ახალი ამბები

ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია – ბერა ივანიშვილი

13 ნოემბერი, 2018 • 2877
ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია – ბერა ივანიშვილი

ბერა ივანიშვილი საკუთარ ჯვირსწერას და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ის განმარტავს, რომ ბოლო დროს მისი და მისი ოჯახის მიმართ ბევრი აგრესიული კომენტარი მოისმინა, რაც ნაწილობრივ განპირობებული პოლიტიკური გარემოთი.

ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერა და ქორწილი 11 ნოემბერს გაიმართა. ფეისბუკზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჯვრისწერის გამო სვეტიცხოვლის ტაძარი დახურეს, თუმცა ტაძარში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

“მივმართავ მათ, ვისი გონებაც ბოღმითა და შურით არ არის შებინდული და ვისაც უბრალოდ მავანთა პოლიტიკურმა ანგაჟირებამ სიმართლე არ დაანახა. დავიწყებ იმით, რომ ეკლესიიდან არც არავინ გამოუძევებიათ და არც არავისთვისთვის ლოცვა არ აუკრძალავთ. ეს უბრალოდ უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიმინდვია,” – წერს ბერა ივანიშვილი.

ბერა ივანიშვილი განმარტავს, რომ არც ქორწილის მომზადებაში და არც ჯვრისწერის ორგანიზების დროს ქვეყნის ბიუჯეტიდან თანხები არ გამოყენებულა, ვინაიდან მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არაფრით უკავშირდება სახელმწიფო სახსრებს.

“არც ქორწილის მომზადებას და განსაკუთრებით ყვავილების მორთვას მოჰყოლია იმ თანხის ხარჯვა, რაზედაც ასე აპელირებდნენ გაბოროტებული ადამიანები. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია,” – დასძენს ბერა ივანიშვილი.

ჯვრისწერის ცერემონიას პირდაპირ ეთერში გადასცემდა TV პირველი, რომლის კადრებშიც ჩანდა, რომ ტაძართან დაცვა იყო გაძლიერებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი