ახალი ამბები

ცოლის წამებაში ბრალდებულ კაცს 7 წელი და 6 თვე მიუსაჯეს – პროკურატურა

13 ნოემბერი, 2018 • 1690
ცოლის წამებაში ბრალდებულ კაცს 7 წელი და 6 თვე მიუსაჯეს – პროკურატურა
პროკურატურის ინფორმაციით, კაცი, რომელსაც ცოლის წამებასა და მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში სდებდნენ ბრალს, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, 2018 წლის 14 თებერვალს, მარნეულის რაიონში,  მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა იმის გამო, რომ  მეუღლემ მას დროულად არ მიუტანა საჭმელი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით სცემა მას, ხოლო, როდესაც დაზარალებული  წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იგი იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა. ამ დროს კაცმა ქალის წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა.

ქალი შებოჭილ მდგომარეობაში დაახლოებით ოთხი საათი იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში, გ.გ. მას ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 17 თებერვალს დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) წარუდგინა.კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი