ახალი ამბები

პროფკავშირებმა არჩევნებში ზურაბიშვილს გამოუცხადეს მხარდაჭერა

15 ნოემბერი, 2018 • 4016
პროფკავშირებმა არჩევნებში ზურაბიშვილს გამოუცხადეს მხარდაჭერა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს მხარდაჭერას.

პროფკავშირების წარმომადგენელმა 15 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების პერსპექტივას “რევანშისტული ძალის პოლიტიკაში დაბრუნება” უწოდა.

წინა დღეს, 14 ნოემბერს, ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა.

“როგორც წარმომადგენლები იმ დასაქმებული ადამიანების, რომლებიც არიან საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სტრუქტურებში წარმოდგენილნი, ვალდებულნი ვართ, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და გავიზიაროთ ბატონი ირაკლის [პეტრიაშვილის] აი, ამ ღრმა ანალიზის საფუძველზე გაკეთებული განცხადება”, – განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე ვიტალი გიორგაძემ, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა.

გიორგაძე საუბრობს გაერთიანებული პროფკავშირების თავმდჯომარის, ირაკლი პეტრიაშვილის მიერ 14 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე, სადაც იგი ზურაბიშვილს უცხადებს მხარდაჭერას.

პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ თუ პროფკავშირული ლიდერები მის პოზიციას არ გაიზიარებდნენ, მზად იყო, თანამდებობა დაეტოვებინა და “რიგითი მოქალაქის” რანგში გაეგრძელებინა “ბრძოლა”.

პროფკავშირების ლიდერები შეუერთდნენ პეტრიაშვილს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ვიტალი გიორგაძესთან ერთად, იმყოფებოდნენ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია, აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე და სხვები.

პროფკავშირების გაერთიანების წესდების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ გაერთიანება “დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, მეწარმეთა (დამსაქმებელთა) გაერთიანებების (ასოციაციების), პოლიტიკური პარტიებისა და სხვა ორგანიზაციებისაგან”.

“ჩვენ, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოვადგენთ სხვადასხვა დასაქმებულ ადამიანს, ვალდებულნი ვართ, მოვიწვიოთ ეს ადამიანები სამშაბათს, 5 საათზე, მოვუსმინოთ მათ და ერთობლივად დავგეგმოთ ჩვენი ბრძოლის სტრატეგია, რომელიც ქვეყანას გაიყვანს იმ ბრძოლის ველზე, რომელიც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი”, – განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე ვიტალი  გიორგაძემ, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა.

“ვთვლით, რომ დღევანდელი არსებული პოლიტიკური სიტუაცია აუცილებლად საჭიროებს ახალი რეალური პოლიტიკური ძალის შექმნას და ვთვლით, რომ დღევანდელმა მმართველმა ძალამ უნდა შეუწყოს ხელი ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობის დამკვიდრებას. რევანშისტული ძალის პოლიტიკაში დაბრუნებით შემთხვევაში ეს პერსპექტივა მოისპობა”, – განაცხადა დღეს გიორგაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი