ახალი ამბები

ჩემი მოვალეობაა, დედაჩემი დავიცვა – ზურაბიშვილის შვილი თბილისშია

16 ნოემბერი, 2018 • 1578
ჩემი მოვალეობაა, დედაჩემი დავიცვა – ზურაბიშვილის შვილი თბილისშია

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, კვლავ გადაწყვიტა თბილისში ჩამოსვლა მას შემდეგ, რაც მისსა და მისი ოჯახის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა გახმიანდა და აქ არჩევნებამდე დარჩება.

“როგორც იცით, გასულ კვირას, მე, დედაჩემმა და ჩემმა დამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მივიღეთ. ამ მუქარის მიუხედავად და კიდევ უფრო, ამ მუქარის გამო, გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში. ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილი და როგორც ქართველი კაცი, რომ დედაჩემთან ვიყო და დედაჩემი დავიცვა.

ეს არის ჩემი გაგება, თუ რა არის საქართველო. ჩემთვის საქართველო არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად მოქცევა. ამის გამო არჩევნებამდე დავრჩები.

ეს არ არის ნორმალური არჩევნები: ეს არის ბრძოლა, რომ საბჭოთა წარსული არ დაბრუნდეს; ეს არის ბრძოლა, რომ ევროპის მომავალი ავირჩიოთ. და ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასთან, ვიქნებით და ერთად დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას და საქართველო გაიმარჯვებს”, – აცხადებს ის.

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ 9, 10 და 11 ნოემბერს მას და მის შვილებს – თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებს გაეგზავნათ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლად არის გამოკვეთილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

“სხვადასხვა უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართულებით გაჟღერდა: “შუბლს გაგიხვრიტავ”, “თქვენს სისხლს დავლევ”. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცერებულები არიან –  ყოფილი სამხედროები, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებულები “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის მეთაურებთან”, – ამბობდა ზურაბიშვილი.

აღნიშნულთან დაკავშრებით პრეზიდენტობის კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდა, რომელთაც შსს-ს შესაძლო მუქარის სწრაფად გამოძიება მოსთხოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი