ახალი ამბები

როგორ შეიძლება ბანკის დირექტორი იმდენივეს იხდიდეს, რამდენსაც მისი თანამშრომელი? – სააკაშვილი

14 ნოემბერი, 2018 • 1717
როგორ შეიძლება ბანკის დირექტორი იმდენივეს იხდიდეს, რამდენსაც მისი თანამშრომელი? – სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროგრესული დაბეგვრის მომხრეა. ფეისბუქ ლაივში სააკაშვილმა თქვა, რომ არ შეიძლება ბანკის დირექტორი და მოლარე-ოპერატორი თანაბარ გადასახადს იხდიდნენ ბიუჯეტში. კითხვაზე, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ მდიდრებმა მეტი უნდა გადაიხადონ, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ამ პოზიციას იზიარებს.

პროგრესული დაბეგვრის დროს გადასახდელი თანხის განაკვეთი მაღალი შემოსავლის მქონე პირების შემთხვევაში უფრო დიდია.

“თიბისი ბანკის” დირექტორი წელიწადში 15 მლნ ლარს იღებს. როგორ შეიძლება ის იმდენივე გადასახადს იხდიდეს, როგორც მისი თანამშრომელი, რომელიც თვეში 800 ლარს იღებს? ერთი და იგივე გადასახადს იხდის ბანკის მოლარე და ბანკის დირექტორი. ეს არის ნორმალური სიტუაცია?! რა თქმა უნდა, ეს ვითარება შეიცვლება. ფულის გადანაწილება უფრო დაუცვლებზე უნდა მოხდეს,” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

“მოძრაობა ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამაში გადასახადების შემცირებაზეა საუბარი. მეტიც, ვაშაძე მოქალაქეებს ჰპირდება, რომ საშემოსავლო გადასახადი დარჩება ერთიანი განაკვეთის მქონე ყველა პირისათვის.

“გადასახადების კიდევ უფრო შემცირებით საქართველო ერთ-ერთი განსაკუთრებული და მიმზიდველი ქვეყანა უნდა გახდეს ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენ შევამცირებთ საშემოსავლო გადასახადს 15 პროცენტამდე, ასევე შევამცირებთ სააქციზო განაკვეთს ნავთობპროდუქტებზე,” – ვკითხულობთ ვაშაძის პროგრამაში.

გადასახადების შემცირება/გაზრდას მხოლოდ პრეზიდენტის კომპტენეცია არ ეყოფა და მის განსახორციელებლად საჭიროა, რომ კანდიდატის პოლიტიკური გუნდი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაშიც უმრავლესობით იყოს წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი