცა მოქალაქეებს უტოვებს ბერკეტს, ამ ტიპის კერძო გამოხატულებებს სასამართლო გზით ედავონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი