ახალი ამბები

ევროპარლამენტი დღეს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს უყრის კენჭს

14 ნოემბერი, 2018 • 1647
ევროპარლამენტი დღეს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს უყრის კენჭს

დღეს, 14 ნოემბერს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს.

ანდრეი მამიკინსის მიერ მომზადებული დოკუმენტი საქართველოსა და ევროკავშირის 4-წლიან თანამშრომლობას აჯამებს და ამ მხრივ აერთიანებს როგორც მიღწევებს, ისე გამოწვევებსა და ევროპარლამენტის რეკომენდაციებს.

ანგარიშის ირგვლივ დებატები ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ გაიმართა. დეპუტატებმა აქცენტი გააკეთეს როგორც ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე, ისე მიმდინარე საარჩევნო პროცესზე.

“ჩვენ გვჯერა, რომ მოლდოვა და საქართველო ევროკავშირისთვის საკვანძო ქვეყნებია. ორივემ და განსაკუთრებით საქართველომ წარმოუდგენელ  პროგრესს მიაღწია. სტაბილურობისა და დემოკრატიის ხარისხი, რომელსაც საქართველომ მიაღწია, საპრეზიდენტო არჩევნებზეც წარმოჩინდა. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტი”, – განაცხადა რუმინელმა დეპუტატმა “სოციალ-დემოკრატების” ჯგუფიდან ვიქტორ ბოშტინარუმ. სწორედ ამ ჯგუფის წევრია “ქართული ოცნება”.

ბოშტინარუს განცხადება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა “ევროპის სახალხო პარტიის” წევრმა იარომირ შტეტინამ. სწორედ ამ პარტიის წევრები არიან ენმ და “ევროპული საქართველო”.

“თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ საპრეზიდენტო არჩევნებში და ამ დროს ღიად დაგმეთ ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი. ეს არის ის ხაზი, რომელსაც ევროპარლამენტი უნდა ატარებდეს”, – მიმართა მან რუმინელ კოლეგას.

დეპუტატმა ფაბიო მასიმო კასტალდომ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო სექტორზე უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ზეწოლაზე.

“მე ვაკვირდებოდი საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში. მიუხედავად საერთო პოზიტიური საარჩევნო კონტექსტისა, უნდა აღინიშნოს სამოქალაქო სექტორზე უმაღლესი პოლიტიკური პირების მხრიდან ზეწოლა. რომ არაფერი ვთქვათ კონტროვერსული შეტევების შესახებ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს. ისინი ფაშიზმში მხოლოდ იმიტომ დაადანაშაულეს, რომ თავიანთ საქმეს აკეთებდნენ”, – განაცხადა ფაბიო კასტალდომ.

რაც შეეხება მომხსენებელს საქართველოს საკითხზე, ანდრეი მამიკინსის თქმით, 2014 წლიდან საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციისთვის.

“ქვეყნის ევროპული არჩევანი უკვე დაფიქსირებულია კონსტიტუციაში და აქვს მრავალპარტიული მხარდაჭერა. საქართველო არის მაგალითი, რომ ევროკავშირის სტრუქტურული საგარეო პოლიტიკა მუშაობს. როცა ევროკავშირი ჯერ კიდევ ჩუმადაა კონკრეტული წევრობის პროცესთან დაკავშირებით, საქართველოში დიდ ენერგიას დებს ამაში. საქართველოს სჭირდება მეტი მაღალკვალიფიციური პერსონალი ევროკავშირიდან, მათ სჭირდებათ ჩვენი ექსპერტები ენერგეტიკაში, გარემოს დაცვაში, უსაფრთხოების და სხვა სფეროებში. თუ გვინდა მდგრადი იყოს ჩვენი ჩართულობა, ამას ცოდნითაც უნდა შევუწყოთ ხელი და არა მხოლოდ ფულით”, – განაცხადა ანდრეი მამიკინსმა.

სხდომას ესწრებოდა ევროკომისარი იოჰანეს ჰანიც. მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობებია და ამის დასტური იქნება 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის დიალოგი ევროკომისიასა  და საქართველოს მთავრობას შორის.

ჰანმა აღნიშნა, რომ პროგრესის მიუხედავად, საქართველოს სჭირდება რეფორმების გატარება მართლმსაჯულების სფეროში, შრომის უფლებების მხრივ, ასევე, უკეთ დასაბალანსებელია ხელისუფლების შტოები.

“ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტთან, რათა მან გააუმჯობესოს ზედამხედველობის ფუნქცია.  საჭიროა შემდგომი რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში.  გამოწვევად რჩება ადამიანის უფლებების დაცვა და ანტიდისკრიმინაციული ზომების გატარება”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი