ახალი ამბები

15 ორგანიზაცია მირტაგი ასადოვის ბაქოში დაკავების საქმეზე ხელისუფლებისაგან რეაგირებას ითხოვს

14 ნოემბერი, 2018 • 1507
15 ორგანიზაცია მირტაგი ასადოვის ბაქოში დაკავების საქმეზე ხელისუფლებისაგან რეაგირებას ითხოვს

რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარის, შეიხ მირტაგი ასადოვის დაკავების საქმეზე განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას ხელს აწერს 15 ორგანიზაცია. მისი ავტორები საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღონ დროული და ეფექტური ღონისძიებები დაკავებული სასულიერო პირის უფლებების აღსადგენად:

“შეიხი მირტაგი ასადოვი საქართველოს მოქალაქეა და რელიგიურ და საქველმოქმედო მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად მუშაობს საქართველოში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვასა და თანასწორობის ხელშეწყობაზე.

შეიხი მირტაგი ასადოვი განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა სახელმწიფოს იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც საქართველოში მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლსა და ინტერვენციაზე არის ორიენტირებული. შეიხი მირტაგი ასადოვი ხშირად გამოხატავს ქართველი აზერბაიჯანელი თემის უკმაყოფილებებს და საჭიროებებს და ამგვარად სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვან გამოცდილებას ქმნის რეგიონში” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, ასადოვმა საქართველოს საზღვარი 7 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, წითელი ხიდის საბაჟო-გამშვებ პინქტზე გადაკვეთა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევიდა, რა დოროსაც ის ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დააკავეს:

“მ. ასადოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მოგვიანებით ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე გადასვლისთანავე, სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს, ცალკე გაიყვანეს და დაახლოებით ერთსაათიანი ლოდინის შემდგომ, მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ მასთან ერთად წასულიყო და მ. ასადოვს თავად წაიყვანდნენ ბაქოში”, – წერია განცხადებაში.

NGO-ები აცხადებენ, რომ 7 ნოემბრის შემდეგ თითქმის 4 დღის განმავლობაში დაკავებული სასულიერო პირის ადგილსამყოფელისა და ბედის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ.

განცხადების ხელმომწერების თქმით, პირველივე დღეებში მირტაგი ასადოვის ადვოკატებმა მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველს და დაკავებული სასულიერო პირის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება ითხოვეს, თუმცა მათგან ამ დრომდე არ მიუღიათ ოფიციალური პასუხი:

“მხოლოდ აზერბაიჯანში კერძო ადვოკატის მოძიების შემდეგ გახდა შესაძლებელი ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციის მიღება მ. ასადოვის დაკავების მიზეზების შესახებ. ადვოკატის მიერ გაზიარებული ინფორმაციისა და აზერბაიჯანის სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, გაირკვა, რომ მირტაგი ასადოვს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა თითქოსდა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო”, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს 15 არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაცია აწერს.

გნაცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ მან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2018 წლის 8 ნოემბერს ქალაქ ბაქოში, ნარიმანოვის რაიონში ა. ალიზადეს ქუჩაზე ჩაიდინა, რაც მის მიერ ქუჩაში ხმამაღლა ყვირილში, პოლიციის მოწოდების შემდეგ კი მათთვის წინააღმდეგობის გაწევაში გამოიხატა:

“პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან როგორც ოჯახის წევრები და სხვა მოწმეები უთითებენ, მ. ასადოვის დაკავება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის კვეთისთანავე, 7 ნოემბერს განხორციელდა და ბაქოში შეიხი მხოლოდ მოგვიანებით, დაკავების შემდეგ გადაიყვანეს, რაც ასევე დასტურდება მძღოლის მიერ ოჯახის წევრებისთვის იმავე დღეს მიწოდებული ინფორმაციით” ,- აცხადებენ ორგანიზაციებში.

შესაბამისად, NGO-ები და რელიგიური ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღიშნულ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის ეჭვის საფუძველს. ასადოვის ადვოკატს და მეუღლეს კი, რომელიც ბაქოში ცხოვრობს, ამ დრომდე არ მისცემია მისი მონახულების შესაძლებლობა.

ოჯახის წევრებსა და არასამთავრობო/რელიგიურ ორგანიზაციებს არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაკავების დროს და შემდგომ პერიოდში მოპყრობის შესახებ აქვთ ინფორმაცია :

“აზერბაიჯანის ციხეებში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის სისტემური პრობლემისა და დაუსჯელობის შესახებ არაერთი საერთაშორისო ანგარიშის გათვალისწინებით, ეს გარემოება განსაკუთრებით შემაშფოთებელი და საგანგებო ხდება”, – წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და იმედს იტოვებენ, რომ შეიხ მირტაგი ასადოვის დაკავება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ უკავშირდება საქართველოში მის საჯარო საქმიანობას:

“საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის უკანონო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო თანამშრომლობის პრაქტიკები, სამწუხაროდ, ნათლად გამოჩნდა საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებისა და აზერბაიჯანიდან დევნილი სხვა დისიდენტების საქმეებზე.

მირტაგი ასადოვის მიმართ გამოყენებული სამართალდარღვევის დაუსაბუთებლობა შესაძლო პოლიტიკური დაინტერესებულობის შესახებ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს”, – აცხადებენ რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა მისი მოქალაქის, მირტაგი ასადოვის უფლებების დასაცავად, მათ შორის, მის საქმეში სამართლიანი სასამართლო უფლების რეალიზებისთვის პირობების ხელშეწყობისა და შესაძლო დამამცირებელი, არაადამინური მოპყრობისა და წამებისაგან მისი დაცვის მიზნით.

ამ კუთხით ორგანიზაციები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში დაუყოვნებლივ მოინახულოს მირტაგი ასადოვი, შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მ. ასადოვის ოჯახის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას კი მოუწოდებენ, რომ  დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მირტაგი ასადოვის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება და ოჯახის წევრებისა და ადვოკატის მიერ იზოლატორში მისი დროული მონახულების უფლების რეალიზება.

საერთაშორისო ორგანიზაციებს და აზერბაიჯანში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს კი განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ, მათი მანდატის ფარგლებში მიიღონ ზომები მირტაგი ასადოვის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით და გავლენა მოახდინონ აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე უფლების შემდგომი დარღვევის თავიდან არიდების მიზნით.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • მედიის ინსტიტუტი
  • საქართველოს წამების მსხვეპლთა ფსიქოსოციალური და სამეციდინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • საერთო-სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვანი საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი