ახალი ამბებირეკლამა

პროექტი, რომელიც სმენის პრობლემის მქონე ბავშვების მშობლებს აერთიანებს

14 ნოემბერი, 2018 • 2412
პროექტი, რომელიც სმენის პრობლემის მქონე ბავშვების მშობლებს აერთიანებს

სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჭიროებების კვლევა მაღალმთიან აჭარაში, საზაფხულო ბანაკის ფორმატის პილოტირება, სერვისების შექმნა და გაუმჯობესება, მშობლების გააქტიურება, გაძლიერება  და ჩართვა თავიანთი შვილების ინტერესების დაცვაში, ადვოკატირბის კამპანიის წარმოება – ეს იმ მიზნების არასრული ჩამონათვალია, რაც განხორციელდა პროექტის საშუალებით: „მშობლები ბავშვთა უფლებების დაცვისთვის“.

პროექტს ახორციელებდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია სთეფ ფორვარდი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

სთეფ ფორვარდის და მშობელთა ადვოკატირების ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციებისა და ადვოკატირების წარმატებული კამპანიის შედეგად, აჭარის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უკვე არსებულ პროგრამებს დაამატა ახალი – „სმენაპროთეზირებულ ბავშთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის“ პროგრამა, რომლითაც 2019 წლიდან ისარგებლებს აჭარის მინიციპალიტეტებში მცხოვრები 10 სმენადაქვეითებული ბავშვი. ეს პროექტის მთავარ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდმა“ მოაწყო საზაფხულო ბანაკი სმენადაქვეითებული ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. ბანაკში, რომელიც ერთ კვირას გაგრძელდა და 10 ბავშვი ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, იყო არამხოლოდ კარგი ადგილი დასვენებისთვის, არამედ საუკეთესო შესაძლებლობა პრაქტიკული სწავლებისთვისაც.

ბანაკში პრაქტიკულ სწავლებაზე

როგორც პროექტის კოორდინატორი ცირა კაპანაძე გვიყვება, „ბანაკის შემდეგ შეიცვალა მშობლების ხედვა და დამოკიდებულება: მშობლებმა ისწავლეს, როგორ იმუშაონ და ითამაშონ ბავშვთან სახლში. მანამდე ეგონათ, რომ თავისთავად ისწავლიდა ბავშვი. გააცნობიერეს  მათი როლი ბავშვის განვითარების პროცესში რამდენად მნიშვნელოვანია. მშობლებს მცდარი შეხედულებები ჰქონდათ მეტყველების რეაბილიტაციის პროცესზე და მხოლოდ ბავშვის მიერ სიტყვის გამეორებას ჯერდებოდნენ. ბანაკმა აჩვენა მშობლებს, რომ მხოლოდ გამეორება კი არა, სიტყვის  გააზრებული ცოდნა და სწორი კონტექსტით გამოყენებაა მნიშვნელოვანი. დაინახეს, რომ ერთობლივი მოქმედებით და ერთიანი ძალებით შესაძლებელია რეაბილიტაციის სერვისები მისაწვდომი გახდეს აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშებისთვის“.

ცირა კაპანაძე იხსენებს ისეთ გადამდებ ეფექტებს, როცა, მაგალითად, ზოგიერთი ბავშვი ბანაკამდე არ იკეთებდა სასმენ აპარატს და ბანაკის პერიოდში სხვა ბავშვების მაგალითით გაიკეთა და ბანაკის შემდეგაც ატარებს.

[blue_box]სახელმწიფოსთან თანამშრომლობა[/blue_box]

სმენაპროთეზირებულ ბავშვთა მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თემაზე სასაუბროდ მათ გამართეს მრგვალი მაგიდა, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებოდნენ და სადაც გაეცნენ პროექტის ფარგლებში სთეფ ფორვარდისა და მშობელთა ადვოკატირების ჯგუფის მიერ სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჭიროებებსა და სერვისების შესახებ მომზადებულ რეკომენდაციებს.

მრგვალი მაგიდა პროექტის ფარგლებში – „მშობლები ბავშვთა უფლებების დაცვისთვის“, რომელსაც გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებოდნენ

პროექტის შედეგად მიღწეული ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები კი ასეთია:

  • აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი – „სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის“ პროგრამით 2019 წლიდან ისარგებლებს აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 10 სმენადაქვეითებული ბავშვი.
  • უკვე არსებულ პროგრამაში შევიდა ცვლილება, რომლის ფარგლებშიც 2019 წლიდან სმენის III-IV ხარისხის დაქვეითების მქონე შშმ სტატუსის  ბავშვებს ადაპტირებული სმენის აპარატები გადაეცემათ.
  • შეიქმნა სმენადაქვეითებული ბავშვების მშობელთა ადვოკატირების ჯგუფი. მათი გაძლიერება ხდება ტრენინგებით, ადვოკატირების საკითხებზე კონსულტაციებითა და ინფორმირებით.
  • პროექტის შედეგად შეიცვალა მშობლების ხედვა და დამოკიდებულებები.  მშობლებმა უკვე იციან, როგორ იმოქმედონ სამართლებრივად საჭიროების შემთხვევაში და მოითხოვონ თავიანთი შვილებისთვის საჭირო და შესაფერისი სერვისები.
  • პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი, გაუზიარეს გამოცდილება, შექმნეს საერთო სოციალური ჯგუფები და ბანაკის დასრულების შემდეგაც აგრძელებენ ურთიერთობას, ეს კი სამომავლოდ პრობლემების ერთობლივად მოგვარების საწინდარია.

ეს წარმატება პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, მათ შორის მშობლებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით არაერთი სამუშაო შეხვედრისა და დისკუსიის შედეგია.

პროექტი ხორციელდება სთეფ ფორვარდის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

სტატიის  მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

 სტატიის  შინაარსზე პასუხისმგებელია სთეფ ფორვარდი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი