ახალი ამბებისამართალი

ცრუ დასმენის საქმეზე გიორგი ოქროპირიძე საბოლოოდ გამართლდა

16 ნოემბერი, 2018 • 4286
ცრუ დასმენის საქმეზე გიორგი ოქროპირიძე საბოლოოდ გამართლდა

გიორგი ოქროპირიძე ცრუ დასმენის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს შემდეგ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

გიორგი ოქროპირიძეს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი, როცა “ცრუ ჩვენების მიცემისთვის” წაუყენეს ახალი ბრალდება, რის შედეგადაც მას წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა. რომ არა “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალის წაყენება, გიორგი ოქროპირიძე საპატიმროს დატოვებდა.

გიორგი ოქროპირიძის დედა, ცირა გოდერძიშვილი დარწმუნებული იყო, რომ უზენაესი სასამართლოც მისი შვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. გოდერძიშვილის თქმით, ამ განჩინებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მისი შვილი მართლა გახდა წამების მსხვერპლი 2014 წლის 22 სექტემბერს N3 დაწესებულებაში და ის აქეთ დაასმინა ცრუდ ბრალდების მხარემ.

ცირა გოდერძიშვილის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ დაადასტურა, რომ სასჯელაღსრულების თანამშრომლებმა, მაღალჩინოსნების დავალებით, არჩადენილი მკვლელობის აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად მართლაც აწამეს მისი შვილი ციხეში.

როგორც ცირა გოდერძიშვილი ამბობს, ცრუ დასმენის ბრალდებით მიღებული ზიანი გამოუსწორებელი და შეუფასებლად მძიმეა, რადგან ამით გიორგი ოქროპირიძეს წაერთვა თავისუფლება.

ყველა სიახლე გიორგი ოქროპირიძის შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ცრუ დასმენის” საქმეზე გიორგი ოქროპირიძე 2017 წლის 10 ნოემბერს გაამართლა, ხოლო ეს გადაწყვეტილება ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლომ დატოვა ძალაში 2018 წლლის 23 აპრილს, ხოლო საბოლოოდ – 2018 წლის 7 ნოემბერს- უზენაესმა სასამართლომ ბრალდებული გაამართლა.

ცრუ დასმენის საქმე ეხება ბათუმის ციხეში ყოფნის პერიოდში სახალხო დამცველისადმი 2014 წლის 22 სექტემბერს მიცემულ ახსნა-განმარტებას. ამ ახსნა-განმარტების გამო გიორგი ოქროპირიძეს ბრალი თითქმის 9 თვის შემდეგ, 2015 წლის ივნისში წაუყენეს. ახსნა-განმარტებაში, რომელიც პროკურატურამ “ცრუ დასმენად” შერაცხა, ოქროპირიძე აღწერდა, თუ როგორ აწამებდნენ ციხის თანამშრომლები.

პროკურატურის მიერ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალის წაყენებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 5 ივნისს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ოქროპირიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ვერ გამოუტანეს. რამდენიმე დღეში ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურებოდა და, შესაბამისად, მას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. თუმცა 2 დღის შემდეგ, 8 ივნისს, მას პროკურატურამ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი კვლავ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამ ოქროპირიძე დამნაშავედ ცნო ლაშა მახარაძის მკვლელობაში და სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი ოქროპირიძე, რომელიც ამჟამად სასჯელს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში იხდის, დღემდე არ აღიარებს ლაშა მახარაძის მკვლელობას და თავს პოლიტპატიმრად თვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი