ახალი ამბები

“ბირჟა მაფიის” საქმის მოსამართლე ირწმუნება, რომ არ იცოდა მათი რეპერობის შესახებ

15 ნოემბერი, 2018 • 3698
“ბირჟა მაფიის” საქმის მოსამართლე ირწმუნება, რომ არ იცოდა მათი რეპერობის შესახებ

მოსამართლე ბადრი შონია, რომელმაც პროექტ “ბირჟა მაფიის” რეპერებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, “თავისუფლების მონიტორთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არ იცოდა, ბრალდებულები მართლაც რეპერები იყვნენ თუ არა:

“იმ სხდომაზე მითხრა ბრალდებულმა, რომ მე რეპერი ვარ და კლიპი მაქვს გადაღებულიო. დაიჯერებთ, რომ მე ეს კლიპი ნანახი არ მქონდა? მას არ სჯეროდა, რომ მე ეს კლიპი ნანახი არ მქონდა. რომ მცოდნოდა, ის მართლაც რეპერია, რომელმაც კლიპი გადაიღო, შეიძლება, მართლა გამომეცხადებინა შესვენება და მართლა შემეხედა, რა კლიპი დადო”, – ამბობს მოსამართლე “თავისუფლების მონიტორისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მოსამართლე ბადრი შონიას განმარტებები ციანიდის, ბირჟა მაფიის და სხვა საქმეებზე

?‍აშანტაჟებდა თუ არა პროკურატურა მოსამართლე ბადრი შონიას მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებით?
? ნახეთ, როგორ ხსნის მოსამართლე გახმაურებულ საქმეებზე მის გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საზოგადოება აპროტესტებდა
➡ ვრცლად: https://bit.ly/2DFr97Q

Posted by სტუდია მონიტორი on Thursday, 15 November 2018

დაკავებულმა რეპერმა, მიშკა მგალობლიშვილმა 2017 წლის ივნისში სასამართლო პროცესზე აღწერა თავისი დაკავების პროცესი და განაცხადა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება დაკავებისას “ჩაუდეს”.

როგორც მგალობლიშვილი პროცესზე ამბობდა, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ პოლიციელები პირდაპირ ეკითხებოდნენ, იყო თუ არა ინტერნეტში გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს ავტორი, სადაც პოლიციელია გაშარჟებული.

“მითხრეს, რომ შენ რაც ჩაიდინე, ამას შეეფარდება… და რაღაც ტერმინი მითხრეს, და შენ დაგეკისრება მაქსიმუმ 200-ლარიანი ჯარიმა და მეტი არაფერი, მაგრამ ვიღაც ძალიან გააღიზიანე. იმისთვის, რომ ჭკუა ისწავლო, ამიტომ შენ გექცევით ასეო. შემდეგ ავედით რაღაც კაბინეტში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ “ვისაც არ უყვარს პოლიციელები” და ა.შ.

მითხრეს, რომ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლო გამოძიებასთან და თქვი, რომ შენ იპოვე ეს და გინდოდა პირადი მოხმარებისთვისო.

შემდეგ დამაბრუნეს იმ კაბინეტში, სადაც მაგინეს და იქ მეუბნებოდნენ, რომ  შენ გააკეთე ესო? კლიპზე იყო საუბარი; პირდაპირ მიდიოდა საუბარი და დღესავით ნათელი იყო, რომ არანაირ ნარკოტიკზე არ იყო ლაპარაკი. პირდაპირ მოვიდა თანამშრომელი და მკითხა, შენ ქენი, შენ იკადრეო? ვუთხარი, კი, შემეშალა. მერე ამას მოჰყვა სხვადასხვანაირი გინება,” – ამბობდა მგალობლიშვილი სასამართლო პროცესზე, რომელზეც მისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობდნენ.


მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია პოლიციამ 2017 წლის ივნისში დააკავა. შსს მათ ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ფლობას ედავებოდა (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

“ბირჟა მაფიის” წევრები მას შემდეგ დააკავეს, რაც რეპერებმა თავიანთ კლიპში პოლიციელი აჩვენეს ძაღლის როლში. აღკვეთის სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეეფარდა, თუმცა საპროტესტო აქციების შემდეგ გაათავისუფლეს. მოგვიანებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის დეკემბერში საერთოდ შეწყდა.

რეპერები ამბობდნენ, რომ დაკავებამდე პოლიციელები ამ კლიპის გამო ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც ნარკოტიკი ჩაუდეს. რეპერების გათავისუფლების შემდეგ არცერთი პოლიციელი არ მიუციათ პასუხისგებაში მათთვის ნარკოტიკების ჩადების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი