ახალი ამბები

საბანკო სესხებზე შეზღუდვები კიდევ გადავადდა

14 ნოემბერი, 2018 • 2437
საბანკო სესხებზე შეზღუდვები კიდევ გადავადდა

საბანკო სესხებზე შეზღუდვები არც 15 ნოემბერს ამოქმედდება. ეროვნულ ბანკის ინფორმაციით, ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შემზღუდავი რეგულაციების დაწესების ახალი ვადა კომერციული ბანკებისთვის 2019 წლის პირველი იანვარია. რეგულაციების გადავადების მიზეზს ცენტრალური ბანკი მოგვიანებით განმარტავს.

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი დებულება პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა 30 ოქტომბერს, არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შემზღუდავი რეგულაციები კომერციული ბანკებისთვის 15 ნოემბრიდან ამოქმედდებოდა. მაშინ სებ-მა მხოლოდ ის თქვა, რომ დებულების გამარტივებაზე მუშაობა მიმდინარეობდა.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულება ჯერ კიდევ პროექტის სახით არსებობს. ის თავდაპირველად კომერციული ბანკებისთვის წესდება, ხოლო მოგვიანებით – მთლიანად შეეხება საფინანსო სექტორს.

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულაციებს ე.წ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების მოტივაციით ხსნის. სები კომერციულ ბანკებს ავალდებულებს, სესხის გაცემამდე მსესხებლის გადახდისუნარიანობა შეამოწმოს. ბანკის მიერ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვან ანალიზად ჩაითვლება, თუ ის მოახდენს მსესხებელი/თანამსესხებელი პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზს.

რაც შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტების წესის ცვლილებას, რომელიც კომერციული ბანკებითვის პირველი ნოემბრიდან უნდა შესულიყო ძალაში, დგინდება, რამდენი უნდა იყოს ყოველთვიური სასესხო გადასახადი ხელფასის მიმართ.


უკვე მეორედ გადავადებული რეგულაცია უნდა ყოფილიყო შემდეგნაირი:

სესხის მომსახურების კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებელი 500 ლარის შემთხვევაში 15%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ანუ სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში, თუ პირს აქვს 500-ლარიანი ყოველთვიური შემოსავალი, მას არ შეეძლება ისეთი სესხის აღება, რომლის დასაფარადაც თვეში 75 ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. 500-1000 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში, სასესხო ტვირთი 20% იქნება. დებულების ამჟამინდელი რედაქციით იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი განისაზღვრა.

შემოსავლების ზრდასთან ერთად, სასესხო ტვირთი შემდეგნაირად განაწილდება:

  • 1000-2000 ლარი – 25%;
  • 2000-4000 ლარი – 30%;
  • 4000-800 ლარი – 35%.
  • 5000-7000 ლარი – 40%

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი საბანკო რეგულაცია, რომელიც ფიზიკური პირების დაკრედიტების წესს განსაზღვრავს, სესხების აღებას შეამცირებს.

“ჩვენი გათვლებით იმ ადამიანების 40-50%, ვინც დღეს სესხს იღებს, 1 ნოემბრიდან სესხებს ვეღარ აიღებენ. მათთვის კი, ვინც სესხის აღებას მოახერხებს, ეს პროცედურა დროში გაიწელება. როგორც არ უნდა მოერგოს საბანკო სექტორი ამ რეგულაციებს, გარკვეული ადამიანები სესხის აღებას მაინც ვეღარ შეძლებენ”, – აცხადებდა ალექსანდრე ძნელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი