ახალი ამბებისაზოგადოება

დაკარგული ხმები – რატომ ვერ წავა მოქალაქეთა ნაწილი ოთხშაბათს არჩევნებზე

15 ნოემბერი, 2018 • 5396
დაკარგული ხმები – რატომ ვერ წავა მოქალაქეთა ნაწილი ოთხშაბათს არჩევნებზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს (ოთხშაბათს) გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე უქმედ გამოცხადდება, ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ფიზიკურად ვერ შეძლებს საარჩევნო უბნამდე მისვლას საქართველოსა და საზღვარგარეთ. ნეტგაზეთი ესაუბრა არაერთ ადამიანს, რომლებისთვისაც არჩევნების ოთხშაბათს დანიშვნა პრობლემაა.

ადამიანები, რომელთა ხმებიც დაიკარგა

მარი კორკოტაძე

მარი კორკოტაძე სურამშია რეგისტრირებული, თუმცა თბილისში ცხოვრობს.

მარი 2 შვილს ზრდის დამხმარეს გარეშე და დაჰყავს სკოლაში. მისი ერთ-ერთი შვილი აუტიზმის მქონეა, რომელიც თერაპიებზეც დაჰყავს. როგორც მშობელი ამბობს, ასობით კილომეტრს ვერ გაივლის, რადგან ბავშვებისთვის ეს პროცესი ძალიან დამღლელი იქნება.

მარი კორკოტაძის თქმით, მისთვის კომფორტული იქნებოდა შაბათს ან კვირას არჩევნების დანიშვნა. ამ შემთხვევაში, ბავშვებსაც წაიყვანდა და მგზავრობის შემდეგ შეძლებდნენ დასვენებას ორი დღით, შემდეგ კი თბილისში დაბრუნებას:

“ოთხშაბათს უნდა ავდგე დილით, გავიარო ასობით კილომეტრი და დავღალო ბავშვები. ერთი აუტიზმის მქონეა და მისთვის ასეთი გადაღლა არ არის მიზანშეწონილი. ან ბავშვები უნდა დავტანჯო და წავიდე არჩევნებზე, ან დაიკარგოს ჩემი ხმა.”

ლაშა მორბედაძე

ლაშა მორბედაძე ჩინეთში, ქალაქ გუანჭოუში ცხოვრობს.

მისი თქმით, სამუშაო დღის გამო ის და ამავე ქალაქში მცხოვრები საქართველოს ასამდე მოქალაქე ფიზიკურად ვერ შეძლებენ საარჩევნო უბნამდე მისვლას.

როგორც ლაშა ამბობს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობს, არ მივიდეს ხალხი არჩევნებზე. ის შიშობს, რომ ცესკოს ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს.

ერეკლე ნოღაიდელი

ერეკლე ნოღაიდელი თბილისში ცხოვრობს და სწავლობს, თუმცა რეგისტირებული ქობულეთშია:

“გამომდინარე იქიდან, რომ ვარ სტუდენტი, ვერ შევძლებ სამუშაო დღეს (ოთხშაბათს) არჩევნებზე გამოცხადებას. ჯამში, მომიწევს 12 საათი მგზავრობა და, შესაბამისად, არა ერთი, არამედ ორი დღის გაცდენა/დაკარგვა მიწევს, რაც მთელ რიგ პრობლემებს შემიქმნის უნივერსიტეტში.”

ერეკლე ცესკოს გადაწყვეტილებას არჩევნების ოთხშაბათს დანიშვნასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს: “სიმართლე გითხრათ, სახტადაც დავრჩი იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა არჩევნების მეორე ტურზეც დამეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი. ვფიქრობ, ხელსაყრელი დღე არის შაბათი.”

თინა კუპრაშვილი

თინა კუპრაშვილი თბილისში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა რეგისტრირებული ქუთაისშია.

თინას თქმით, შუა კვირაში ერთი დღით თბილისიდან ქუთაისში წასვლა დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული:

“ამას ემატება ისიც, რომ ვმუშაობ საერთაშორისო კომპანიაში, სადაც პრობლემურია ასეთ მოკლე პერიოდში შვებულების აღება, რომ შევძლო ხმის მიცემა. ისედაც მიმაჩნია, რომ საარჩევნო პროცესმა არ უნდა შეუქმნას მოქალაქეებს ამდენი პრობლემა, მით უმეტეს, პროფესიულ საქმიანობაში. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არ უნდა გვიწევდეს ამდენი პრობლემის გადალახვა.”

როგორც თინა ამბობს, აღნიშნული თარიღის შერჩევა მოხდა მოქალაქეებისათვის ბარიერის შესაქმნელად, რათა მაქსიმალურად დაბალი იყოს აქტივობა და კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ ადვილად მართოს არჩევნებზე მისული მოქალაქეების ნაკადი.

