ახალი ამბებისამართალი

სოცქსელში არასრულწლოვნის შანტაჟისა და ადევნების ბრალდებით პირს 4 წელი მიუსაჯეს

15 ნოემბერი, 2018 • 1828
სოცქსელში არასრულწლოვნის შანტაჟისა და ადევნების ბრალდებით პირს 4 წელი მიუსაჯეს

სასამართლომ ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირს, რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების მოპოვება, შანტაჟსა და ადევნებაში, სასჯელად 4 წელი მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული პირი სასამართლოს განჩინების საუძველზე 2018 წლის 30 აგვისტოს ქალაქ რუსთავში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, პროცესზე დადასტურდა, რომ პირმა სოციალური ქსელის საშუალებით არასრულწლოვანის ცხოვრების ამსახველი ინტიმური დეტალები შეიტყო. ამ ინფორმაციის გამჟღავნების მუქარით მან სოციალური ქსელის მეშვეობით არასრულწლოვანს საკუთარი ინტიმური ფოტოები გააგზავნინა და მათი გამჟღავნების მუქარით, 2018 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში სოციალური ქსელის და მობილური ტელეფონის საშუალებით დაზარალებულთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა.

მუქარების და ზეწოლის ფონზე არასრულწლოვანი ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა, რის გამოც რამდენიმე სოციალურ ქსელში პირადი გვერდი გააუქმა, რომლებსაც მანამდე აქტიურად იყენებდა და მისი ყოველდღიური ცხოვრების წესს წარმოადგენდა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა) და 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, ე.ი. პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს) წარუდგინა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი