ახალი ამბებისამართალი

განჩინება: ტაქსისტებს შორის მგზავრებზე დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა

13 ნოემბერი, 2018 • 6915
განჩინება: ტაქსისტებს შორის მგზავრებზე დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა

2016 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსისტებს შორის კონკურენციის გამო დაწყებული კონფლიქტი ერთ-ერთის მკვლელობით დასრულდა.

კერძო ტაქსის მძღოლი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ევროპის ქუჩაზე საკუთარი ავტომობილით სხვა ტაქსისტებისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ამ შემთხვევიდან ორ წელზე მეტია გასული, ხოლო საბოლოო განაჩენი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს გამოიტანა. უზენაესმა დაუშვებლად მიიჩნია დაცვის მხარის სარჩელი და სააპელაციოს განაჩენი გაიზიარა.

ნეტგაზეთმა აღნიშნულ საქმეზე ნახა უზენაესი სასამართლო განჩინება, რომლის მიხედვითაც, განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ ტაქსის მძღოლს (ნ.ვ.) 10 წლით პატიმრობა მიესაჯა.

კონფლიქტი კონკურენციის გამო და ტაქსისტების სასიკვდილო რბოლა

როგორც სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ირკვევა, 2016 წლის 11 ივნისს, გამთენიისას, ევროპის ქუჩაზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მგზავრთა მომსახურების მიზნით, კუთვნილი ავტომობილებით იმყოფებოდნენ ტაქსის მძღოლები – ა.თ., ზ.ჯ., კ.კ., ნ.ვ. და ამ უკანასკნელის შვილი გ.ვ. ხსენებული პირები მიიჩნევდნენ, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე მყოფი მგზავრები თვითონ უნდა გადაეყვანათ და ხელს უშლიდნენ სხვა ტაქსის მძღოლებს მგზავრთა მომსახურებაში.

იმავე დღეს, დაახლოებით 04:30 საათზე, კერძო ტაქსის მძღოლმა ვ.გ-მ თავისი “ფოლკსვაგენ გოლფის” მოდელის ავტომანქანით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიიყვანა მგზავრი.

ე.წ. ადგილობრივმა ტაქსის მძღოლებმა ზ.ჯ-მ და კ.კ-მ აეროპორტში მისულ კერძო ტაქსის მძღოლ ვ.გ-ს აეროპორტის ტერიტორიაზე მგზავრთა მომსახურება აუკრძალეს, რის გამოც მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. აღნიშნულ ინციდენტს შეესწრო ნ.ვ., რომელიც იქვე თავისი “მერსედესის” მარკის ავტომანქანით ნელი სვლით გადაადგილდებოდა. ამავდროულად, კონფლიქტის შესახებ ცნობილი გახდა ა.თ-სა და გ.ვ-სთვის.

აღნიშნულის შემდეგ ვ.გ. შეეცადა, გასცლოდა კონფლიქტის ადგილს, რის გამოც თავისი ავტომანქანით სწრაფი სვლით გაემართა ევროპის ქუჩაზე, კახეთის გზატკეცილის მიმართულებით. ამ დროს მას დაედევნა ნ.ვ. კუთვნილი ავტომანქანით. ვ.გ-ს ასევე ავტომანქანით დაედევნა ა.თ., ზ.ჯ-ხთან, კ.კ-სთან და გ.ვ-სთან ერთად.

ნ.ვ. და ა.თ. ავტომობილებით ცდილობდნენ ვ.გ-ს შეჩერებას, რასაც ვერ ახერხებდნენ. ვ.გ. სწრაფი სვლით განაგრძობდა გადაადგილებას კახეთის გზატკეცილის მიმართულებით. ევროპის ქუჩაზე არსებული №40 გარე განათების ბოძის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ.ვ-მ სწრაფი სვლით მიმავალი ვ.გ-ს ავტომანქანის უკანა მარჯვენა ფრთას განზრახ, ძლიერად და მკვეთრად შეაჯახა თავისი “მერსედესის” მარკის ავტომანქანის წინა მარცხენა ნაწილი. შეჯახების შედეგად ვ.გ-ს ავტომანქანამ დაკარგა კოორდინაცია, დატრიალდა და გადავარდა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს არსებულ დაღმართში.

ვ.გ-მ მიიღო სხეულის ბლაგვი, შერწყმული ტრავმა ჩონჩხის ძვლების მოტეხილობებითა და შინაგანი ორგანოების დაზიანებით, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა, მისი ავტომობილი “ფოლკსვაგენ გოლფი” კი მნიშვნელოვნად დაზიანდა, რითაც დაზარალებულს მიადგა 2 200 ლარის მატერიალური ზიანი. ნ.ვ. კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

სასამართლოს გადაწყვეტილებები

2017 წლის 20 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნ.ვ. დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა: სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. კანონის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ.ვ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა 2016 წლის 17 დეკემბრიდან, ანუ დაკავების დღიდან დაეწყო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც განაჩენის გაუქმებასა და ნ.ვ-ს გამართლებას ითხოვდა.

2018 წლის 26 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება. კერძოდ, სააპელაციომ ბრალდებული კვლავ დამნაშავედ მიიჩნია, თუმცა 12-წლიანი პატიმრობა 10-წლიანი პატიმრობით შეუცვალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ. პროკურორი გოჩა ქორაია ნ.ვ-სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას ითხოვდა, ხოლო მსჯავრდებულ ნ.ვ-ს ადვოკატები საკასაციო საჩივრით ამჯერად უკვე მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ნ.ვ-ს გამართლებას მოითხოვდნენ.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა დაიშვას განსახილველად.

საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. განჩინებაში ვკითხულობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნებით, უტყუარად დასტურდება, რომ ნ.ვ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, 2016 წლის 11 ივნისს, გამთენიისას, ვ.გ. თ-ს საერთაშორისო აეროპორტში დატოვა მგზავრი. იქ მყოფმა ე.წ. ადგილობრივმა ტაქსის მძღოლებმა მას აუკრძალეს აეროპორტის ტერიტორიაზე მგზავრთა მომსახურება, რის გამოც მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და სწორედ აღნიშნულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა ვ.გ-ს სიკვდილი. შემთხვევის შედეგად ვ.გ-ს ავტომანქანის დაზიანების ფაქტი დადასტურებულია, ხოლო სასაქონლო ექსპერტიზის №1751/ს დასკვნის თანახმად, მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს – 2200 ლარს.

რაც შეეხება პროკურორის საჩივარს, რომელიც მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომის გამკაცრებას ითხოვდა, საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ 10-წლიანი საპატიმრო სასჯელი ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულს შეესაბამებოდა.

უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც პროკურორისა და არც ბრალდებულების ადვოკატების საჩივრები და საქმე დასაშვებად არ ცნო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მისჯილი 10-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი