არჩევნების დღე უქმედ გამოცხადდება – თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამბობს, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კომისიის სხდომაზე მიიღებენ. მისი თქმით,  არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს გაიმართება თუ არა, ამ საკითხზე საარჩევნო კოდექსში ჩანაწერი არ არის.

გუშინ, 13 ნოემბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, შესაძლოა, 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დაინიშნოს.

“აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების ნებისმიერი დღე საქართველოში უქმედ ცხადდება. ანუ რომელ დღესაც არჩევნები დაინიშნება, ის უქმე იქნება,” – ამბობს თამარ ჟვანია.

საქართველოში მოქმედი 3 სადამკვირვებლო ორგანიზაცია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” – ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებს.

ცესკოს დღევანდელი, 14 ნოემბრის, სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაცია შედეგების შეჯამებასთან ერთად კენჭისყრის თარიღსაც დანიშნავს, რაც არასამთავრობოების ინფორმაციით, იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ ოთხშაბათი, 28 ნოემბერი განისაზღვრება.

საარჩევნო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს და შემაჯამებელ ოქმს ადგენს კენჭისყრის გამართვიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა,  რაც დღევანდელი მოცემულობით 17 ნოემბერს, შაბათს წარმოადგენს. NGO-ების თქმით, საარჩევნო კოდექსი არ ავალდებულებს ცესკოს, შედეგები შეაჯამოს და გამოაცხადოს საარჩევნო დავების დასრულებისთანავე. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს კანონისმიერი შესაძლებლობა, არჩევნები შეაჯამოს შაბათს, 17 ნოემბერს და აქედან გამომდინარე, კენჭისყრის თარიღი დანიშნოს არასამუშაო დღეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.