ირმა დიმიტრაძე

ირმა დიმეტრაძე რეგისტირებული ბათუმშია, თუმცა თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.

“ვმუშაობ კერძო კომპანიაში, რომელსაც არ/ვერ შეეხება უქმედ გამოცხადება. შუა სამუშაო კვირაში კი შეუძლებელია ჩასვლა ბათუმში, ხმის მიცემა ისე, რომ გაცდენა არ გახდეს საჭირო.”

ირმა ნახევრად ხუმრობით აფასებს ცესკოს გადაწყვეტილებას არჩევნების ოთხშაბათს დანიშვნასთან დაკავშირებით.

“მე ერთი პროვინციელი გოგო ვარ და, რასაკვირველია, ბ-ნ ბიძინაზე უკეთეს შეფასებებს ვერ გააკეთებს. ასე რომ, კვლავ მას ვციტირებ და ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეილების მიმღებმა “არა მხოლოდ შეურაცხყოფა მიაყენა და აჩვენა მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი, არამედ უგულებელყო ქართული ემიგრაციის ინტერესები, რომლებმაც იმის გამო, რომ არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნა, შესაძლოა საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლონ.”

ხატია ბასილაშვილი

ხატია ბასილაშვილი თბილისში ცხოვრობს და მუშაობს, ხოლო რეგისტრირებულია გურჯაანში.

“ოთხშაბათი დღეა და მიუხედავად დასვენების დღისა, ეს ჩემს სამსახურზე არ მოქმედებს, მაინც ვმუშაობ. პლუს ამას, რთულია ერთ დღეში კახეთში ჩასვლა და ჩამოსვლა.”

ხატიას თქმით, მისთვის ხელსაყრელი იქნებოდა, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა შაბათს ან კვირას.

ლიკა მარგველაშვილი

ლიკა მარგველაშვილი რუსთავში ცხოვრობს და მუშაობს, ხოლო რეგისტრირებული საჩხერეშია.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნამდე ვერ მივა, რადგან სამუშაო დღეს ვერ ახერხებს რეგიონში ჩასვლას ხმის მისაცემად მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღეა გამოცხადებული.

როგორც ლიკა ამბობს, სჯობდა, მეორე ტურიც ისევ კვირადღეს დაენიშნათ: “ის ხალხი, ვინც სწავლობს/მუშაობს, ვერ მოახერხებენ მისვლას არჩევნებზე ხმის მისაცემად.”

ნინო ქირია

ნინო ქირია გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს:

“სამუშაო და სასწავლო კვირას, დღის განმავლობაში, ორი ლექცია მაქვს და დღის მეორე ნახევარში- სამსახური. წარმოუდგენელია, ამ დღეს განთავისუფლება მოვახერხო.”

ნინის თქმით, ცალსახად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა არჩევნების მეორე ტურის ოთხშაბათს ჩატარება: “მართალია, კანონიერია, მაგრამ აბსოლუტურად უგულებელყოფილია მოქალაქეების ინტერესი. პირველ ტური იყო კვირადღეს, დრო მქონდა და ჩემი სამოქალაქო ვალის მოსახდელად არ დამზარებია 400 კილომეტრის გავლა, იგივეს ვიზამდი ამჯერადაც, სამუშაო დღე რომ არ აეღოთ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ასეთ ვითარებაში არ ვარ მხოლოდ მე, ჩემ გარშემო ბევრი ჩემი ქართველი მეგობარია ანალოგიურ სიტუაციაში, რომლის ხმაც ჩემი ხმის მსგავსად დაიკარგება, ამიტომ, მე პირადად, ძალიან დაბალ აქტივობას ველოდები მეორე ტურზე.”

როგორც ნინო ამბობს, არჩევნების ოთხშაბათს დანიშვნა წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება და გაუმართლებელი ქმედებაა.

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს, ოთხშაბათს, დანიშნა. ცესკომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციური პარტიების პროტესტის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიუხედავად. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ცესკოს წინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქციაც გამართა.

იხილეთ ასევე:

2012-2013 წლებში “ქართული ოცნება” დაახლოებით იმავე არგუმენტებით ითხოვდა არჩევნების არასამუშაო დღეს ჩანიშვნას, რა არგუმენტითაც დღეს გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია კი უცვლელია — ისინი არჩევნების შაბათ-კვირას დანიშვნას უჭერდნენ მხარს მაშინაც და ახლაც – 2018 წელს.

როგორ გაცვალეს როლები “ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” არჩევნების თარიღთან დაკავშირებით

მასალების გადაბეჭდვის წესი