ახალი ამბები

მხარდაჭერას ვუცხადებთ ქალებს, ვისი უფლებების დაირღვა — CiDa დევდარიანის საქმეზე

12 ნოემბერი, 2018 • 1222
მხარდაჭერას ვუცხადებთ ქალებს, ვისი უფლებების დაირღვა — CiDa დევდარიანის საქმეზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ ეხმაურება მათი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის მისამართით სახალხო დამცველის მიერ სამ საქმეზე სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენას;

სიდა “სამწუხარო და მიუღებელს” უწოდებს დასკვნაში აღწერილ შემთხვევებს და “სრულ მხარდაჭერას უცხადებს იმ ქალებს, ვისი უფლებებიც დაირღვა”.

“აქვე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზვიად დევდარიანი აღარ მუშაობს სიდაში და არ აქვს  კავშირი ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან 2018 წლის მარტიდან”, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველმა შეისწავლა ზვიად დევდარიანის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებები, მოუსმინა ბრალდების ადრესატსაც და დაადგინა, რომ ზვიად დევდარიანმა ქალები შეავიწროვა სექსუალურად – განაცხადეს 2 ნოემბერს არასამთავრობო ორგზანიზაციებმა — “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) და “პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის” (PHR).

სწორედ ეს ორგანიზაციები იცავდნენ იმ ქალებს, ვინც დევდარიანის საქმეში ფიგურირებენ, და, შესაბამისად, ომბუდსმენმა საქმის შესწავლის შედეგები მათ გაუგზავნა.

სიდას განცხადებით, ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ “განსაკუთრებული პასუხისმგებლობა” აკისრიათ, დაიცვან თანამშრომლები, ბენეფიციარები, და სხვა დაინტერესებული მხარეები სექსუალური შევიწროებისგან და სხვა სახის ძალადობისგან.

“სწორედ ამიტომ, სიდამ გადადგა დამატებითი ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო დაეხვეწა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა პოლიტიკა და საჩივრის მექანიზმი; გადაამზადა თითოეული თანამშრომელი აღნიშნული მიმართულებით; ასევე, გააძლიერა მუშაობა ორგანიზაციის პარტნიორებთან სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით”.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ისინი აგრძელებენ “აქტიურ მუშაობას ქალთა გაძლიერების თემაზე და ღიაა ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობისთვის”.

ომბუდსმენმა დაადგინა, რომ დევდარიანმა ქალები სექსუალურად შეავიწროვა – არასამთავრობოები

რაში ადანაშაულებენ ზვიად დევდარიანს – კონფიდენციალური ისტორიები

მასალების გადაბეჭდვის წესი