ახალი ამბები

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი მმართველი პარტიაც იბრძოლებს

13 ნოემბერი, 2018 • 1242
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი მმართველი პარტიაც იბრძოლებს

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 9 დეკემბერს არის ჩანიშნული, სომხეთის ყოფილი მმართველი, რესპუბლიკური პარტიაც მიიღებს მონაწილეობას.

რადიო თავისუფლების სომხეთის ბიუროს თანახმად, “რესპუბლიკელების” პარტიური სიის პირველი ნომერი იქნება თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარქისიანი.

“რესპუბლიკელებმა” ეს გადაწყვეტილება 11 ნოემბერს გამოაცხადეს ყოფილ პრეზიდენტთან, სერჟ სარქისიანთან 5-საათიანი შეხვედრის შემდეგ.

ჯერჯერობით უცნობია, სხვა ვინ ჰყავს პარტიას საარჩევნო სიაში გათვალისწინებული. სიას 14 ნოემბერს წარუდგენენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

ვიგენ სარქისიანის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი არ იყრის კენჭს, თუმცა პარტიის თავმჯდომარედ რჩება. იგი არც საარჩევნო კამპანიაში აპირებს ჩარევას.

სომხეთის “ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები კი აცხადებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, “რესპუბლიკელებმა” პარლამენტში ერთი ადგილის დაკავება მაინც მოახერხონ.

“რესპუბლიკელები”, რადიო თავისუფლების სომხურენოვანი სამსახურის თანახმად, შეგუებულნი არიან, რომ ფაშინიანის “სამოქალაქო კონტრაქტი” გაიმარჯვებს არჩევნებში, თუმცა ისინი მეორე ადგილს უმიზნებენ. “კონტრაქტის” ლიდერები კი ამბობენ, რომ ყოფილი მმართველი პარტია ვერც ერთ დეპუტატს ვერ შეიყვანს პარლამენტში.

სომხეთის პარლამენტს — ეროვნული ასამბლეა — 105 დეპუტატი აკომპლექტებს. პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ მანდატების გადანაწილების პროცესში ჩასართავად, კოალიციებს — 7%-იანი ბარიერის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 16 ოქტომბერს გადადგა თანამდებობიდან. ამის შემდეგ პარლამენტს, რომელსაც ჯერ ისევ ვერ აკონტროლებდა ფაშიანინი, ახალი პრემიერი უნდა დაენიშნა. თუმცა ფაშიანიანის და “რესპუბლიკელების” მოლაპარაკების შედეგად, “რესპუბლიკელებს” კანდიდატად არავინ დაუსახელებიათ, ფაშინიანი კი ორჯერ არ აირჩიეს. ამან გამოიწვია პარლამენტის ვადაზე ადრე დაშლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება — ის, რაც ფაშინიანს თავიდანვე სურდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი