ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო: ნორვეგიის საელჩოს დახურვა ჩვენს სინანულს არ იწვევს

13 ნოემბერი, 2018 • 1488
ბაქო: ნორვეგიის საელჩოს დახურვა ჩვენს სინანულს არ იწვევს

“ნებისმიერი ქვეყანა საელჩოს დახურვის თუ გახსნის გადაწყვეტილებას საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იღებს. ნორვეგიის საელჩოს საქმიანობის შეწყვეტა იმ ქვეყნის პირადი საქმეა. ეს არის რიგითი შემთხვევა და ჩვენს სინანულს არ იწვევს”, – ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჰიქმეთ გაჯიევი.

ამასთან, მან გააკრიტიკა აზერბაიჯანში ნორვეგიის საელჩოს და ელჩის, სტეინარ ჰილის საქმიანობა.

“ელჩს და დიპლომატებს დიპლომატია აერიათ არასამთავრობო ორგანიზაციიის საქმიანობასთან. წინა წლებში სტეინარ ჰილი არღვევდა დიპლომატიურ პროტოკოლს და ვენის კონვენციას, რითაც დიდი დარტყმა მიაყენა აზერბაიჯანისა და ნორვეგიის კავშირებს. ესაა პირი, რომელსაც ჰქონდა ელჩის სტატუსი და ცდილობდა აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩარევას, ნაცვლად იმისა, რომ ორმხრივი საკითხებით დაკავებულიყო. მონაწილეობდა სხვადასხვა მიტინგში და მსგავსი ტიპის არალეგიტიმურ საქმიანობას ეწეოდა”.

9 ნოემბერს ნორვეგიამ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანში საელჩოს დახურვისა და მისი საქართველოში გახსნის შესახებ. თავდაპირველად ბაქომ განაცხადა, რომ საპასუხოდ არ დახურავდა აზერბაიჯანის საელჩოს შვედეთში. თუმცა გადაწვყეტილება მალევე შეიცვალა და განაცხადა, რომ დახურავს საელჩოს შვედეთში და, ამავდროულად, ნორვეგიაში და ფინეთში.

ილჰამ ალიევმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას შვედეთიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან აზერბაიჯანის ელჩის ადიშ მამედოვის გაწვევის შესახებ.

 

ჰიქმეთ გაჯიევი; ფოტო: oxu.az

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი