ლგბტ დროშები. ფოტო: EPA/EDWIN BERCIAN

სხვა უმცირესობებთან შედარებით, ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტობა ყველაზე დაბალია – კვლევა

საქართველოში სხვა უმცირესობებთან შედარებით ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტობის დონე ყველაზე დაბალია. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც მოამზადა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” CRRC-საქართველო) ევროპის საბჭოს დაკვეთითა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ უმცირესობების უფლებების დაცვა ქვეყნის განვითარებისთვის,  ლგბტ პირთა მიმართებით მხოლოდ 6-მა პროცენტმა უპასუხა, რომ “ძალიან მნიშვნელოვანია”.  აღნიშნული შედეგი, სხვა უმცირესობების ჯგუფებთან შედარებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კვლევის ავტორების განცხადებით, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ კითხვაზე, უმცირესობის ჯგუფებს შორის ვის არ ისურვებდნენ თავიანთ მეზობლად, გამოკითხულებმა ყველაზე ნეგატიური განწყობა ლგბტ პირთა მიმართ დააფიქსირეს.

გამოკითხულთა 67-67-მა პროცენტმა ამ კითხვაზე ნარკოდამოკიდებული პირები და კრიმინალები დაასახელა, ლგბტ ადამიანები კი 54-მა პროცენტმა მიუთითა.

ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რამდენად მოუწონებდნენ რესპონდენტები მათნაირ ადამიანებს უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფთან საქმიანი ურთიერთობის ქონას. კვლევის მიხედვით, ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც ლგბტ პირთა მიმართ გამოვლინდა.

როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, ამერიკელებსა და რუსებთან საქმიან ურთიერთობებს მოსახლეობის 80% უჭერს მხარს, აფრიკელებთან – 54%, ხოლო ჰომოსექსუალებთან – მხოლოდ 22%.

მიუხედავად მსგავსი დამოკიდებულებისა, კითხვაზე, თუ რომელი ჯგუფის მიმართ გამოიყენება სიძულვილის ენა ყველაზე ხშირად და ვინ ხდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი, პასუხებს შორის ჭარბობდა ლგბტ ადამიანები.

იმის დასადგენად, თუ რატომ აქვთ ადამიანებს ჰომოსექსუალების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, კვლევის ავტორებმა ეთნიკური ქართველების მონაწილეობით ორი ფოკუსჯგუფი ჩაატარეს.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, რესპონდენტებს მიაჩნდათ, რომ ლგბტ ადამიანებმა “საზოგადოება” არ უნდა შეაწუხონ და ჰეტეროსექსუალთა უფლებები არ უნდა “შეზღუდონ”.

ამასთან, მონაწილეებს ჰქონდათ იმის განცდა, რომ ლგბტ ადამიანები პროპაგანდას ეწევიან. ზოგიერთი რესპონდენტისთვის აღნიშნული პროპაგანდა უკავშირდება ჰომოსექსუალობის გავრცელების შიშს და არა იმას, რომ ადამიანი, შეიძლება, ჰომოსექსუალად დაიბადოს. მესამე, მონაწილეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქართველები რელიგიურ და ტრადიციულ საზოგადოებას წარმოადგენენ და ლგბტ ადამიანებმა აღნიშნულს პატივი უნდა სცენ.

კვლევის ავტორების განცხადებით, კაცებისგან შემდგარ ფოკუსჯგუფში, ზემოხსენებულ დისკურსთან ერთად, დაფიქსირდა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, რესპონდენტები ეჭვქვეშ აყენებდნენ ლგბტ ადამიანების მხრიდან თავიანთი უფლებების დაცვის მოთხოვნის ლეგიტიმურობას:

“კერძოდ, ისინი აცხადებდნენ, რომ: ა) ლგბტ ადამიანებს თავიანთი უფლებების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვაში ფულს უხდიან; ბ) დასავლური ორგანიზაციები და მთავრობები ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებულ დღის წესრიგს საქართველოს ძალით ახვევენ თავს,” – ვკითხულობთ კვლევაში.


“CRRC-საქართველომ” კვლევა შერეული მეთოდების გამოყენებით ჩააატრა. თვისებრივი მონაცემების შესაგროვებლად კვლევა ითვალისწინებდა ჩაღრმავებულ ინტერვიუებსა და ფოკუსჯგუფებს უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფისა და ეთნიკური ქართველების მონაწილეობით.

რაც შეეხება რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებას, ამ მიზნით, “CRRC-საქართველომ “ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა წარმომადგენლობითი კვლევა, რომლის მიღწეული შერჩევის ზომაც იყო 2 205 რესპონდენტი, ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი – 2.9%. შერჩევა მოიცავდა საქართველოს იმ ტერიტორიების წარმომადგენლობით სამიზნე ჯგუფებს, სადაც მოსახლეობის ძირითადი ენაა სომხური ან აზერბაიჯანული.

კვლევა,  წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით. გამოკითხვა 2018 წლის აგვისტოში ჩატარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.