ოპოზიცია ემიგრაციაში – გამოწვევა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის

ინტერნეტმა და, ზოგადად, სოციალურმა ქსელებმა აზერბაიჯანში ბევრი რამე შეცვალა, მათ შორის ,“ოპოზიციის” გაგება.

თითქმის ათი წლის განმავლობაში ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მოძრაობები, ლიდერები, უკლებლივ აზერბაიჯანში საქმიანობდნენ, ბაქოში მიმდინარეობდა ოპოზიციური ცხოვრებაც. 

2013 წლიდან კი, როდესაც ილჰამ ალიევი პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს, ბევრმა აქტივისტმა, ჟურნალისტმა და დემოკრატიული ინსტიტუტების წარმომადგენელმა დატოვა ქვეყანა, რადგანაც ხელისუფლებამ ქვეყანაში დაიწყო დაუმორჩილებელ მოქალაქეთა მასობრივი დაკავებები.

ამავე დროს, ქვეყნის დიპლომატიური კრიზისიც დაიწყო, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით კონსულები და დიპლომატები უარს აცხადებდნენ აზერბაიჯანში დაბრუნებაზე და სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა დაიწყეს. 2014 წელს აზერბაიჯანში ოთხი დიპლომატი არ დაბრუნდა.

ევროპაში აღმოჩნდა ასევე ოპოზიციური გაზეთ აზადლიქ/რადიო თავისუფლების ნახევარი პერსონალი, ოპოზიციური პარტია მუსავატისა და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის ათობით წამყვანი წევრი.

ლოგიკურია, რომ ეს ადამიანები არ ისხდებოდნენ მშვიდად. ინტერნეტი და სოციალური ქსელები აზერბაიჯანის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს საშუალებას აძლევს იმუშაონ საკუთარი ქვეყნისთვის სხვა ქვეყნებიდან. მათ დაიწყეს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, საპროტესტო და მხარდაჭერის აქციების ორგანიზება, ვიდეობლოგების წაყვანა, ონლაინ ტელევიზიების გახსნა და ტელედებატების მოწყობა.

დროთა განმავლობაში აზერბაიჯანელ ოპოზიციონერთა ცხოვრება ემიგრაციაში უფრო აქტიური გახდა და უფრო თვალსაჩინო, ვიდრე თავად აზერბაიჯანში. რასაკვირველია, ასეთ ვითარებას არ შეეძლო არ გაებრაზებინა აზერბაიჯანის ხელისუფლება. სხვა ქვეყნებში ოპოზიციონერებთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, ბევრად რთულია აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის – მათ ვერ დააპატიმრებენ, ვერ დევნიან და ფიზიკურად ვერ გაუსწორდებიან. 

ნიდერლანდებში ყოფილი კონსული ნაჰიდ ჯაფაროვი საზღვარგარეთ აზერბაიჯანული ოპოზიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. 2014 წელს, როდესაც მისი მისია ნიდერლანდებში დასრულდა და აზერბაიჯანმა უკან გაიწვია, ჯაფაროვმა უარი თქვა სამშობლოში დაბრუნებაზე და ნიდერლანდებს თავშესაფარი სთხოვა. თავშესაფრის მიღების შემდეგ მან შექმნა მოძრაობა «Oyan», რომელიც აზერბაიჯანულიდან ითარგმნება როგორც “გამოიღვიძე”.

მოძრაობის საქმიანობის მთავარი მიმართულებაა აზერბაიჯანის მოქალაქეების ინფორმირება. ნაჰიდ ჯაფაროვი თავის პერიოდულ ვიდეობლოგებში ჰყვება, როგორი სიტუაციაა აზერბაიჯანში. ასევე, მოძრაობამ ჩამოაყალიბა ერთგვარი “აქცია” “შემოგვიერთდი”, რომელიც აზერბაიჯანელებისთვის მთელ მსოფლიოში შემოწირულობების შეგროვებას ითვალისწინებს. შეგროვებული ფული აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების ოჯახებს ხმარდება.

როგორც ჯაფაროვი ამბობს, ქვეყნის გარეთ ოპოზიციაში ყოფნა უფრო ეფექტურია.

ნაჰიდ ჯაფაროვი; ფოტო: ფეისბუკი

“კლასიკურ ოპოზიციას აქვს “წითელი ხაზები”, რომელსაც ისინი ხელისუფლების მიერ დევნის შიშით ვერ გადაკვეთენ. ჩვენი ხელისუფლებისთვის ხომ ჩვეულებრივი ამბავია ფიზიკური დასჯა იმ პირების, ვინც მათ არ ეთანხმება რაღაცაში. ამიტომაც კლასიკური ოპოზიცია ვალდებულია ხელისუფლების მიერ ნაკარნახევი თამაშის წესები დაიცვას. ჩვენ კი, რომლებიც არ ვართ აზერბაიჯანში, არ გაგვაჩნია ეს “წითელი ხაზები” , ჩვენ არ ვთამაშობთ ხელისუფლების წესებით”, – აცხადებს ჯაფაროვი.

ჯაფაროვის თქმით, ემიგრანტ-ოპოზიციონერებს კიდევ ის უპირატესობა აქვთ, რომ ფინანსურად დამოუკიდებლები არიან:

“აზერბაიჯანში ძალიან ადვილია სამსახურის დაკარგვა, თუკი ხელისუფლების მიმართ ლოიალური არ ხარ და ოპოზიციური საქმიანობით ხარ დაკავებული. შეუძლიათ, წაგართვან ბიზნესი, დაგითხოვონ სამსახურიდან. ემიგრაციაში მყოფ ოპოზიციონერებს კი ეს პრობლემა არ აქვთ”.

რთულია ამ შემთხვევაში არ დაეთანხმო ჯაფაროვს. დიახ, ეს ხალხი ნამდვილად შორსაა ფიზიკური და მატერიალური საფრთხისგან. მაგრამ ოპოზიციონერთა ადგილისა და ბრძოლის საშუალებების ცვლილების პარალელურად, იცვლება აზერბაიჯანის ხელისუფლების ბრძოლის მეთოდებიც. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამისთვის სხვადასხვა საშუალებას იყენებს. აცხადებს მათ საერთაშორისო ძებნაში, ადგილობრივ ტელეარხებზე მათ ცილს სწამებს და იყენებს ყველაზე ეფექტურ მეთოდს – აზერბაიჯანში დარჩენილ ნათესავებზე ზეწოლას.

ორდუჰან თემურხანი 49 წლისაა, აზერბაიჯანიდან ჯერ კიდევ 35 წლის წინ წავიდა. ისიც ნიდერლანდებში ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეა. დღესდღეობით, ორდუჰანი ემიგრაციაში მცხოვრები ერთ-ერთი ცნობილი აზერბაიჯანელი ვიდეობლოგერია.

მის სოციალურ გვერდებს აზერბაიჯანიდან ათობით ათასი მიმდევარი ჰყავს. ორდუჰანი ალიევის ხელისუფლების ყველაზე დიდი კრიტიკოსია. მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში ტროლების მთელი ჯგუფი და ცნობილი ჟურნალისტი, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მარშაჰინ აგაევი მუშაობს, რომელიც ორდუჰანს საკუთარ ტელეარხ “რეალ tv”-ზე გადაცემას უძღვნის და საკუთარ საავტორო გადაცემაში შეურაცხყოფას აყენებს.

აზერბაიჯანში მცხოვრებ ორდუჰანის ახლობლებზე და ნათესავებზე მუდმივი ზეწოლაა. მისი დები და დისშვილები რამდენჯერმე გამოვიდნენ ადგილობრივი ტელევიზიებით და ორდუჰანს მოღალატე ნათესავი უწოდეს.

ამის მიუხედავად, მის ნათესავებს სამსახურებიდან მაინც ითხოვენ და აპატიმრებენ. რამდენიმე თვის წინ მისი ორი დისშვილი 30 დღით დააპატიმრეს. როგორც ორდუჰანი ამბობს, ასეთი საშუალებები ამტკიცებს იმას, თუ რაოდენ უძლურია აზერბაიჯანის ხელისუფლება თავდაცვის დროს.

“მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავი არგუმენტებით დაიცვან, ისინი ხედავენ, როგორ სერიოზულ დარტყმას აყენებს მათ იმიჯს ჩემი კრიტიკა მათი მისამართით და ცდილობენ ნათესავების გზით მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა”.

მუქარის მიუხედავად, ვიდეობლოგერი ამ დრომდე აგრძელებს საქმიანობას და არც კრიტიკის შერბილებას აპირებს.  

ხშირია შემთხვევები, როდესაც დათრგუნული ნათესავები უარს ამბობენ ოპოზიციონერ ნათესავზე. პროსახელისუფლებო მედიის მიერ “ხალხის მტრად” გამოცხადებულ ოპოზიციონერებზე აზერბაიჯანში დარჩენილი თითქმის ყველა ნათესავი მათზე უარს ამბობს.

საფრანგეთიდან მომუშავე ონლაინ ტელევიზია Turan.tv-ის რედაქტორი ჰანიმატ ზაჰიდი ერთ-ერთია მათ შორის, ვისზეც უარი თქვა არა მხოლოდ მისმა ოჯახმა, არამედ მთელმა სანათესაომ. აზერბაიჯანის ხელისუფლების შავ სიაში ზაჰიდოვი ჯერ კიდევ ქვეყანაში ცხოვრების დროს მოხვდა, როდესაც მკითხველებს შორის ყველაზე პოპულარულ გაზეთ აზადლიქის/თავისუფლება მთავარი რედაქტორი იყო.

გაზეთის ორი თანამშრომლის, რედაქტორისა და რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტის დაკავების შემდეგ ემიგრაციაში საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ჟურნალისტები ჩუმად ყოფნას არ აპირებდნენ და turan.tv გახსნეს, რომელიც თანამგზავრიდან ტრანსლირდება და ონლაინ დებატებს აწყობს.

არხის პოპულარობა დიდია [დაახლოებით მილიონი აზერბაიჯანელი უყურებს turan.tv-ს], მისი ჟურნალისტები კი ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ.

ამგვარად, ზაჰიდი ხელისუფლების სამიზნე მეორედ ემიგრაციაში გახდა. თუმცა ამჯერად თავდასხმის ობიექტი მისი ბევრი ნათესავი აღმოჩნდა. ცრუ ბრალდებებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა მისი დის ქმარი და დისშვილი. ამ ფაქტის შემდეგ მისმა 30-მდე ნათესავმა შიშის გამო საჯარო წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინი მხარს არ უჭერენ მათ ოპოზიციონერ ნათესავ რედაქტორს და სურთ, არაფერი ჰქონდეთ მასთან საერთო.

თუმცა ამ აქტმა დიდი შედეგი ვერ გამოიღო – დღემდე ზაჰიდოვის ორი დეიდაშვილი და დისშვილი ციხეში არიან, დედა კი, რომელმაც ვერ გაუძლო შვილზე და ოჯახზე თავდასხმებს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

რედაქტორი ამბობს, რომ ევროპაში ცხოვრების მიუხედავად, ბოლომდე უსაფრთხოდ თავს ვერ გრძნობს.

“განსაკუთრებით, საქართველოდან აფგან მუხთარლის გატაცების, თურქეთიდან ჰუსეინ აბდულაევის ექსტრადაციის, უკრაინაში ფიქრეთ ალიევის დაკავების შემდეგ, სხვა ქვეყნებიც ჩვენ ყველასთვის ერთი დიდი ციხეა მაინც. მეშინია ევროკავშირის ქვეყნების დატოვება. არც აქ არის უსაფრთხო. ჩვენი ხელისუფლების გრძელი ხელები ყველგან შეიძლება მოგწვდეს და გაგანადგუროს”.  

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


გუნელ მევლუდი