“ევროპული საქართველო” ვარკეთილის ორგანიზაციის ნაწილმა დატოვა

დღეს, 13 ნოემბერს, “ევროპული საქართველო” ვარკეთილი ორგანიზაციის ნაწილმა დატოვა, ხოლო ამის მიზეზად მეორე ტურში პარტიის მიერ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა დაასახელა. ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა, დავით ჟღენტმა დაუდასტურა.

დავით ჟღენტის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პარტია ვარკეთილის ორგანიზაციამ სრულად დატოვა, არ შეესაბამება სიმართლეს.

“სრული შემადგენლობით არ დაუტოვებია ვარკეთილის ორგანიზაციას “ევროპული საქართველო”. დაახლოებით ათმა ადამიანმა დატოვა პარტია, ხოლო ეს დამოკიდებულება შექმნილია სუს-ისა და ოცნების ჩართლობით. ყველაფერს აკეთებენ და ცდილობენ, რომ მეორე ტურში რაღაც კონკრეტულ შედეგზე გავიდნენ. ვარკეთლელებმა მიიღეს გადაწყვეტილება პირველ ტურში და დარწმუნებული ვარ, როგორც ვარკეთილში, ასევე მთელ თბილისსა და ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება. ზოგს აშინებენ, ზოგს ყიდულობენ და ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანი ექცევა ამ გავლენების ქვეშ, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტანი არიან,” – უთხრა ნეტგაზეთს დავით ჟღენტმა.

როგორც დავით ჟღენტი ამბობს, ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურამდე დაიდო კონკრეტული შეთანხმება – რომელი პარტიაც გავიდოდა მეორე ტურში, მას ექნებოდა მხარდაჭერა. მისი თქმით, ამ შეთანხმების შესახევბ ეს ორი თვის წინ იცოდა აკაკი ველთაურმა, რომელიც იყო ვარკეთილის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თუმცა დღეს მაინც დატოვა პარტია:

“მიუხედავად ყველაფრისა, დაახლოებით ხუთი დღის წინაც მქონდა მათთან კომუნიკაცია და არანაირი პროტესტი გამოუხატავს, რომ აღარ აპირებდა მუშაობას. მოულოდნელი იყო დღეს ჩემთვის, მაგრამ ახლაც სრული მობილიზებაა და აქტიურად ვართ ჩართლები პროცესებში იმისთვის, რომ სასურველი შედეგი ვაჩვენოთ.”

ტელეიმედმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ევროპული საქართველოს” ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა. imedinews წერს, რომ გუნდის ყოფილი წევრების პარტიის დატოვების მიზეზი არჩევნების მეორე ტურისთვის “გრიგოლ ვაშაძისთვის მხარდაჭერის გამოცხადება გახდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.