Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო ვერ ხედავს აფხაზებს – ინტერვიუ თენგიზ ტარბასთან

14 ნოემბერი, 2018 • 11867
საქართველო ვერ ხედავს აფხაზებს – ინტერვიუ თენგიზ ტარბასთან

ფონდ “მთიანი აფხაზეთის” თავმჯდომარე თენგიზ ტარბა ხუთ წელზე მეტია აფხაზეთის მთებში მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

ყველაფერი ტურიზმის სამინისტროში დაიწყო, როდესაც თენგიზ ტარბა ინფორმაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. უწყების პირველადი ამოცანა აფხაზეთის ისტორიასთან და გეოგრაფიასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების აღწერა იყო. მოგვიანებით, სანავიგაციო რუკა ცალკეულ პროექტად, შემდეგ კი ფონდ “მთიან აფხაზეთად” გადაკეთდა.

თენგიზ ტარბას სოხუმის სანაპიროზე, კაფეში შევხვდით. ინტერვიუში უნდა გვესაუბრა ფონდის მუშაობის შესახებ, თუმცა საუბარი აფხაზეთისთვის ყველაზე მწვავე ეკოლოგიური საკითხით, პალმის მავნებელთან ბრძოლის თემით დავიწყეთ.

თენგიზ, თქვენს ფონდს “მთიანი აფხაზეთი” ჰქვია, თუმცა პალმები არ ხარობს მთებში, თქვენ კი მავნებელთან საბრძოლველად საჭირო თანხის შეგროვებით დაკავდით, რატომ?

ჩვენს ფონდს, უბრალოდ, დახმარების სურვილი აქვს. ვხედავთ მწვავე პრობლემებს და თუ ვხედავთ საკუთარ თავში დახმარების ძალასაც, პრობლემის გადაჭრაზე ვიწყებთ მუშაობას.

ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, რაც დღეს პალმებთან დაკავშირებით ხდება. ჩვენ არ ვართ მზად შევეგუოთ ფაქტს, რომ ყველა პალმა შეიძლება გაქრეს.

ამიტომაც მომეჩვენა, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ პრობლემაზე ლაპარაკი, ამიტომაც დავიწყეთ მუშაობა. დღესდღეობით 400 ათასზე მეტი რუბლი [5,300 ევრო] გვაქვს. ამ თანხით შევძლებთ წლის განმავლობაში დავამუშაოთ ლეონის ქუჩაზე და სოხუმის სანაპიროზე არსებული პალმები. სწორედ ამისკენ მივმართავთ ჩვენს ძალისხმევას. სხვანაირად ვერ შევძლებთ ვერაფრის შენარჩუნებას.

ჩვენ გვაქვს ეკოლოგიის კომიტეტი და ამავე დასახელების ინსტიტუტი. ისინი უსაქმოდ იყვნენ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როდესაც პირველად გახდა ცნობილი პარაზიტის გაჩენის შესახებ. რატომ უნდა დაკავდეს “მთიანი აფხაზეთის” ფონდი ამით?

ამ კითხვას ყველაზე ხშირად სვამენ მეცენატები და პოსტსაბჭოთა სივრცის ორგანიზაციები. არ ვფიქრობ, იმის ფუფუნება გვაქვს, რომ შესაბამისი ორგანოების ნაბიჯებს ველოდოთ, კარგად გვესმის რა, რომ მათ არ შესწევთ ძალა, შესაბამისი ზომები მიიღონ, ძირითადად ფინანსური სიტუაციის გამო.

ვფიქრობ, როდესაც მწვავე პრობლემა დგას, ის უნდა გადაიჭრას. სწორედ ასეთია საერთაშორისო გამოცდილებაც. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციები სწორედ იქიდან გამოდიან, რომ დახმარების აღმოჩენა დაუყოვნებლივაა საჭირო, შემდეგ კი ფიქრობენ, სახელმწიფო ამოცანაა ეს თუ არა. ჩვენც ასე უნდა ვიფიქროთ.

ეს, ალბათ, იმასაც ნიშნავს, რომ “მთიანი აფხაზეთი” მომავალშიც, მთებში განსახორციელებელ პროექტებთან ერთად, სხვა საკითხებზეც იმუშავებს?

ჩვენ რთულ და მასშტაბურ პროექტებზე ვართ ორიენტირებული და არა მხოლოდ აფხაზეთის მთის ამბებზე გვინდა კონცენტრირება. პალმების მკურნალობის პროექტი გამონაკლისია. დღეს ჩვენს გეგმებში მყინვარების  შესწავლაა. ეკოლოგიის კუთხით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მტკნარი წყლის როგორი მარაგი გვაქვს. ჩვენი მდინარეები ძირითადად მყინვარებით იკვებება. ჩვენ ჯერ მხოლოდ კვადროკოპტერი დრონით გადაღებული მასალა გვაქვს. ეს ცოტაა იმისთვის, რომ ვნახოთ რა ვითარებაა.

ფოტო: თენგიზ ტარბას არქივიდან

როგორც მესმის, ფონდის უმთავრესი ამოცანაა,  ეკოლოგიური სურათის შესაქმნელად მეტი ინფორმაციის შეკრება მთიან აფხაზეთზე?

დიახ, ასეა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი მთების თავისებურებები, რათა გავიაზროთ, რომელი მიმართულებით ვვითარდებით. მაგალითად, აფხაზეთის ეკოლოგიისთვის ნავთობის მოპოვება ძალიან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ბევრი არ ფიქრობს იმის თაობაზე, რომ სახიფათოა ასევე სამთო მრეწველობაც. არ შეიძლება მსხვილი მთიანი კლასტერების აშენება, მაგალითად, როგორც “კრასნაია პოლიანა” და ბაკურიანია. ჩვენ სხვანაირი მთები გვაქვს. თუკი უხეშად ჩავერევით მთიანი აფხაზეთის სივრცეში, აღმოვჩნდებით მეწყერისა და ღვარცოფის, ასევე მდინარეების მოწამვლის წინაშეც, რადგან ბევრი ვერცხლისწყალი და სპილენძი გვაქვს. ყოველივე ეს, მთიან პლასტებზე მუშაობის შემთხვევაში, მაშინვე წყალში ხვდება.

და როგორ თავსდება ეს ყველაფერი მთის ტურიზმის განვითარების საკითხებზე მომუშავე ფონდის საქმიანობასთან?

პირდაპირ. თუ ჩვენი მთების იერსახე შეიცვლება, არანაირ ტურიზმზე არ იქნება საუბარი. ჩვენ არ ვამუშავებთ ახალ მარშრუტებს, ჩვენ მხოლოდ აღვწერთ არსებულებს, რუკებს ვადგენთ.

ამჟამად აფხაზეთში ძირითადი ბილიკების მარკირების პროექტს ვამუშავებთ.  იმედი გვაქვს, შემდეგ წელს მას მხარს დაუჭერენ. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დავდგათ მიმართულების მაჩვენებლები, სად სჯობს გათენება, სად არის უახლოესი წყალი [ჩვენს მთებში ისეთი ადგილებია, რომ რთულია წყლის პოვნა]. ასევე ვგემავთ GPS ფიქსაციას. ვიმედოვნებ, ასევე შემოგვიერთდება გეოინფორმაციული სისტემის სპეციალისტი და საბოლოოდ მივიღებთ თითოეული მარშრუტის რუკას, ადგილების დეტალურ აღწერას.

თენგიზ, მოგვიყვევით დასუფთავების იმ ღონისძიებებზეც, რომელსაც მთებში ატარებდით.

აფხაზეთში წელიწადის დროებისადმი მიძღვინილ ექსპედიციებზე ჩვენ ვნახეთ, როგორ მდგომარეობაშია ჩვენი ადგილები. ვნახეთ, რამდენი ნაგავი ააქვს ხალხს მთებში და რეგულარულად დასუფთვება გადავწყვიტეთ. დაახლოებით 20 ადამიანი იყო ჩართული. დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, არავინ გამომრჩეს. სჯობს მოგიყვეთ, როგორ მოვაწესრიგეთ ციბილიუმის ციხესიმაგრე. ახალგაზრდა ტყე გაჩნდა იქ, რომელიც რომ არ გაგვეჩეხა, წლების შემდეგ გალავანს და კოშკსაც მთლიანად დაანგრევდა.

თენგიზ, ვინ გაფინანსებთ. სავარაუდოდ, მხოლოდ შემოწირულობებთ ვერ იარსებებს ფონდი.

მეცენატები და კომერციული ორგანიზაციები გვიჭერენ მხარს. ფონდის მუშაობის დასაწყისში აფხაზეთში ერთ-ერთი მობილური ოპერატორი გვაფინანსებდა, პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასგანაც გვქონდა მსხვილი თანხა გამოყოფილი, რომლითაც ზამთრის ექსპედიციები მოვაწყეთ. ჩვენამდე ეს არავის გაუკეთებია. მაშინ მოვიარეთ ისეთ ადგილები,  სადაც ზამთრის პერიოდში იქ არავინ ყოფილა.

სხვა ქვეყნებში არსებული მსგავსი ფონდებისგან განსხვავებით, დაფინანსების მუდმივი წყარო არ გვაქვს. ყოველ წელს პრობლემის წინაშე ვართ – საიდან ვიშოვოთ ფული. ყოველ წელს ფაქტობრიად ნულიდან ვიწყებთ.

ნუთუ წინა წლების წარმატებები არ გეხმარებათ ფულის მოძიებაში?

საზოგადოებაში ავტორიტეტი და პატივისცემა ყოველთვის აქვს ფონდს, თუმცა ფულის შოვნაში ეს არ გვეხმარება. ყოველ წელს უნდა ვამტკიცოთ ჩვენი საქმიანობის მნიშვნელობა და საჭიროება.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ვისთან მუშაობთ?

ჩემი საქმიანობა ძალიან შეზღუდულია. ქვეყანაში, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ, ძალიან რთულად ამყარებს საერთაშორისო კონტაქტებს. არცერთი ფონდი, არცერთი მსხვილი ტურისტული ბრენდი არ იმუშავებს ჩემთან, ჩვენ მხოლოდ საქართველოს გავლით, მის ნაწილად აღგვიქვამენ.

ზედმეტი მოკრძალების გარეშე ვიტყვი, კავკასიაში გამორჩეულობის გამო, ჩვენ ვიღებთ ჯილდოებს რუსეთში, რამდენიმე წელია ჩვენი რეპორტაჟები “ჩემი პლანეტის” მიერ ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული. ჩვენ გავაფორმეთ თანამშრომლობის შეთანხმება რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებასთან. ჩვენ შეგვეძლო ყოველივე ამაზე მთელ მსოფლიოსთან გვემუშავა, მაგრამ ყველა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს იხსენებს და ჩვენთან მუშაობა არ სურთ.

არ შეიძლება პოლიტიკური საკითხების გვერდის ავლა? შენ ხომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე იყავი და გეცოდინება, როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

დიახ, ვიცი, როგორ ტარდებოდა ჩემს დროს ეს შეხვედრები და ამიტომაც არ მაქვს ილუზიები. საქართველო არ ხედავს აფხაზებს. ჩვენ, როგორც სუბიექტი, მისთვის არ ვარსებობთ. იმისთვის, რომ კონტაქტი დაამყარო, საჭიროა რეალობის აღიარება. რეალობა კი ასეთია, რომ 92-93 წლებში ქართველები და აფხაზები ერთმანეთს ეომებოდნენ. აქედან გამომდინარე უნდა დაიწყო მოლაპარაკებების წარმოება. ჩვენ რეალური პოზიციიდან ვსაუბრობთ: აი, აფხაზეთი, აი, აფხაზები, ჩვენ მასში ვცხოვრობთ, ვმართავთ. ქართველები კი ჟენევაში ისე იქცევიან, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან აფხაზები არ არიან. ისინი მიმართავენ თანამოდერატორებს ანდა რუსულ მხარეს.

მათ კიდევ 25 წელი შეუძლიათ იმავე პოზიციაზე ყოფნა, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია, და ეს რაიმე შედეგს მოიტანს? როგორც ჩანს, არა. ეს მტკივნეული საკითხია მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის. თუკი მოულოდნელად  ჩნდება პოლიტიკოსი, რომელიც ამის შესახებ იტყვის, მას საზოგადოება თავს ესხმის. საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით რეალური სიტუაციის გახმოვანება ნიშნავს პოლიტიკურ გვამად გადაქცევას. მთელი ქართული  პოლიტიკური ელიტა საზოგადოებრივი აზრის ტყვეა.

როგორ დაარწმუნებდი შენს ოპონენტებს იმაში, რომ აფხაზეთი არ არის ოკუპირებული?

ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ აფხაზეთი არ არის ოკუპირებული, ეს არის მიმდინარე დისკუსიები აფხაზურ-რუსული ურთიერთობების პრაქტიკულად ყველა სფეროში – უძრავი ქონების გაყიდვაზე, რუსეთთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე. პრინციპულია ნავთობის მოპოვების თემაც, რომელიც ყველასთვის ცნობილია.

ოკუპირებული ტერიტორიები ასე არ იქცევიან. დიახ, ჩვენ ბევრით ჩამოვრჩებით რუსეთსაც და საქართველოსაც, მთლიანად მსოფლიოსაც. ნახოს  საქართველომ მათთან რეალიზიებული ჰუმანიტარული პროგრამების სიები და ჩვენსას შეადაროს. მუდმივი ზეწოლის გამო ბევრი ჰუმანიტარული მექანიზმი დავკარგეთ. დღეს საერთაშორისო პროექტებს გვიბლოკავს საქართველო. მაშ, რომელ მხარეს უნდა ვიყუროთ? 

ფოტო: თენგიზ ტარბას არქივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი