მაჩალიკაშვილი სუს-ის თანამშრომლებს თვალთვალში ადანაშაულებს, უწყება აღნიშნულს უარყოფს

2017 წელს სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ადევნებასა და მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც თბილისში რკინიგზის სადგურთან მდებარე სავაჭრო ცენტრში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა,  რამდენიმე ადამიანი თვალყურს ადევნებდა.

მაჩალიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი სუს-ს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ ამ ინფორმაციას არ ადასუტრებენ.

“შევნიშნე, რომ რამდენიმე ადამიანი დამსდევდა. სხვაგვარად იქცეოდნენ. მე აპარატი ამოვიღე და დავუწყე სურათების გადაღება. ამის დანახვისთანავე ისინი გაიქცნენ და მიმოიფანტნენ. ჩემი ვარაუდით, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ამასთანავე დაიწყეს ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თითქოს მე სახიფათო ადამიანი ვიყავი და იქ მყოფებს ურნების გადამალვისკენ მოუწოდებდნენ,” – უყვება ნეტგაზეთს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა შუაში იყო სანაგვე ურნები, მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ზემოხსენებულმა პირებმა ხალხს დაშინების მიზნით უთხრეს, რომ “მაჩალიკაშვილი რაღაცას ჩააგდებს ურნაში, რაღაცას გამოიყენებს”. მისივე თქმით, ამ ინფორმაციას არავინ დაუჯერა და იქ მყოფმა გამყიდვლებმა მაჩალიკაშვილი დაიცვეს.

“ხალხი მე ასე თუ ისე მიცნობს, იცის, რისთვის ვიბრძვი… სახელმწიფომ კი, იმის ნაცვლად, რომ გამცეს პასუხი, ეს ქვეყანა ჯოჯოხეთად გადამიქცია. პასუხის სანაცვლოდ ცდილობენ, რომ ყველაფერში დამადანაშაულონ. თავიანთივე მოკლული თემირლანის სული დაადანაშაულონ, ამისთვის აკეთებენ ყველაფერს,” – დასძენს მაჩალიკაშვილი.

ნეტგაზეთს ის ასევე უყვება, რომ დღეს ,16 ნოემბერს, ინციდენტის დროს მყოფი ერთ-ერთი პირი მასთან მივიდა. მაჩალიკაშვილი იხსენებს, რომ პირმა, რომლის სახელსა და გვარს არ დაასახელებს, იმ დღის შესახებ მოუყვა.

“მეუბნებოდა, გუშინწინ მეც იქ ვიყავიო და იმიტომ მოვედი დღეს, რომ მეთქვა, შენზე რა ინფორმაციაც გაავრცელეს… ურნების აღებისკენ რომ მოუწოდეს გამყიდველბს და თქვეს, საშიში პიროვნება არისო. მე ეს უკვე ვიცოდი და იმ დღის გადაღებული სურათები ვაჩვენე. სამწუხაროდ, ამ სურათებზე იმ ხალხის ზურგი ჩანს, ვინაიდან ეგრე გაიქცა ის ხალხი,” – აცხადებს მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილის თქმით, გრძნობს, რომ მის წინააღმდეგ სულ უფრო ხშირად ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია. როგორც ის განმარტავს, არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ აქვს და იმის შემდეგ, რაც მისი შვილის მკვლელები დაისჯებიან, უმალვე დატოვებს პარლამენტის ტერიტორიას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან