70 წლის ქალი ოჯახის წევრებს ძალადობაში ადანაშაულებს, ენმ-ს კი, მათ მოსყიდვაში

გურჯაანში მცხოვრები 70 წლის ქალი ოჯახის წევრებს პოლიტიკური არჩევანის გამო ძალადობაში ადანაშაულებს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ წარმომადგენელს კი — მათ მოსყიდვაში.

გულნაზ ცანკაშვილი, მცხოვრები გურჯაანის სოფელ ვეჯინში, ამბობს, რომ მისმა ოჯახის წევრებმა — შვილმა და რძალმა — სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო სცემეს;

ცანკაშვილი ამბობს, რომ ჯერ საკუთარმა შვილმა სცემა, შემდეგ კი რძალმაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის მიზეზი, ცანკაშვილის განმარტებით, ის იყო, რომ არჩევნებზე ხმა მისცა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, რასაც შვილისა და რძლის უკმაყოფილება მოჰყვა.

შსს-ის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის, მუხლით;

მოსყიდვის ბრალდება ენმ-ს

ცანკაშვილი იმასაც ამბობს, რომ მის შვილსა და რძალს ენმ-ის ადგილობრივმა კოორდინატორმა, ელმირა ბეციაშვილმა, გარკველი რაოდენობის თანხა გადაუხადა, რათა გრიგოლ ვაშაძისთვის დაეჭირათ მხარი.

“რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ელმირა ბეციაშვილმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ამის არც ფინანსური შესაძლებლობა აქვს და “არც პარტია მუშაობს ამომრჩევლის მოსყიდვაზე”.

ნეტგაზეთს ენმ-ის კახეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა, უთხრა, რომ ეს ბრალდება “არასერიოზულია”. მან ცანკაშვილის განცხადებას “ქართული ოცნების დადგმული” უწოდა.

ბოტკოველი აცხადებს, რომ “სოფელ ვეჯინის დეპუტატი [ზურაბ მუხულიშვილი] და გამგებელი ყველაფერს აკეთებენ”, რათა მეორე ტურში ზურაბიშვილის გამარჯვებას მიაღწიონ.

საპასუხო ბრალდება

“მათ საყვედურები მიიღეს, რადგან წააგეს სოფელი და ყველა სიბინძურეზე მიდიან და ებრძვიან სოფლის ექიმს [ელმირა ბეციაშვილს]”,- ამბობს ბოტკოველი.

ბოტკოველის თანახმად, ბეციაშვილი არ იღებს ენმ-სგან ხელფასს და “უბრალოდ პარტიის მხარდამჭერია” და ენმ-ის წარმომადგენელი იყო სოფელი ვეჯინის საარჩევნო უბანზე.

ადგილობრივ ტელეკომპანია “გურჯაანთან” საუბარში სოფელ ვეჯინის დეპუტატი, ზურაბ მუხულიშვილი ამას “ცრუ ბრალდებას” უწოდებს. “მე ასე არ ვცხოვრობ… არ ვიცი, ალბათ თვითონ დიდი პრობლემები აქვს და უკვე ყველაფერზე მიდის”, -ამბობს იგი.

“ნეტგაზეთს” შსს-ში უთხრეს, რომ ამ საკითხზე დეტალებს ხვალ მოგვაწვდიან.

გარეკანზე: სქრინშოტი “გურჯაანის” კადრებიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.