ახალი ამბები

სავარაუდო თვითმკვლელობა ციხეში – ოჯახი ადმინისტრაციას გულგრილობაში ადანაშაულებს

16 ნოემბერი, 2018 • 1685
სავარაუდო თვითმკვლელობა ციხეში – ოჯახი ადმინისტრაციას გულგრილობაში ადანაშაულებს

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 25 წლის პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, მსჯავრდებულმა თავი მოიკლა.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გარდაცვლილს თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს, რის შემდეგაც სულიერად აღელვებული იყო. ამის გამო უწყების ცნობით, მას სამეციდინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაციაც გაუწიეს.

25 წლის პატიმრის ოჯახის წევრები ციხის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ:

“უნდა ყოფილიყო მკაცრი კონტროლის ქვეშ. იქიდან გამომდინარე, რომ იცოდნენ, როგორ ფსიქიკურ მდგომაროებაში იყო. მით უმეტეს, რომ შეატყობინე,ს დედა გარდაეცვალა”, – ამბობს გარდაცვლილის დეიდა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

25 წლის პატიმრის ბიძა კი აცხადებს, რომ გარდაცვლილი გამართული ქართულით არ წერდა, წერილი კი, რომელიც ოჯახის წევრებს გადასცეს, კარგი კალიგრაფიით არის დაწერილი:

“წერილი არის ქართულად დაწერილი, ქართულად არ წერდა ის. კარგი კალიგრაფიით და ძაან დალაგებული აზრით, ეგ რუსულ სკოლაში სწავლობდა, ქართული არ იცოდა,”-აცხადებს გარდაცვლილის ბიძა “რუსთავი 2”-თან.

მომხდართან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ  იმავე ღამეს დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარდაცვლილის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დაკითხულია დაწესებულების ექიმი, თანამშრომლების ერთი ნაწილი და გარდაცვლილის თანამესაკნეები. გრძელდება დაწესებულების თანამშრომელთა დაკითხვა.

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის, ამ თემაზე წაიკითხეთ ჩვენი ინტერვიუ ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან:

http://batumelebi.netgazeti.ge/ambebi/57202/#sthash.tMDfBcrt.dpuf

მასალების გადაბეჭდვის წესი