ბაქო პარიზთან ურთიერთობების გადახედვას აპირებს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლება საფრანგეთთან ურთიერთობების გადახედავას აპირებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

აზერბაიჯანის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთის მიდგომები ორმაგი სტანდარტების მატარებელია, რადგან მან  მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის, ბაკო სააკიანის საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი დაუშვა, სადაც ბაკო სააკიანი საფრანგეთში სომხეთის სრულუფლებიან ელჩს, ასმიკ ტოლმაჯიანს შეხვდა.

“ამასთან, აღნიშნული ვიზიტი პარიზში პირველი არ ყოფილა. საკითხთან დაკავშირებით ბაქო დიპლომატიური არხებით ფრანგული მხარის მიმართ მკაცრ პროტესტს გამოთქვამს”, – წერია საგარეო უწყების განცხადებაში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყების გარდა, ფრანგულ მხარეს აკრიტიკებენ აზერბაიჯანელი ექსპერტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ საფრანგეთს, რომელიც მთიანი ყარაბაღის საკითხზე მომუშავე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, კონფლიქტის მხარეებთან ბალანსის შენარჩუნება მართებს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი