ახალი ამბები

ყოველდღიური ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ – სამი ყირგიზი ფემინისტის ისტორია

16 ნოემბერი, 2018 • 2311
ყოველდღიური ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ – სამი ყირგიზი ფემინისტის ისტორია

ზერე ასილბეკი, ალინა ანისიმოვა და აიდაი ერკებაევა ახალგაზრდა ყირგიზი ფემინისტი ქალები არიან. საქართველოში სულ რამდენიმე დღით ჩამოვიდნენ, რათა შეხვედრაზე მისულ ქართული საზოგადოებისთვის პირადი ისტორიები გაეზიარებინათ. ნეტგაზეთი მათ სწორედ ამ ვიზიტის დროს ესაუბრა.

ზერე მუსიკოსია, ალინა- პროგრამისტი, აიდაი კი- ჟურნალისტი. სამივე ქალი ნეტგაზეთს უყვება, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მიუხედავად დისკრიმინაციის, სხვადასხვა სახის შევიწროებისა თუ სექსისტური ტრადიციებისა,  განაგრძობდნენ ქალთა უფლებებისთვის აქტიურ ბრძოლასა და ქალების გაძლიერებას.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ფემინისტებმა საკუთარი გამოცდილებებზე, ისტორიებსა და რჩევებზე ისაუბრეს.

ზერე ასილბეკი

ზერე ასილბეკი 19 წლის ყირგიზი მომღერალია. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ. ნაშრომს “Kyz” („გოგო“) ჰქვია, რომელიც, როგორც თავად ზერე აფასებს, ერთგვარი ფემინისტური მანიფესტია. ზერე იხსენებს, რომ ამ სიმღერისთვის მას არაერთხელ დაემუქრნენ, ხოლო ყოველდღე სოციალურ ქსელებში ათასობით კომენტარი ხვდება, სადაც მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ.

“მოვიდა დრო, როდესაც აღარ გვკარნახობენ, თუ როგორ ვიცხოვრობთ. აღარ გვეუბნებიან, “ასე გააკეთე, ისე არ გააკეთო”. რატომ უნდა ვიყო ისეთი, როგორიც სხვებს უნდათ რომ ვიყო?,” – მღერის ზერე სიმღერის კლიპში. როგორც ის დასძენს,  უკვირს, რომ დღესდღეობით ასეთი მარტივი და, ერთი შეხედვით, ელემენტარული ფუნდამენტური უფლებებისთვის ქალებს ჯერ კიდევ ბრძოლა და ათასობით ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ბერკეტის გადალახვა უწევთ.

“საკუთარ კლიპსა და ჩემს შემოქმედებას ერთ გრძელვადიან სოცილურ პროექტად აღვიქვამ. ამ პროექტის შექმნის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა დავინახე, რომ ყირგიზეთში ძალიან ბევრი ფუნდამენტური პრობლემაა, რომელთა გადაწყვეტისთვის საზოგადოებამ გარკვეული ნაბიჯები უკვე უნდა გადადგას. მე თავს ფემინისტად და, ამავდროულად, ხელოვან ადამიანად აღვიქვამ. შესაბამისად, როდესაც დავინახე, რომ ყირგიზეთის ერთ-ერთი ასეთი ფუნდამენტური პრობლემა გენდერული დისრკიმინაცია და გენდერული ნიშნით შევიწროებაა, გადავწყვიტე, ჩემი შემოქმედება ამის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიმეძღვნა,” – ამბობს ზერე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მუსიკოსის თქმით, როდესაც მან დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა, წინასწარ მოემზადა, რადგან იცოდა, საზოგადოების მხრიდან ამას შეიძლება ნეგატიური რეაქცია მოჰყოლოდა. ზერე იხსენებს, რომ მიუხედავად ოჯახის, განსაკუთრებით კი მამის, დიდი მხარდაჭერისა, კლიპის ინტერნეტში გავრცელებამდე ყველა ნათესავისთვით არ უჩვენებია.

“როდესაც კლიპი გამოვიდა, თავდაპირველად ჩემმა ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა არაფერი თქვეს, თუმცა ცოტა ხანში დავინახე, რომ სწორედ ისინი მიცავდნენ ყველაზე მეტად სოციალურ ქსელებში. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ოჯახის წევრები აღმიქვამენ უპირველესად არა როგოც ნათესავს, არამედ როგორც პიროვნებას, რომელსაც შეიძლება რაღაცის მიმართ პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს,” – ამბობს ზერე.

ზერე იმედოვნებს, რომ მისმა კლიპმა ბევრ გოგოს მისცა ბიძგი, მიუხედავად ყველას აზრისა, ის ეკეთებინა, რასაც სამართლიან და სწორ საქციელად მიიჩნევს. როგორც მომღერალი გვეუბნება, ძალიან ბედნიერია, როდესაც ახალგაზრდა ქალებისგან მხარდაჭერისა და თანადგომის წერილებს იღებს, თუმცა ზერე კმაყოფილი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი კლიპი საზოგადოებას მოქმედებისკენ უბიძგებს.

“ის, რასაც მე ვაკეთებ, უპირველეს ყოვლისა, არის ჩემთვის. მე ვგრძნობ ამის საჭიროებას და მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა, განსაკუთრებით კი ქალები, თავისუფალნი იქნებიან. მე მინდა, რომ შემდგომი თაობები გაცილებით უფრო ნაკლებად გრძნობდნენ წნეხს და ისეთ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ, სადაც ადამიანებს აფასებენ არა მხოლოდ სქესის, რასის, გენდერული კუთვნილობისა და ა.შ. მიხედვით, არამედ აღიქვამდნენ როგორც პიროვნებებს,” – მიიჩნევს ზერე ასილბეკი.

ზერეს მოსაზრებით, სანამ ზემოხსენებული რეალობა არ დადგება, იქამდე ქალები უნდა ახსენებდნენ საზოგადოებას, რომ ისინი თავისუფალნი არიან და შეუძლიათ მრავალ წარმატებას მიაღწიონ. მისი თქმით, მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ქალები რაც შეიძლება ხმამაღალნი უნდა იყვნენ და არასდროს ერიდებოდნენ იმისთვის ბრძოლას, რაც მათ სწორად მიაჩნიათ.

“არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ მე არასწორი ვარ და ეყდრნობა რელიგიურ მიგნებებს. არის ხალხი, ვინც მკიცხავს იმიტომ, რომ ის, რასაც მე ვაკეთებ, ტრადიციულ მიდგომებს ეწინააღმდეგება. ისინი მეუბნებიან, რომ ყირგიზი ქალები ასე არ უნდა იქცეოდნენ. ამასთანავე, არიან ისეთებიც, ვინც ე.წ. body shaming-ს [ამა თუ იმ ადამიანის სხეულის კრიტიკა მეინსტრიმული სტანდარტების შეუსაბამობის გამო] ეწევიან და მეუბნებიან, რომ მე ასე არ უნდა მეცვას იმიტომ, რომ ჩემი სხეული რაღაც სტანდარტში არ ჯდება. ყველა ეს ფაქტორი ქალებისთვის ძალიან დიდი წნეხია. მე დროთა განმავლობაში ვისწავლე, რომ ამისთვის ყურადღება არ მიმექცია,” – განმარტავს ზერე.

ის გვიყვება, რომ ზემოხსენებული მიზეზების გამო ხშირად ემუქრებიან, რის გამოც სამართალდამცველებსაც მიმართა. როგორც ზერე დასძენს, მიუხედავად გარკვეული უნდობლობისა სამართალდამცველების მიმართ, მაინც არ გაჩერდება და თუ ჩათვლის, რომ მის უფლებებს არღვევენ, აიძულებს შესაბამის ორგანოებს, დაკისრებული მოვლეობების მიხედვით იმოქმედონ.

“რას ვურჩევდი ახალგაზრდა ქალებს? უპირველესად, ქალებმა უნდა გავიგოთ და გავაანალიზოთ, თუ რა გვინდა. ზუსტად უნდა ვიცოდეთ ის, რისკენაც მივდივართ, ჩვენი სურვილითაა განპირობებული თუ საზოგადოების მოლოდინით? რაც უნდა რთული იყოს, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ თავი დავიხსნათ სოციალური მოლოდინებისგან.

ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვურჩევ ყველა გოგოსა თუ ქალს, რომ წინასწარ იყვნენ მზად გაკიცხვისთვის. ეს აუცილებლად ასე იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, რას გავაკეთებთ. ვურჩევდი, რომ კონსტრუქციულ კრიტიკას მოუსმინონ გულისყურით, ხოლო სხვა დანარჩენს ყურადღება არ მიაქციონ,” – ამბობს ზერე.

ალინა ანისიმოვა

ალინა ანისიმოვა ახალგაზრდა ინჟინერია, რომელიც პირველ ყირგიზულ თანამგზავრს (სატელიტი) აწყობს და მის გაშვებას 2019 წლისთვის გეგმავს. ის “ყირგიზეთის კოსმოსური პროგრამის” ერთ-ერთი ლიდერია და თავის თანამოაზრეებთან ერთად ახალგაზრდა ქალებს ისეთ პროფესიებს ასწავლის, როგორიცაა პროგრამირება და საინჟინრო მეცნიერება.

“უკვე ორი წელია, რაც პროგრამისტად და ინჟინრად ვმუშაობ. ამასთანავე, სხვა გოგოებსაც ვასწავლი იგივეს. განსაკუთრებით მიხარია, რომ მე ყირგიზეთის კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი ლიდერი გავხდი და ჩემს გამოცდილებას სხვა ქალებს ვუზიარებ,” – ყვება ალინა.

თანამგზავრს, რომელზეც ალინა საუბრობს, მხოლოდ გოგოები აწყობენ. ის დასძენს, რომ როდესაც ორგანიზაცია Klop-ში სასწავლო კურსები დაიწყო, ტექნიკურ პროგრამებზე, როგორიც იყო რობოტექნიკა და პროგრამირება, ძალიან ცოტა გოგო მიდიოდა. სწორედ ამიტომ, ორგანიზატორებმა, მათ შორის ალინამ, გადაწყვიტეს, ისეთი კურსები შეექმნათ, რომელიც მხოლოდ ქალებსა და გოგოებს მიიღებდა.

“ჩვენ გავარკვიეთ, რომ ასეთი სატელიტის შექმნა საკმაოფ იაფი ღირს და პაზლიც აეწყო. გადავწყვიტეთ,  პირველი კოსმოსური თანამგზავრი, რომელსაც ყირგიზეთიდან გაუშვებენ, ქალების შექმნილი იქნება. რადგან მე ვიყავი ერთადერი გოგო, რომელიც ორგანიზაციაში ტექნიკურ საკითხებს ოპერირებდა, გადაწყდა, რომ გოგოების ტრენერი მე ვიქნებოდი,” – ამბობს ალინა.

როგორც ის გვიყვება, კურსზე ყველაზე ხშირად ის გოგოები მიდიან, რომლებიც არ ეთანხმებიან, რომ არსებობს “კაცებისა და ქალების სამსახურები”. ალინა დასძენს, რომ კურსზე ჩაწერილი გოგოები მისი შთაგონების წყაროები არიან, ვინაიდან ყველა მზადაა, იბრძოლოს საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და განვითარების უფლებისთვის.

“მე ძალიან გამიმართლა, რომ ოჯახი მხარს ასე ძალიან მიჭერს. ჩემთვის არასდროს უთქვამთ, რომ ესა და ეს პროფესია ქალისთვის არ არის. პირიქით, ბებიაჩემი იყო ის ადამიანი, ვინც მიბიძგა, რომ პროგრამირების გზას გავყოლოდი. ძალიან მინდა, რომ სხვა გოგოებისთვის ერთგვარი მაგალითი გავხდე იმისა, რომ ტექნიკურ ცოდნას სქესი არ აქვს.

“არის ისეთი მომენტები ცხოვრებაში, როდესაც სერიოზული არჩევანის წინაშე დგახარ. მე მინდა, რომ ამ მდგომარეობაში გოგომ, რომელიც გადაწყვეტს, მისი მომავალი ტექნიკურ მეცნიერებებს დაუკავშიროს, გააგრძელოს ეს გზა და იცოდეს, მას ჩვენ დავეხმარებით. ჩვენი კურსი უფასოა და ამჟამად მუდმივად 8-10 გოგო დადის. დანარჩენებთან კი ყოველდღიური კავშირი გვაქვს სოციალური ქსელებით,” – განმარტავს ალინა.

ალინა, რომელიც კაცების მიერ დომინირებულ სფეროში მუშაობს, დასძენს, რომ ზოგჯერ კაცები ვერ ხედავენ, თუ როგორ ცუდად ექცევიან ქალებს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მისი სიტყვებით, კაცები ხშირად მიიჩნევენ, რომ ქალების შევიწროება და ზოგჯერ მათზე ძალადობა ნორმალურია. ამის მიზეზიც შეიძლება იყოს ისიც, რომ მეინსტრიმულ მედიაში წარმოდგენილნი არიან მხოლოდ როგორც სექსუალური ობიექტები.

“კაცებმა საკუთარი საქციელი უნდა დაინახონ მესამე პირის თვალიდან. ისინი უნდა ხედავდნენ, რომ ქალზე ძალადობა ცუდია. მედიაში ქალებს ძირითადად აშუქებენ მხოლოდ როგორც კაცებისთვის სასურველ ადამიანებად. მე, როგორც ქალს, მინდა ჩემზე წერდნენ მაშინ, როდესაც რამეს მივაღწევ. აი, მაგალითად, როდესაც სატელიტს გავუშვებ და არა მხოლოდ მაშინ და იმიტომ, რომ ლამაზად ან სექსუალურად გამოვიყურები. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით,” – ამბობს ალინა და დასძენს, რომ ახლა, როგორც არასდროს, ქალებს ამის რეალური შესაძლებლობა და ძალა აქვთ.

ალინა ამბობს, რომ დისკრიმინაციას ყოველდღე ხვდება. მისი თქმით, ხშირად  დახმარებისთვის კაცები მხოლოდ იმიტომ არ მიმართავენ, რომ ქალია. ალინას აზრით, კაცები თვლიან, რომ რაკიღა ის ქალია, შეუძლებელია პროგრამირებაში უფრო მეტი იცოდეს, ვიდრე მათ იციან. ამას ალინა ნაკლებ ყურადღებას უთმობს, ვინაიდან ურჩევნია, რომ საქმით დაამტკიცოს თავისი ცოდნა.

“ახალგაზრდა ქალებს ვურჩევ, რომ არჩეული გზა აუცილებლად გააგრძელონ. თუ მათ აქვთ ინტერესი რაიმე სფეროს მიმართ, არ მიატოვონ. ჩვენ ვცხოვრობთ ინტერნეტის ეპოქაში. ინტერნეტი კი ინფორმაციის საგანძურია. ჩვენ ირგვლივ წარმოუდგენლად ბევრი ინფორმაციაა, ჩვენ კი მას არ ვიყენებთ.

ვურჩევ გოგოებს, რომ ეძებონ კურსები, ონლაინ გაკვეთილები და სხვადასხვა ღონისძიებები, რომელთა უმეტესობაც ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია. რაც შეეხება ოჯახს, ქალისთვის ოჯახი ხშირად პრობლემურია… ზოგჯერ მათ არ ესმით, ამისთვის საჭიროა ბევრი საუბარი მათთან.. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, გახსოვდეთ, ეს თქვენი ცხოვრებაა,” – ამბობს ალინა.

აიდაი ერკებაევა

აიდაი ერკებაევა ყირგიზი ჟურნალისტი და ფემინისტია. ნეტგაზეთთან იხსენებს, რომ 2017 წელს, ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჟურნალისტური გამოძიება დაწერეს და სახელმწიფო ამომრჩეველთა ხმების გაყალბებაში ამხილეს. როგორც აიდაი გვიყვება, ჟურანლისტიკაში ხშირია, როდესაც ქალებს არასერიოზულად აღიქვამენ, განსაკუთრებით კი ეს კაც პოლიტიკოსებს ეხებათ.

“ჩემს შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ქალი ვარ, კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, კერძოდ, ჩემი ასაკი. Klop Media-ში, იმ მედიასაშუალებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალი ავტორი მუშაობს და ეს პრობლემა, მგონია, რომ ყველას წინაშე დგას.

ხშირად ყოფილა, როდესაც რომელმე პოლიტიკოსს ან დეპუტატს ვეკითხები, მაგალითად, წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ და ისინი ამ კითხვებს აღიქვამენ არასერიოზულად და ფამილარულად მეპყრობიან. საპიწრონედ, მე არ ვეშვები იქამდე, სანამ ადეკვატურ პასუხს არ მივიღებ,” – განმარტავს აიდაი.

ჟურანლისტის მოსაზრებით, ის რომ კაცი ყოფილიყო, ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა, თუმცა ამ გარემოებას პრობლემად და წინააღმდეგობად არ აღიქვამს.

“მამაჩემი იყო ჟურნალსიტი. მახსოვს, როდესაც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ჩემს სამომავლო პროფესიაზე ველაპარაკებოდი, ყოველთვის მეუბნებოდა – რაც გინდა, ის აირჩიე, ოღონდ ჟურნალისტიკა არა. მამაჩემი მეუბნებოდა, რომ ეს სფერო ძალიან რთულია, ბევრი სამუშაოა და ბევრი სტრესი, ხელფასი კი ცოტა. თუმცა, როდესაც სკოლა დავამთავრე, მივედი და ვუთხარი, ჟურნალისტი უნდა გავხდე-მეთქი. ფაქტად მოვახსენე და მანაც მხარი დამიჭირა,” – იხსენებს აიდაი.

აიდაის თქმით, ყველა ადამიანი თავისი არსით განსაკუთრებულია. თუმცა, თუ კაცებს, როგორც წესი, ისე აღიქვამენ, როგორც საინტერესო პიროვნებებს, ქალების შემთხვევაში ეს სხვანაირადაა. ის ამბობს, რომ ნებსიმიერ პროფესიაში ქალი უპირველეს ყოვლისა ქალია და შემდეგ უკვე პიროვნება. მისი თქმით, ყველაზე მწვავედ ეს ისეთი სფეროებში ჩანს, როგორიცაა სერვისი. მაგალითისთვის, ოფიციანტები განსაკუთრებით მძიმედ გრძნობენ ამ წნეხს, ვინაიდან სამსახურის დაწყებიდან სხვადასხვა სახის, მათ შორის, სექსუალური შევიწროების სამიზნეები ხდებიან.

“ეს საშინელებაა და ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. ცენტრალური აზიის ქვეყნები საკმაოდ პატრიარქალურები არიან და აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს რელიგია. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ქალთა უფლებებზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ზეგავლენა და ნორმები, რომლებსაც მუსულმანური კულტურა აყალიბებს.

მახსოვს, ანალიტიკურ სტატიას ვწერდი ზერეს კლიპზე და აღმოვაჩინე, რომ კრიტიკოსთა აბსოლუტური უმტესობა ამბობდა იმას, რომ ის მუსლიმია და, შესაბამისად, ასე არ უნდა ექცეოდეს. მეორე ნაწილი კი მის ეთნიკურ კუთვნილებას უსვამდა ხაზს. ხალხი ამბობდა, რომ თუ ის ყირგიზეთში ცხოვრობს, რაღაც ნორმებს უნდა დაემორჩილოს. ეს ჩემთვის საერთოდ არ არის არგუმენტი და, სიმართლე ითქვას, აბსურდულად მეჩვენება,” – განმარტავს აიდაი.

ჟურნალისტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ყირგიზეთში პრობლემა სამართალდამცველებშიც არის. მისივე თქმით, პოლიციელ კაცებს უცნაური სოლიდარობის გრძნობა უჩნდებათ ბრალდებული კაცების მიმართ. აიდაი დასძენს, რომ ხშირად, როდესაც კაცებს შევიწროებაში ადანაშაულებენ, პოლიცია, როგორც წესი, ან ჯარიმას გამოწერს, ან შენიშვნით შემოიფარგლება.

როგორც აიდაი განმარტავს, ხშირად, კაცები მიიჩნევენ, რომ მათ უფრო მეტი ეპატიებათ, ვიდრე ქალებს. ასე, მაგალითად, თუ ქალი მიმართავს პოლიციას, ზოგჯერ მას ეუბნებიან, რომ ასეთი ქცევა ყირგიზეთში ქალისთვის მიუღებელია.

რაც შეეხება თავისი პროფესიისა და ფემინიზმის კავშირს, აიდაი ამბობს,როგორც ის, ასევე მისი რედაქცია, პრინციპულად იყენებს ფემინიტივებს [ავტორისგან: ფემინიტივი პროფესიის გამომხატველი სიტყვებისთვის სქესის გამომხატველი სუფიქსების დართვას გულისხმობს. ქართული ენა გენდერულად ნეიტრალურია, თუმცა ისეთი ენის გრამატიკებში, როგორიცაა, მაგალითად, გერმანული ან რუსული, ყველა სახელი სქესის მიხედვით ფორმას იცვლის. მაგ. Der Journalist (გერ. ჟურნალისტი კაცი); Die Journalistin (გერ. ჟურნალისტი ქალი)].

“მე და ჩემი რედაქცია მივიჩნევთ, რომ თუ რაღაც ისეთი მოხდა, რაშიც მნიშვნელოვან როლს ქალი იურისტი ან ქალი ავტორი თამაშობს, ამას ხაზი უნდა გაესვას. ხშირად ამის გამო კომენტარებში გვკიცხავენ. ჩემთვის ეს საზოგადოების განწყობაზე ბევრ რამეს ამბობს, სწორედ ამიტომ, ვცდილობ, სიტუაცია გავაუმჯობესო,” – ამბობს ჟურნალისტი.

როგორც აიდაი ამბობს, როდესაც ვიღაცას შენი არ სჯერა, მას უნდა დაუმტკიცო, რომ ეს შეგიძლია. მისივე მოსაზრებით, სხვა გამოსავალი არ არსებობს.

“მე ვთვლი, რომ აქტივისტი და ფემინისტი ვარ. და რაც ვისწავლე, არის ის, რომ საკუთარ თავს კონკრეტული ამოცანები დავუსვა. მალე 20 წლის გავხდები, თუმცა უკვე შემიძლია სხვასაც ვასწავლო ჟურნალისტიკა, ვიმოგზაურო და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში ჩემი წვლილი შევიტანო.

დასაწყისში ყოველთვის გგონია, რომ არასწორი ხარ, ცუდი ხარ, სისულელეებს აკეთებ, სხვებს უკეთ გამოსდის, შენ რატომ არ გამოგდის და ა.შ. ვურჩევ ახალგაზრდა გოგოებს, ამ აზრებს არ აჰყვნენ და გააგრძელონ თავიანთი საქმის კეთება. მალე მიხვდებიან, საქმეს ისე გაისისხლხორცებენ, ერთგვარ ინსტინქტში გადაეზრდებათ და დაინახავენ, რომ საქმეს უფრო შემოქმედებითად მიუდგებიან. მე პირადად ყველაფრისთვის მზად ვარ, თუ მეცოდინება, რომ რაღაც დროის შემდეგ უკან მოვიხედავ და დავინახავ, რაღაცას მივაღწიე,” – დასძენს აიდაი.

აიდაი (მარცხენა); ზერე (ცენტრში) და ალინა(მარჯვენა). ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი