ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საერთაშორისო მოთხოვნები ყარაბაღში პირველად გააპროტესტეს აქციებით

22 მაისი, 2014 • • 1360
საერთაშორისო მოთხოვნები ყარაბაღში პირველად გააპროტესტეს აქციებით

უორლიკმა კარნეგის ფონდში ნაწილობრივ გაახმოვანა აშშ-ის პოზიცია და წარმოადგინა ყარაბაღის პრობლემის მოგვარების 6-პუნქტიანი გეგმა:

 

I პუნქტი – მთიანი ყარაბაღის რთული ისტორიის გათვალისწინებით, მხარეები უნდა შეთანხმდნენ, რომ იურიდიული სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ურთიერთშეთანხმებით და მომავალში იურიდიული ძალის მქონე გამოხატულებით. ეს არ არის არჩევითი ვარიანტი. შეზღუდული სტატუსი იქნება დროებითი;

ანაიტ დანიელიანი
ანაიტ დანიელიანი

II პუნქტი – ტერიტორიას, რომელიც არის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში და არ არის ბაქოს კონტროლის ქვეშ, უნდა მიენიჭოს გარდამავალი სტატუსი, უსაფრთხოების და თვითმმართველობის გარანტიით;


III პუნქტი – მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ოკუპირებული მიწები უნდა დაბრუნდეს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობის პირობებში კონფლიქტის დარეგულირება შეუძლებელია და ამ ტერიტორიებზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი უნდა აღდგეს;

IV პუნქტი – უნდა გაკეთდეს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დარეფანი, რაც იქნება ძალიან ფართო და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მაგრამ მან არ უნდა დაიკავოს მთელი ლაჩინის რაიონი;


V პუნქტი – კონფლიქტის მოგვარების პროცესში უნდა იქნას აღიარებული იძულებით გადაადგილებული პირების უფლება, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში;


VI პუნქტი – კონფლიქტის მოგვარების პროცესში საერთაშორისო გარანტიებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამშვიდობო ოპერაცია. არ არსებობს არც ერთი სცენარი, რომლითაც მშვიდობა უზრუნველყოფილი იქნება კარგად დამუშავებული და დამსახურებული ნდობის გარეშე სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე ყველა მზარეს შორის.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ვიზიტი ყარაბაღში
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ვიზიტი ყარაბაღში

 

ეს ყველაფერი, ცხადია, არ წარმოადგენს სიახლეს, ამაზე საუბარია წლების მანძილზე და ამ ხნის განმავლობაში ყარაბაღის მოსახლეობა და მთავრობა უთანხმოებას ამ საკითხზე მუდმივად გამოხატავდნენ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ არა საპროტესტო აქციებით. ამჯერად გამონაკლისი მოხდა, თუმცა საპროტესტო აქციები, შესაძლოა, მომავალშიც განმეორდეს, რადგან ამ ექვსი პუნქტის განხორციელება ყარაბაღში ომის განახლებად მიაჩნიათ.

მას შემდეგ, რაც ათასობით ადამიანი დაიღუპა ომში, ყარაბაღში ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ, რომელიც ამჟამად არსებული ტერიტორიიდან რაიმე ნაწილს დათმობს, ან ხელთავიდან აზერბაიჯანელებთან პირისპირ თანაცხოვრებას დათანხმდება. ეს ახალი თაობისთვისაც გაუგებარია, რომელთა მშობლები შეეწირნენ ან დაინვალიდდნენ სამშობლოს დასაცავად ომში.

სწორედ ამ თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ 17 მაისს ბერძორ-ქაშათაღის (ყოფილი ლაჩინის) რაიონულ ცენტრში, რათა გამოეხატათ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისადმი თავიანთი პროტესტი.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს ყარაბაღში საპროტესტო აქციით დახვდნენ - 17/05/2014
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს ყარაბაღში საპროტესტო აქციით დახვდნენ – 17/05/2014

 

“ჩვენ – ჩვენი მიწების პატრონები ვართ!” “არა საერთაშორისო სამშვიდობო ძალებს!” “პატივი ეცით ჩვენს უფლებებს!” “ჩვენ 1991 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება” – ასეთი ტრანპარანტები ეჭირათ აქციის მონაწილეებს.

ყარაბაღში აქციის მონაწილეებმა თანათავმჯდომარეებს გზა გადაუკეტეს
ყარაბაღში აქციის მონაწილეებმა თანათავმჯდომარეებს გზა გადაუკეტეს

ახალგაზრდებმა გზა გადაუკეტეს თანათავმჯდომარეებს, მოითხოვეს, რომ გადმოსულიყვნენ ისინი მანქანებიდან და მათ კითხვებზე ეპასუხათ. ახალგაზრდებს, ძირითადად, ამერიკელი თანათავმჯდომარე ჯეიმს უორლიკი ესაუბრებოდა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა თავიანთი მოთხოვნები გააცნეს.

ყარაბაღში აქციის მონაწილეებს ჯეიმს უორლიკი გაესაუბრა
ყარაბაღში აქციის მონაწილეებს ჯეიმს უორლიკი გაესაუბრა

 

ამის შემდეგ ახალგაზრდებმა თანათავმჯდომარეები ქაშათაღის რაიონის ადმინისტრაციის შენობამდე მიაცილეს, სადაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან – სურენ ხაჩატრიანთან გაიმართა შეხვედრა. ახალგაზრდები იქ შეხვედრის დასრულებამდე დარჩნენ, თან მეგაფონით აჟღერებდნენ თავინათი მოთხოვნებს კონფლიქტის დარეგულირების გზების შესახებ.

მეორე დღეს თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტ ბაკო სააკიანს შეხვდნენ. აღნიშნული შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყარაბაღისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება განსაკუთრებული ღირებულებაა და წარსულში დაბრუნება, როგორც სტატუსის, ისე საზღვრების ასპექტში, შეუძლებელია.

სტეპანაკერტში ჯეიმს უორლიკი სენსაციური განცხადებით გამოვიდა: ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას აქვს უფლება და უნდა იცოდნენ, თუ რა არის განხილვის საგანი და, შესაბამისად, გამოხატონ თანხმობა ან უთანხმოება. ახალგაზრდების აქციის შესახებ საუბრისას მან აღიარა, რომ ეს მისთვის სიურპრიზი იყო. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ თანათავმჯდომარეები პატივს სცემენ ხალხის უფლებას – მშვიდობიანი აქციებით წამოაყენონ მოთხოვნები და იქვე დაამატა, რომ საუბარი ახალგაზრდებთან ძალიან სასარგებლო იყო.

“აღნიშნული პუნქტები სიახლე არ არის, მათ შესახებ თანათავმჯდომარეები ადრეც საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, ეს საბოლოო ვარიანტი არ არის, კიდევ უნდა განვიხილოთ ყველაფერი, მაგრამ ეს პუნქტები შეიძლება დაედოს საფუძვლად დარეგულრების შემდგომ პროცესს”, – აღნიშნა უორლიკმა და ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება ამის დამალვა ხალხისთვის.

საპროტესტო აქცია ყარაბაღში, 17/05/2014
საპროტესტო აქცია ყარაბაღში, 17/05/2014

 

“მინსკის ჯგუფს არ შეუძლია ვინმეს თავს მოახვიოს გადაწყვეტილებები, აქ ჩვენ იმისთვის ვართ, რომ დავეხმაროთ ხალხს, მოვისმინოთ თქვენი აზრი და შევხვდეთ არა მხოლოდ დე ფაქტო მთავრობას, არამედ ხალხს. სულმოუთქმელად ველოდები შემდგომ შეხვედრებს,” – განაცხადა მან.

თანათავმჯდომარეეებსა და ბაკო სააკიანს შორის სტეპანაკერტში მიმდინარე შეხვედრის პარალელურად, აღორძინების მოედანზე ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარის, ჯეიმს უორლიკის განცხადებების წინააღმდეგ.

 

აქციის დროს მიიღეს მიმართვა, რომელშიც ახალგაზრდების პოზიციაა დაფიქსირებული აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების გზების შესახებ, რომელიც ასევე ექვსი პუნქტისგან შედგება:

1. კონფლიქტის მხარეებს წარმოადგენენ აზერბაიჯანი და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა. ყარაბაღის პრობლემის მოგვარება მხოლოდ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის უშუალო და სრულფასოვანი მონაწილეობით შეიძლება მოლაპარაკების პროცესში. ეს აუცილებელია. ყველა სხვა გადაწყვეტილება მხოლოდ ფურცელზე დარჩება. მთიან ყარაბაღს არავისთვის მიუცია უფლებამოსილება, რომ მის ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტლება სტატუსის ან რაიმე სხვა საკითხის შესახებ;

2. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საზღვრები უნდა იყოს ხელშეუხებელი. სომხური არწახის (ყარაბაღის) ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე სწორედ მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი იყოს შეზღუდული, რომელმაც არა მხოლოდ ვერ უზრუნველყო არწახის სომხების უსაფრთხოება, არამედ მოიტანა ტერიტორიული დაქუცმაცება და არწახის ისტორიული ტერიტორიის დეარმენიაზაცია;

3. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას არა მხოლოდ არ აქვს რომელიმე სახელმწიფოსთვის “დასაბრუნებელი” ტერიტორიები, არამედ მოითხოვს თავისი მიწების დაბრუნებას, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშაა. აზერბაიჯანი-ყარაბაღის პრობლემის მოგვარება არ შეიძლება ეფუძნებოდეს აზერბაიჯანის ან ვინმე სხვისი მხრიდან საერთაშორისო პრინციპების თვითნებურ ინტერპრეტაციებს;

4. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა შექმნილია ხალხის ნების თავისუფალდ გამოხატვის საფუძველზე ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დაბლოკვისა არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა;

5. ყველა საკითხი, რომელიც ეხება დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს, ურთიერთშეთანხმების ნიადაგზე უნდა გადაწყდეს მას შემდეგ, რაც მოხდება მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სტატუსის საბოლოო აღიარება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ;

6. აზერბაიჯანელის მიერ ველურად ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, როდესაც მან ნაჯახით დაჩეხა მძინარე სომეხი ოფიცერი ბუდაპეშტში, ნებისმიერი რწმუნება უსაფრთხოების შესახებ გარანტიების თაობაზე არის ტყუილი. ზავის 20-წლიანი პირობებში აზერბაიჯანი-ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მშვიდობა მხოლოდ ძალთა ბალანსის წყალობით შენარჩუნდა. ამდენად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი არის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვითი ჯარი.

ამის შემდეგ თანათავმჯდომარეები ყარაბაღის მხრიდან აზერბაიჯანში გადავიდნენ, სადაც გამართული შეხვედრების შემდეგ ტრადიციული განცხადებებით გამოვიდნენ.

რა ცვლილებებს მოიტანს ეს ყველაფერი, რთული სათქმელია, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ამჯერად ყარაბაღში ღიად და გასაგებად გამოხატეს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე არსებული პრინციპები მიუღებელია და რომ აქ არც ერთი მათგანის განხორციელებას არ აპირებენ.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი