“გაუგონარ თაღლითობას აქვს ადგილი ცესკოს მხრიდან” – ვაშაძე

ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, ცესკოს მხრიდან “გაუგონარ თაღლითობას აქვს ადგილი”.

ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გააკეთა, სადაც სხდომაზე დასასწრებად მივიდა, თუმცა 13:00 საათზე ჩანიშნული სხდომა გადაიდო.

“გაუგონარ თაღლითობას აქვს ადგილ ცესკოს მხრიდან. ყველანი მოვედით სხდომაზე დასასწრებად და გზაში ჟურნალისტმა დამირეკა, რომ სხდომა გადაიდო”,- განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ცესკო და “ქართული ოცნება” თაღლითური სქემით ცდილობენ, არჩევნები სამუშაო დღეს დანიშნონ, რადგან პირველ ტურში საზღვარგარეთ გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.

“ახლა ისინი ცდილობენ, ადმინისტრაციული რესურსი გაათავისუფლონ და კერძო სექტორში დასაქმებულებმა ვერ შეძლონ არჩევნებზე მისვლა. არ გამოუვათ. თითოეულ ამომრჩეველს მოვუწოდებ, კიდევ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ არჩენებზე”, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რაში ხედავს  პრობლემას, ვინაიდან არჩევნები 2012 წელსაც სამუშაო დღეს ჩატარდა, ვაშაძე პასუხობს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამაც კარგი გაკვეთილი მიიღო, რომ დღეებს მნიშვნელობა არ აქვს.

“ძალიან კარგი გაკვეთილი მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს მნიშვნელობა არ აქვს. ასეთივე გაკვეთილს მიიღებს ახლა “ქართული ოცნება”, – განაცხადა ვაშაძემ.

ცესკოში განამრტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით არჩევნების მეორე ტური ცესკოს მიერ შედეგების შეჯამებიდან ორი კვირის თავზე უნდა დაინიშნოს.

“მეორე ტურის დანიშვნის თარიღი პირდაპირ არის მიბმული არჩევნების შედეგების შეჯამებასთან ცესკოს მიერ. ხოლო შედეგების შეჯამება თავის მხრივ არის დამოკიდებული იმ პროცედურებზე, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი. ეს დამოკიდებულია გასაჩივრების პროცედურებზე“, – ამბობდა ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე ნეტგაზეთისთვის წინა კვირაში მიცემულ ინტერვიუში.

ცესკო შედეგების შეჯამებასა და II ტურის თარიღის ჩანიშვნას დღეს აპირებს. ცესკოს არასამთავრობოებიც მოუწოდებენ არჩევნების შაბთს დანიშვნისაკენ.

 

ამავე თემაზე

ცესკოს სხდომა, სადაც II ტურის თარიღი უნდა ჩაინიშნოს, 19 საათამდე გადაიდო

NGO-ები ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com