მოსამართლემ თეთრ სახლს CNN-ის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის აღდგენა დაავალა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ თეთრ სახლს CNN-ის ჟურნალისტ ჯიმ აკოსტასთვის გაუქმებული აკრედიტაციის დაბრუნება დაავალა. პროცესი დღეს, 16 ნოემბერს გაიმართა.

სასამართლოს გადაწყვეტილება CNN-ის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და სხვა რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირთან სამართლებრივ დავაში. ტელეარხის საჩივრის მიხედვით, თეთრმა სახლმა ამ ნაბიჯით ამერიკის კონსტიტუციის პირველი და მეხუთე მუხლები დაარღვია.

CNN-ის ცნობით, ეს არ არის საბოლოო განჩინება და აკრედიტაცია ჟურნალისტს აღუდგება დროებით, საბოლოო განჩინების მიღებამდე, რაც ტელეკომპანიის მოთხოვნას წარმოადგენდა თეთრი სახლის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობასთან ერთად. აღნიშნული შედეგი ნიშნავს, რომ ჯიმ აკოსტას გარკვეული პერიოდით(საბოლოო განჩინებამდე) კვლავ შეეძლება თეთრ სახლში მუშაობა.

მოსამართლე ტოვებს შესაძლებლობას, რომ თეთრი სახლი ისევ შეეცდება ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის გაუქმებას და აცხადებს, რომ მისი ეს კონკრეტული გადაწყვეტილება CNN-ის საჩივარში მოცემულ კონსტიტუციის პირველ მუხლზე დაყრდნობით არ არის მიღებული.

მომდევნო პროცესები, სავარაუდოდ, შემდგომ კვირებში გაიმართება. ტელეარხი ითხოვს, თეთრი სახლის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, რაც შემდგომში ასეთივე  ქმედებებისაგან სხვა ჟურნალისტებს დაიცავს.

გადაწყვეტილების გასაჩივრებისას CNN-ს მხარი არაერთმა მსხვილმა მედიასაშუალებამ, მათ შორის, Fox News-მა დაუჭირა.

CNN-ის მთავარ კორესპონდენტს თეთრი სახლში აკრედიტაცია მას შემდეგ შეუჩერეს, რაც პრესკონფერენციაზე ტრამპს არჩევნებთან დაკავშირებით მწვავე კითხვები დაუსვა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმდენად არ მოეწონა ჯიმ აკოსტას კითხვები, რომ მას “საშინელი” ადამიანი უწოდა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა ჟურნალისტი დაადანაშაულა, რომ ის ხელით შეეხო თეთრი სახლის სტაჟიორს, რომელიც მისთვის მიკროფონის წართმევას ცდილობდა. თუმცა საპირისპირო ჩანს შეხვედრის ამსახველ ვიდეოში. სტაჟიორმა არაერთხელ სცადა ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა.

ფაქტს გამოეხმაურა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციაც, რომელიც პრესის წარმომადგენლების უფლებებს იცავს. ასოციაციამ თეთრი სახლის ქმედება მიუღებლად მიიჩნია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან