აუდიტი ენმ-ის საწინააღმდეგო მოძრაობის საქმიანობას შეისწავლის

სახელმწიფო აუდიტის სამსახური “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო მოძრაობის საქმიანობს შეისწავლის. Facebook გვერდთან დაკავშირებით – “სახალხო მოძრაობა-არანაციზმს” – აუდიტს მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

გვერდის გარეკან ფოტოზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მის ირგვლივ სისხლიანი ხელებია გამოსახული. თავად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების უმეტესობა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგაა მიმართული და მოქალაქეებს არჩევნების დღეს რეგიონებში ტრანსპორტირებას ჰპირდება.

“მეგობრებო, ვინც ჩაწერილები ხართ რეგიონებში, იქ აძლევთ ხმას და საშუალება არ გაქვთ ჩასვლის და თქვენი აზრის დაფიქსირების, ჩვენი ოფისი დაგეხმარებათ” – წერია მოძრაობის ფეისბუკგვერდზე. ამავე განცხადების კომენტარებში მოქალაქეთა უმეტესობა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერ 48-ს წერს.

მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძეა. როგორც ის “რადიო იმედთან” საუბარში განმარტავს, მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ენმ-ის ხელისუფლებაში არდაბრუნებაა.

“ვისაც აქვს სურვილი ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ერთი მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” ვეღარასოდეს დაბრუნდეს და, მეორე მხრივ, “ქართულ ოცნებას” ჩვენი წინადადებები შევთავაზოთ, რომლებიც უახლოეს 2 წელიწადში უნდა შეასრულოს, შემოგვიერთდეს. შემდგომ ხელი შევუწყოთ იმ მესამე ძალის ჩამოყალიბებას, რომელიც უარს ეტყვის ერთსაც და მეორესაც,”- ამბობს ნანა კაკაბაძე.

აღნიშნული მოძრაობისა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის შესაძლო კავშირის შესახებ არასამთავრობო სექტორი საუბრობს. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს არამხოლოდ ფინანსური კავშირი, არამედ ისიც, ზემოქმედებს თუ არა აღნიშნული ორგანიზაცია ამომრჩევლის ნებაზე, როდესაც მას რეგიონებიდან არჩევნებზე მიყვანის სერვისს სთავაზობს.

“თუ ამ აქტივობის განხორციელებისთვის იხარჯება ფული, შესაბამისად, ეს არის შემოწირულობა კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ, ამით უნდა დაინტერესდეს აუდიტის სამსახური. მეორე საკითხი, რითაც უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები, უკავშირდება იმას, თავისი ნებით მიდიან თუ არა ეს ადამიანები,” – ამბობს ეკა გიგაური რ2-თან საუბარში.

აღნიშნულ გვერდს ეხმაურება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილიც. ისიც მიიჩნევს, რომ ამ საკითხით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.

თავად ზურაბიშვილი რაიმე კავშირს აღნიშნულ ორგანიზაციასთან უარყოფს.

ნანა კაკაბაძის კიდევ ერთი ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” არჩევნებსაც აკვირდება. ორგანიზაციას 1 528 დამკვირვებელი ჰყავს ცესკოში დარეგისტრირებული.

შედარებისთვის, “საიას” მხოლოდ 408 დამკვირვებელი ჰყავს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” – 479, ხოლო ISFED-ს— 1030.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.