ახალი ამბები

კალაძის თქმით, არჩევნების თარიღი ცესკოს დღის წესრიგზე დაყრდნობით დაასახელა

14 ნოემბერი, 2018 • 1468
კალაძის თქმით, არჩევნების თარიღი ცესკოს დღის წესრიგზე დაყრდნობით დაასახელა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 14 ნოემბერს, “ქართული ოცნების” შტაბში ყოფნისას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცესკოს განცხადებამდე დაასახელა. ნეტგაზეთმა განმარტებისთვის თბილისის მერიის პრესსამსახურს მიმართა.

“დილიდან ცნობილია და ცესკოს დღის წესრიგში აქვს, რომ საღამოს იქნება არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები იმართება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები თარიღის დასახელებასთან,” – ასეთი პასუხი გასცა ნეტგაზეთის კითხვას კახა კალაძემ.

კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან Edison Research-ის კვლევის შედეგებსა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ ისაუბრა.

კვლევითი ორგანიზაციის წინასაარჩევნო შედეგებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე არჩევნების მეორე ტურში 38%-ს აიღებს, ხოლო “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 34%-ს (კვლევის მეთოდოლოგია იხილეთ ბმულზე). სწორედ ამას გამოეხმაურა კალაძე და დასძინა, რომ გამოქვეყნებული კვლევა საზოგადოების აზრის მანიპულირების მცდელობაა.

“ჩვენ თუ გადავხედავთ ყველა წლების განმავლობაში, როგორ ცხადდებოდა კვლევები, რა შედეგებს გვეუბნებოდნენ და რა შედეგებს ვიღებდით არჩევნების შემდეგ, იყო კვლევა გამოქვეყნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი მესამე ადგილზე, იყო თუმცა რეალობა აღმოჩნდა განსხვავბული და 28 ნოემბერს აღმოჩნდება განსხვავებული რეალობა,” – ამბობს კახა კალაძე.

28 ნოემბერს აღმოჩნდება განსხვავებული რეალობა – კალაძე არჩევნების თარიღს ცესკომდე ასახელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი