ახალი ამბები

არ მითქვამს, რომ მძიმე პაციენტზე თანხა არ უნდა იხარჯებოდეს – ვაშაძე GPB-ს ქარტიაში უჩივის

14 ნოემბერი, 2018 • 4307
არ მითქვამს, რომ მძიმე პაციენტზე თანხა არ უნდა იხარჯებოდეს – ვაშაძე GPB-ს ქარტიაში უჩივის

გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე მომაკვდავი ადამიანების მკურნალობის შესახებ პირველი არხის ეთერში გაკეთებულ განცხადებას განმარტავს და აცხადებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლებს, მისი თქმით, მანიპულაციური სათაურისთვის.

ვაშაძის თქმით, მას არ უთქვამს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მკურნალობაზე თანხა არ უნდა იხარჯებოდეს და არც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები შეუდარებია “შავი ხვრელებისთვის”, რაც პოლიტიკოსის თქმით, გადაცემაში მისი საუბრის მთლიან კონტექსტში კარგად ჩანს.

რა თქვა გიორგი ვაშაძემ პირველი არხის ეთერში

“მთავარი საკითხი, რასაც ვფიქრობ და რაზეც არ არის გამახვილებული ყურადღება დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში, არის: 1) ესაა პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა, 2) ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს არის პრევენცია – ანუ, არა მკურნალობ ავადმყოფს, არამედ სანამ ავადდება ადამიანი, მანამდე ერევი ამ ყველაფერში, რაზეც არის დასავლური პრაქტიკა და რაზეც უკვე მიემართება აბსოლუტურად ყველაფერი. და ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ფინანსები უკვე გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ახლა ვასხამთ შავ ხვრელში უბრალოდ ამ ფულს. რატომ? იმიტომ, რომ ვმკურნალობთ რას?.. მომაკვდავ ადამიანს. მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, ამან შეიძლება 6 თვე გაუხანგრძლივოს ცხოვრება, მაგრამ არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართს და არ მივიდეს [არ გახდეს] სამკურნალო.

დიახაც, ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ თითოეულ ადამიანთან მიმართებაში ჯანმრთელობის კუთხით იყოს გადატანილი მაქსიმალური ყურადღება საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე; სანამ ადამიანი უკვე გადასარჩენ პირობებში მივა, რომელიც გაცილებით ძვირი უჯდება, მათ შორის, სახელმწიფოს, და ყველაზე ძვირი ის არის, რომ შეიძლება ამ ადამიანს ვეღარ ვუშველოთ და გარდაიცვალოს, უბრალოდ, სანამ ამ დონემდე მივა, მანამდე პრევენციული მექანიზმების მეშვეობით ვუშველოთ.

ეს როგორ უნდა მოხდეს? საბიუჯეტო სახსრები ამისთვის არის, რომ მაქსიმალური ინექცია გავაკეთოთ საბიუჯეტო სახსრების იქ, სადაც არის მეტი პრევენცია, რომ საბოლოო ჯამში, პირველ რიში, დავზოგოთ ადამიანის სიცოცხლე და რესურსები, რომელიც ამსთან დაკავშირებით იხარჯება. ეს არის ძალიან მარტივი ხედვა.”

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ამ განცხადებაზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ვებ-გვერდზე სტატია გამოაქვეყნა, სათაურით: გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე – ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს

დღეს ცენტრალურ საარჩვნო კომისიაში მისულ გიორგი ვაშაძეს ტელეიმედის ჟურნალისტმა სწორედ ამ საკითხზე დაუსვა შეკითხვა.

“მე ვთქვი, რომ პრევენციაზე უნდა იხარჯებოდეს აუცილებლად ფული, სანამ ადამიანი გახდება ავად და სანამ მის სიცოცხლეს ვეღარ ვუშველით, მანამდე უნდა იხარჯებოდეს თანხები. კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე სიმსივნით დაავადებულთან დაკავშირებით. არსად მითქვამს, რომ თანხა არ უნდა იხარჯებოდეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე. ვთქვი, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს პრევენცია, რომ ხალხი არ კვდებოდეს ქვეყანაში. დღეს ჯანდაცვის სისტემა აწყობილია ისე, რომ არანაირ პრევენციაზე არ არის ორინეტირებული… საზოგადოებრივი ჯანდაცვა, როგორც ცნება, დღეს ქვეყანაში არ არსებობს და ჩამოშლილია,” – განუცხადა ტელეიმედს გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება ტერმინ “შავ ხვრელს”, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომაკვდავ ადამიანებთან ერთად ახსენა, ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ ეს სიტყვები არა მომაკვდავი ადამიანების მიმართ, არამედ ჯანდაცვის სისტემის და კორუფციული სქემის მისამართით თქვა:

შავი ხვრელი არის ის, როცა უკონტროლოდ ხდება ხარჯები და ძალიან დიდია კორუფციული მარჟა ამ პროცესში. ძირითადად ეს არის შეთანხმებები სერვისის ყველაზე მსხვილ მიმწოდებლებთან…  სათაური იმდენად მოჭრილია, რომ ძალიან ბევრს აერია, საერთოდ რაზე იყო საუბარი.”

ვაშაძის განცხადების კომენტირებისთვის ნეტგაზეთი დაუკავშირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-რედაქტორს, ირინა დეკანოიძეს, რომელიც პირველი არხის საიტზე გამოქვეყნებული მასალის სათაურს არ თვლის მანიპულაციურად. მისი თქმით, გიორგი ვაშაძეს შეუძლია თავისი პოზიცია პირველი არხის საიტის მეშვეობითაც გამოთქვას: “რა არის მანიპულაცია, რამე ცდომილება არის თუ არა ტექსტსა და სათურს შორის და ა.შ.”

როგორც ირინა დეკანოიძე ამბობს, ვაშაძის პრესამსახურსაცც დაუკავშირდა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე მოსაზრების გამოქვეყნება შესთავაზა, თუმცა აქამდე ამის სურვილი არ გამოუხატავს გაერთიანებული ოპოზიციის წევრს:

მისი პიარსამსახური ამაზე გველაპარაკა, დაგვპირდა, მაგარამ ჯერ არაფერი. შეგვეძლო, კომენტარიც ჩაგვეწერა, მაგრამ ამ შეთხვევაში ჯობდა, წერილობით მოეწერა თავისი პასუხი, კიდევ რამე “მანიპულაციაზე” რომ არ ელაპარაკა შემდეგ…”

გიორგი ვაშაძის თქმით, იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ “მანიპულაციური სათაურის გამო” და, სავარაუდოდ, ხვალ უკვე მიმართავს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი